რამდენიმე წელია წიგნი არ გამომიცია და ბერიას უთხარი, ტირაჟი და ჰონორარი გამიორმაგოსო. ლავრენტი მწერალს დაემუქრა, გაჩერდეს, თორემ კიდევ ერთხელ დავაპატიმრებთო, მაგრამ...
"მთელი ჩემი იდეალები დაინგრა. კერძო ცხოვრება და სიხარული აღარ შემრჩა. სრულიად უვარგისი გავხდი ამ ცხოვრებისათვის... უნივერსიტეტში არ მიშვებენ, საზღვარგარეთ წასვლის ნებას არ მაძლევენ, არც ჟურნალისა და გაზეთის გამოცემის ნებას მაძლევენ, პირზე ბოქლომი მაძევს, ხელ-ფეხი შეკრული მაქვს. მარტო ვარ მილეთის მტრების წინააღმდეგ... ათასწილად მირჩევნია ციხეში ვყავდეთ. მინდა, გადავვარდე სადმე მოუსავლეთში, მაგრამ ვაი, რომ დავიღალე ამდენი ყიალით და გული აღარ მერჩის... ახლა ისე გამოფიტული ვარ... ძილი აღარა მაქვს, თვალები მტკივა, ნერვები აღარ მივარგა..." - სწერს კონსტანტინე გამსახურდია თავის მეუღლეს, რებეკა ვაშაძეს, 1925 წელს... და ეს მხოლოდ დასაწყისი იყო... ვისი მფარველობით შეინარჩუნა მწერალმა ფიზიკური და შემოქმედებითი სიცოცხლე - ამის შესახებ ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი სოსო სიგუა გვესაუბრება.
- 30-იან წლებში მწერალთა ერთ ჯგუფს ლავრენტი ბერიამ კომუნისტურ პარტიაში შესვლა შესთავაზა. კონსტანტინეს ხუმრობით უთქვამს: პარტიაში როგორ არ შევიდოდი, მაგრამ ვიცი, მალე გასარიცხი ვიქნებიო. ბერიას გასცინებია და ძალა არ დაუტანებია. ლავრენტი მფარველობდა კონსტანტინეს, ბევრჯერ დაეხმარა. მწერალი თბილისში მის სახლში დადიოდა, მოსკოვშიც აკითხავდა. არსებობს ბერიასთვის გაგზავნილი კონსტანტინეს წერილები. "მთვარის მოტაცების" ფინალში სწორედ ლავრენტი ბერიაა გამოყვანილი პენსნეიანი ცეკას ახალი მდივნის პერსონაჟის სახით.
- მაინც რა იყო ბატონი კონსტანტინეს მიმართ ბერიას ასეთი უჩვეულო კეთილგანწყობის მიზეზი?
- ლავრენტი აფხაზეთიდან იყო, ამ მხარეზე ზრუნავდა, ცდილობდა, იქ ქართველი მოსახლეობა შესულიყო. მაშინ აფხაზეთი სეპარატიზმის იმავე გზას ადგა, როგორც ეს დღეს ხდება. "მთვარის მოტაცება" აფხაზებზეა დაწერილი: ზვამბაიები, თარაშ ემხვარი, თამარ შერვაშიძე - ყველანი აფხაზები არიან. ბერიას უყვარდა ეს რომანი. მისი ცოლი - ნინო გეგეჭკორი მეგრელი იყო. სახლში ნინოს და ლავრენტის სასაუბრო ენა მეგრული გახლდათ. მართალია, თავად ლავრენტი წიგნებს არ კითხულობდა, მაგრამ ნინო განათლებული ქალი იყო. სამსახურიდან ღამე დაბრუნებულ ქმარს ქალი 2 წლის მანძილზე "მნათობში" დაბეჭდილ "მთვარის მოტაცებას" უკითხავდა. ლავრენტის სიამოვნებდა აფხაზური ამბების, თქმულებებისა და ლეგენდების მოსმენა - ეს საკუთარ ბავშვობას ახსენებდა. ასე რომ, რომანის მიმართ თავიდანვე კეთილგანწყობილმა ბერიამ მოგვიანებით რომანის სამ წიგნად გამოცემასა და რუსულად თარგმნის საქმეს შეუწყო ხელი.
ბერიამ კონსტანტინე დაიბარა და უთხრა, რომ რომანის განხილვა მაღალ დონეზე ჩატარდებოდა. განხილვა მწერალთა კავშირში 4 დღის მანძილზე მიმდინარეოდა. თავმჯდომარე მიხეილ ჯავახიშვილი გახლდათ. მაჩაბლის ქუჩაზე ხალხის სიმრავლის გამო ცხენოსანთა მილიცია იდგა და ხალხს ასე აკავებდა. სხდომები საღამოს 7 საათიდან ღამის 3 საათამდე გრძელდებოდა. სიტყვით გამოვიდა ყველა ცნობილი მწერალი და პოეტი, გალაკტიონ ტაბიძის გარდა. ეს იყო რომანის ტრიუმფული განხილვა, რომლის მსგავსი ქართული ლიტერატურის ისტორიაში არ ყოფილა. ეს ყველაფერი კი ბერიას მიერ გახლდათ სანქცირებული. როცა კონსტანტინე მოსკოვში ჩავიდოდა, ამის შესახებ ყოველთვის ატყობინებდა ბერიას. მწერალს კონკრეტულ დათმობებზე წასვლა უწევდა, რადგან სხვანაირად, ბერიაც ვერ შეძლებდა მის გადარჩენას. გარდა ამისა, სტალინმაც და ბერიამაც კარგად იცოდნენ მწერლის ფასი, მათ სწორედ ცნობილი მწერლების დითირამბები აინტერესებდათ, თორემ უნიჭოები ძალდატანების გარეშეც წერდნენ მსგავს დითირამბებს სტალინზე. მათ ივანე ჯავახიშვილის, სიმონ ჯანაშიას, მიხეილ ჯავახიშვილისა და კონსტანტინე გამსახურდიას მსგავსი ადამიანები აინტერესებდათ. ამიტომ იყო კონსტანტინე მუდმივი თვალთვალის, დევნის, შესწავლისა და კრიტიკის ობიექტი, რათა მისი დიდი ნიჭი და განათლება სასურველი კუთხით წარემართათ. მისი წიგნები მხოლოდ ცეკას ნებართვით იბეჭდებოდა. ... განაგრძეთ კითხვა