"ლადო მამას ხელში ჩააკვდა" - თამაზი ფილმიდან "კუკარაჩა"

"ლადო მამას ხელში ჩააკვდა" - თამაზი ფილმიდან "კუკარაჩა"

სტატია არქივიდან:

...ალბათ ყველას გახსოვთ პატარა ბიჭი - თამაზი ფილმიდან "კუკარაჩა", ამჯერად სწორედ ეს ბიჭი უნდა გაგახსენოთ, უფრო ზუსტად, მისი როლის შემსრულებელი ლადო ტატიშვილი. ლადო დღეს ცოცხალი აღარ არის, შესაბამისად, სტატიაც ისევე სევდიანი გამოვიდა, როგორც რეჟისორების - სიკო და ქეთი დოლიძეების ფილმი - "კუკარაჩა". ეკრანული დედის, დეიდა ანიკოს ერთადერთი ვაჟი ცხოვრებაშიც დედისერთა იყო და თავისი ასევე ერთადერთი ვაჟის, მისივე სეხნია ლადოს დაბადებასაც ვერ მოესწრო - საქართველოს სამოქალაქო ომში დაიღუპა.

ლადოს დედას, ქალბატონ ტომა მამალაძეს რომ ვეწვიე, ინტერვიუსგან თავი შეიკავა, ძალიან მიმძიმს იმ დღის გახსენება, ფიქრს რომ ვიწყებ, მერე ღამეებს ვათენებო. თუმცა ფოტოების შერჩევისას ორი სიტყვით მიამბო ლადოზე:

- საქართველოში სამოქალაქო ომი რომ მიმდინარეობდა, ლადო სწორედ მაშინ ამთავრებდა სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტს. 1992 წელს, თბილისის ბრძოლები რომ დასრულდა და დასავლეთ საქართველოსკენ გადაინაცვლეს, ლადომ თავის მეგობრებთან ერთად სამტრედიაში წასვლა მოინდომა. კინაღამ გავგიჟდი, ვკიოდი, არსად გაგიშვებ-მეთქი, მაგრამ რადგან არ იშლიდა, მეუღლემ დამამშვიდა, ჩემი მანქანით წავიყვან, გვერდით ვეყოლებიო. იქნებ, ამ მანქანით რომ არ ყოფილიყვნენ და სხვა ბიჭებთან ერთად წასულიყო, მათთვის არც ესროლათ.

ლადო მამასთან ერთად

ჩასვლისთანავე ქართველმა სნაიპერმა დაუცხრილა მანქანა. მერე კი ყვიროდნენ, გაჩერდითო, მაგრამ უკვე გვიანი იყო. მხოლოდ ლადო დაიღუპა, ხელში ჩააკვდა მამას, რომელიც ასევე დაჭრილი იყო.

მეუღლე 5 თვის შემდეგ გარდაიცვალა. დილით ვიპოვე აქ, მისაღებ ოთახში, წაქცეული. 48 წლის გახლდათ. მას შემდეგ 24 წელიწადი გავიდა. დიდი დროა, არა? უკვე 70 წლის ვარ, ჩემი შვილიშვილი, ლადო-უმცროსი კი - 24-ის. მამას ვერ მოესწრო, იმ პერიოდში ჩემი რძალი - ლადოს მეუღლე ფეხმძიმედ იყო მასზე. ახლა ჩემი შვილიშვილი მოსკოვში ცხოვრობს, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა და ბანკში მუშაობს. ვის ჰგავს? - მამასავით შავთვალაა, ისე კი, ორივეს ჰგავს, ლადოსაც და ქეთისაც, ჩემს რძალს. თბილისში ჩამოდის ხოლმე, შარშანაც იყო. ჯერჯერობით ცოლის შერთვას არ აპირებს, უფრო სამსახურეობრივ წინსვლაზე ფიქრობს.

დაწვრილებით კი ლადოზე "დეიდა ანიკომ" - მსახიობმა მარი ჯანაშიამ გვიამბო:

- ხომ გახსოვთ, როგორც ამთავრებს ნოდარ დუმბაძე "კუკარაჩას": მე უკვე 40-ს გადაცილებული კაცი ვიყავი, სიზმარში ვნახე კუკარაჩა, ის კვლავ 21-22 წლის ბიჭი იყო, კვლავ მარიგებდა და ჭკუას მასწავლიდაო? დაახლოებით იგივე შეგრძნება მაქვს ლადოსთან დაკავშირებით: მე უკვე ამხელა ვარ, შვილიშვილები მყავს და ლადუნა ჩემთვის ისევ ის პატარა, 10-11 წლის ბიჭია!

ასე მგონია, არ შეიძლებოდა, ლადო ამ ფილმში არ მოხვედრილიყო, რადგან თითქოს მართლა თამაზი იყო - ფილმის გმირი, არაჩვეულებრივად ცოცხალი, სიკეთით სავსე, ძალიან ზრდილობიანი და ცოტათი ცელქი ბავშვი. რასაკვირველია, ქეთი დოლიძის დამსახურებაა მისი შერჩევა. ლადოს დედა, ქალბატონი ტომა მამალაძე კინოსტუდიაში კოსტიუმების მხატვარი იყო და ალბათ ქეთიც იცნობდა ლადოს.

იცით, როგორ შევხვდით მე და ლადო? ქეთიმ გაგვაცნო ერთმანეთს და გვითხრა: ეს არის შენი შვილი - ლადო, ეს კი არის დედაშენი - ქალბატონი მარინა. იმ წამსვე ვიგრძენი, რომ ჩვენს შორის გაჩნდა წარმოუდგენელი სიახლოვე, რომელიც სწორედ დედაშვილს აკავშირებს და სახელს ვერ უწოდებ. ისეთი ახლობელი და მართლა შვილივით გახდა ლადო ჩემთვის, რომ მერე, გადაღებებზე თითქმის მისი თანატოლი ჩემი შვილიც მიმყავდა ხოლმე და ეს ორი პატარა ადამიანი ძალიან შეეთვისა ერთმანეთს. ასე რომ, ლადო მართლა ჩემი ნაწილი იყო. აქედან გამომდინარე, "კუკარაჩა" ჩემთვის ერთდროულად უსაყვარლესი და ძალიან დიდი ტკივილის მატარებელი ფილმია. ლადოს დაღუპვის ამბავიც უცნაურად გავიგე. იმდენად დაკავებული ვარ, ტელევიზორს რადიოსავით უფრო ვუსმენ, ვიდრე - ვუყურებ. სამოქალაქო ომი იყო. წამდაუწუმ ვიღაც იღუპებოდა, იმ დღესაც გავდი-გამოვდიოდი, ვსაქმიანობდი, ტელევიზორი ჩართული მქონდა და უცებ ჩამესმა ტრაგიკული ტექსტი, რომ მამის თვალწინ დაიღუპა ახალგაზრდა ბიჭი. ჩემთვის ჩავილაპარაკე კიდეც, ღმერთო, რა საშინელებაა, როდის უნდა მოეღოს ბოლო ამ სულელურ, უაზრო ომს, როდის უნდა დასრულდეს ეს უბედურება-მეთქი. ახსენეს ლადო ტატიშვილი, მაგრამ არ მივაქციე ყურადღება - ჩანს, ტვინის რომელიღაც მონაკვეთი აპროტესტებდა და არ იღებდა ამ ინფორმაციას. დიქტორი განაგრძობდა:... განაგრძეთ კითხვა