გიორგი კვირიკაშვილი ქართულ დიასპორას - საქართველო ყოველთვის გელოდებათ

 გიორგი კვირიკაშვილი ქართულ დიასპორას - საქართველო ყოველთვის გელოდებათ

საქართველო ყოველთვის გელოდებათ, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ლონდონში, მაცხოვრის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში შეკრებილ ქართულ დიასპორას.

საქართველოს მთავრობის მეთაური ტაძარში, ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღესთან დაკავშირებით, საზეიმო პარაკლისს დაესწრო, რომლის შემდეგ ლონდონში მცხოვრებ ქართველებს ესაუბრა.

გიორგი კვირიკაშვილმა ქართული დიასპორის წარმომადგენლებს დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ მოხარულია ლონდონში ქართული მართლმადიდებლური კულტურის კერის არსებობით.

"არის ქართველი რეჟისორის, ლევან კოღუაშვილის ასეთი ფილმი "სახლი", რომელიც მოგვითხრობს, აშშ-ში, ქართული ეკლესიის წიაღში, როგორ ნარჩუნდება ქართული ოჯახური ტრადიციები და როგორ იზრდებიან ბავშვები ქართული კულტურის ზეგავლენით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ლონდონში არსებობს ქართული მართლმადიდებლური კულტურის ასეთი კერა და არის საშუალება, ქართულმა ოჯახებმა აქ მოიყარონ თავი. საქართველო ყოველთვის გელოდებათ, თუმცა მე არ გეტყვით, რომ ყველა თქვენგანი დაბრუნებულიყოს, არ ვიცი, ეს რამდენად სწორი იქნებოდა. ბევრი თქვენგანი შეიძლება აქ ცხოვრობდეს, მაგრამ არანაკლებს აკეთებდეს თავისი ქვეყნისთვის. გვიყვარხართ ძალიან და ყოველთვის გელოდებით. ყველა თქვენს ძვირფას ადამიანს ვულოცავ დღევანდელ დღეს და ბედნიერებას ვუსურვებ", - მიმართა გიორგი კვირიკაშვილმა დიასპორის წარმომადგენლებს.

პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ბიზნესმენ თამაზ სომხიშვილს, რომელმაც ტაძარი შეისყიდა და საქართველოს საპატრიარქოს გადასცა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ეს არის დიდი საჩუქარი საქართველოსთვის, რაც ბიზნესმენის მხრიდან ქველმოქმედების ერთადერთი მაგალითი არ არის.

საზეიმო პარაკლისის დასრულების შემდეგ, პრემიერი დიასპორის წარმომადგენლებს არაფორმალურ გარემოში ესაუბრა და მათთვის საინტერესო ყველა კითხვას უპასუხა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."