ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე ქართულ-ამერიკული სწავლების "ღირსეული პარტნიორი 2016" გახსნის ოფიციალური ცერემონიალი გაიმართა.
სწავლება ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებლი ორკესტრის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნების შესრულებით გაიხსნა. მოწვეულმა სტუმრებმა და წვრთნებში მონაწილე სამხედროებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საბრძოლო მოქმედებებსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას.
ქართველ, ამერიკელ და ბრიტანელ სამხედროებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა, გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძე, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლას ბერლინელიმ და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩმა საქართველოში ალექსანდრა ჰოლ ჰოლიმ.
ცერემონიას დაესწრნენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე ვაზიანში იმყოფებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.
"ღირსეული პარტნიორის" გახნის ცერემონიალი საჩვენებელი სწავლებით გაგრძელდა. 120-მა ამერიკელმა სამხედრო მოსამსახურემ ამერიკული C-130 ტიპის სამხედრო თვითმფრინავებისგან საჰაერო სადესანტო ოპერაცია განახორციელეს. პარაშუტებით დესანტის გადმოსხმის შემდეგ ოცეულის დონის ქვედანაყოფმა, რომლის შემადგენლობაშიც არიან ქართველი, ამერიკელი და ბრიტანელი სამხედრო მოსამსახურეები, ობიექტზე შეტევის ამოცანა შეასრულეს, C-130 ტიპის სამხედრო თვითმფრინავიდან კი ერთი მსუბუქად შეჯავშნული სამხედრო მანქანისა და 105-მილიმეტრიანი ჰაობიცის პარაშუტით დესანტირება განხორციელდა.
ტექნიკისა და შეიარაღების ხმელეთზე დაშვების შემდეგ გაიმართა სამხედრო ჰაობიცის სამხედრო მზადყოფნაში მოყვანა და გასროლა. "ღირსეული პარტნიორის" გახნის ოფიციალური ცერემონია სწავლებაში ჩართული ამერიკული ტექნიკის M1A2 ტიპის ტანკებით და ქვეითთა საბრძოლო მანქანების ჩავლით დასრულდა.
ქართულ-ამერიკული სწავლება "ღირსეული პარტნიორი 2016" წელს საქართველოში მეორედ ტარდება. ქართულ-ამერიკულ სწავლებაში 1 300 სამხედრო მონაწილეობს, მათ შორის 500 ქართველი, 650 - აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის და 150 ბრიტანელი ჯარისკაცია.