ზემო ფონიჭალაში 22 თებერვალს მომხდარმა სასტიკმა დანაშაულმა საქართველო შეძრა. 44 წლის ნონა რომანაძე 3 წლის ქალიშვილთან მარიამთან ერთად საკუთარ სახლში განსაკუთრებული სისასტიკით მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, პატარა მარიამი ჯერ დანით მოკლეს, მერე იმ ოთახს წაუკიდეს ცეცხლი, სადაც ბავშვი იყო. დედა-შვილს დანით ათობით ჭრილობა ჰქონდათ მიყენებული.
გაზეთი "პრაიმტაიმი" შემზარავი მკვლელობის რამდენიმე ახალ ვერსიაზე წერს, მათ შორის ერთ-ერთი უკავშირდება ფონიჭალაში, დაღუპულების მეზობლად მცხოვრებ ერთ-ერთ ოჯახს. ამ ვერსიას თუ გავყვებით, მაშინ კითხვა: როგორ მოახერხა მკვლელმა სისხლიანი ტანსაცმლით ბინის დატოვება? - აღარ ჩნდება, ვინაიდან მას მამფორიების ბინაში გამოსაცვლელად თავისივე ტანსაცმელი ეგულებოდა. ამ ვერსიას საკმაოდ საფუძვლიანად მიიჩნევს ნონა რამინაძის დეიდაშვილიც, რომლისგანაც შევიტყვეთ, რომ ზემოხსენებულმა ქალბატონმა მკვლელობიდან მესამე დღეს ქვეყანა ოჯახთან ერთად დატოვა.
"ამ ქალბატონს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და ოჯახთან ერთად გერმანიაში ლტოლვილად ჩაბარებას გეგმავდა. მან ნონას რამდენიმეჯერ სთხოვა 1500 დოლარი, თუმცა ნონამ ყველა ჯერზე უარით გაისტუმრა. წინა დღეებში ამ ქალმა სახლიდან გამოატანა თავისი ტანსაცმელი, მე მაინც მივდივარ და გადაყრას მირჩევნია, შენ გაჩუქოო. ანუ ნონამ თავისი ხელით გადმოიტანა ეს ტანსაცმელი. თუ კვალი ამ ადამიანთან მიდის, შესაძლოა, მან ტანსაცმელი იქვე, ბინაში გამოიცვალა. საინტერესოა, რომ ამ ქალმაც და მისმა ოჯახმაც მკვლელობიდან მესამე დღეს ქვეყანა დატოვეს", - ამბობს გარდაცვლილის დეიდაშვილი.
ერთ-ერთი ინფორმაციით, გამოძიებამ აღნიშნული პიროვნება ქვეყნის დატოვებამდე დაკითხა, თუმცა მისი ბრალეულობის დამადასტურებელი ვერაფერი იპოვა. "ჩემი აზრით, ქალის ხელი ურევია, რადგან ნონა ძალიან ნაწვალებია, ჯერ ვაზა აქვს ჩარტყმული, მერე დანით არის დაჩეხილი. კაცი გაცილებით მარტივად მოახერხებდა ამ ყველაფერს. მე ხელს არავის ვადებ, მაგრამ ძალიან საეჭვოდ ემთხვევა ეს ყველაფერი: ტანსაცმლის ჩუქება, ფულის თხოვნა... ამბობენ, ფსიქოლოგიურად ვერ იყო კარგადო",- აცხადებს გაზეთთან საუბრისას გარდაცვლილის დეიდაშვილი.
მირიან ბოქოლიშვილი
გაზეთი "პრაიმტაიმი"