დამკრძალავი ბიუროების თანამშრომლები სარიტუალო მომსახურების სფეროში არალეგალურ საქმიანობაზე საუბრობენ. 112-ის შენობასთან მათ დღეს საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეთა თქმით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები, იმ შემთხვევაში თუ დაფიქსირდა ადამიანის გარდაცვალება, კანონის გვერდის ავლით, კონკრეტულ დამკრძალავ ბიუროებს ნაცნობობით აგებინებენ გარდაცვალების შესახებ, რის შემდეგაც, აქციის მონაწილეთა თქმით, იკვრება ვიწრო წრე, ხოლო სხვა დამკრძალავი ბიუროს თანამშრომლები საქმიანობის გარეშე რჩებიან. გარდა ამისა, დამკრძალავი ბიუროს თანმშრომლების თქმით, მათ უკმაყოფილებას ასევე იწვევს საავადმყოფოს დაცვის თანაშრომლების მოქმედებაც.
"საავადმყოფოს დაცვის თანამშრომლები, იმ შემთხვევაში თუ ვინმე გარდაიცვლება საავადმყოფოში, ჩუმად მიდიან გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან და სთავაზობენ სარიტუალო მომსახურებას. ეს დაცვის თანამშრომლები წილში არიან დამკრძალავ ბიუროსთან. შესაბამისად, ხდება მხოლოდ რამდენიმე დამკრძალავი ბიუროს დასაქმება და ჩვენი არათანაბრ პირობებში ჩაყენება", - აცხადებენ დამკრძალავი ბიუროს თანამშრომლები.
აქციის მონაწილეებმა დღეს ასევე პრეტენზია გამოთქვეს თბილისის გამგეობების მისამართით. მათი თქმით, გამგეობის თანამშრომლები ადამიანებს, რომლებიც მათთან სარიტუალო მომსახურების მისაღებად მიდიან, არეგისტრირებენ როგორც სოციალურად დაუცველ პირებს და დამატებით თანხებს ართმევენ.
"მოქალაქეები გამგეობებში მიდიან სარიტუალო მომსახურების მისაღებად, მათ არეგისტრირებენ როგორც სოციალურად დაუცველებს, მომსახურების თანხას იღებენ თვითონ გამგეობის თანამშრომლები და ხდება ფულის გათეთრება", - აცხადებენ აქციის მონაწილეები.
სარიტუალო მომსახურების სფეროში დასაქმებული კომპანიების წარმომადგენლები შესაბამის სახელმწიფო უწყებებს მოუწოდებენ, შეწყდეს ბიზნესის არათანაბარ პირობებში ჩაყენება.