რამდენიმე დღის წინ გიორგი ვაშაძემ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" დატოვა. როგორც ვაშაძემ განაცხადა, "ნაციონალური მოძრაობისგან" ამომრჩეველი ელოდა ახალ ინიციატივებს, რაც არ განხორციელდა და პარტია დახურულ, კაბინეტურ სისტემად ჩამოყალიბდა. პოლიტიკოსის თქმით, ის ახალ პოლიტიკურ მოძრაობას ქმნის. "თბილისელებთან" ინტერვიუში ვაშაძემ პოლიტიკურ გეგმებზე ისაუბრა, მისმა მეუღლემ ქეთი სიჭინავამ კი გამოცემას გაუმხილა, თუ როგორ "გაურთულა" პოლიტიკოსმა მეუღლემ მშვიდი ცხოვრება:
"მე ძალიან მშვიდი ადამიანი ვარ, მშვიდ ოჯახში გაზრდილი. შესაბამისად, ვერ წარმოვიდგენდი, თუ ჩემი ცხოვრება ასეთი ტემპით წარიმართებოდა. ამდენი სიურპრიზი თუ გვექნებოდა გიორგის საქმიანობის წყალობით. როდესაც ცოლად გავყევი, ჩუღურეთის რაიონში მუშაობდა. მერე ხშირად მეხუმრებოდა ხოლმე: თავიდანვე როგორ ვერ მიმიხვდი, ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, მშვიდად რომ ვერ ვიცხოვრებდითო" - ამბობს ქეთი "თბილისელებთან" ინტერვიუში.
- ბოლო ორი წელი "ემიგრაციაშიც" კი მოხვდით მასთან ერთად უკრაინაში.
- ეს წლები არის ცხოვრება ჩემოდნებზე. ძალიან ბევრს დავდივართ აქეთ-იქით, ჩვენ ხასიათით კონტრასტულად განვსხვავდებით, თუმცა უკვე ვცდილობ, ფეხი ავუწყო და მის რიტმს ავყვე. ექვსი წელია, ოჯახი გვაქვს. როცა სამი პატარა შვილი გყავს, ხშირად შეიცვალო საცხოვრებელი ადგილი, ადვილი არაა, მაგრამ რას ვიზამთ?!...
- თქვენი ბიძის, ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის შესახებ მინდა გკითხოთ. იყო დრო, როდესაც ის და თქვენი მეუღლე აბსოლუტურად სხვადასვხა მხარეს იდგნენ.
- ეს ძალიან დიდ დისკომფორტს მიქმნიდა. როდესაც შენთვის ძვირფასი ადამიანები, სხვადასხვა მხარეს დგანან, იოლი არაა. ბიძაჩემი ჩვენს ქორწილსაც კი ვერ დაესწრო, რადგან სწორედ იმ დროს მოუწია იძულებით ქვეყნის დატოვება. ამას ძალიან განიცდიდა დედაჩემი, ჩვენ, მაგრამ რას შევცვლიდით? საბედნიეროდ, პოლიტიკა და განსხვავებული პოზიციები ჩვენს ოჯახში დახურული იყო. ამაზე არ ვსაუბრობდით. როგორც გიორგი, ასევე ბიძაჩემი, ტრადიციების მიმდევრები არიან და იციან, რომ ოჯახური ურთიერთობების ფასი, არაფერია. იმ სპეკულაციებს, რაც ახლა ისმის, მით უმეტეს, არ აჰყვებიან. ყველაფერს თავისი დრო აქვს - პოლიტიკას თავისი ცუდი მხარეები, მაგრამ მგონია, რაღაც ეტაპზე ეს ყველაფერი დასრულდება და ოდესმე, მშვიდი ცხოვრება გვექნება.
თამუნა სამადაშვილი
ჟურნალი "თბილისელები"