პროფესია - მონტაჟის რეჟისორი: ადამიანი, რომლის თვალითაც კადრს ვხედავთ

პროფესია - მონტაჟის რეჟისორი: ადამიანი, რომლის თვალითაც კადრს ვხედავთ

კინომატოგრაფიის ეპოქის დასაწყისში, მონტაჟური წყობისა და თანმიმდევრობის შესაქმნელად ფიზიკური შრომა იყო საჭირო. კინოფირი საჭირო ადგილებზე იჭრებოდა და დაჭრილ ნაწილებს ერთმანეთზე აწებებდნენ. ასე იყო 21-ე საუკუნის დასაწყისამდე. ფონოგრამისა და გამოსახულების ნეგატივის თანხვედრას ერთმანეთთან რეჟისორის ხელმძღვანელობით, მემონტაჟე ახორციელებდა.

დღეს, ტექნოლოგიური განვითარების ეპოქაში მემონტაჟის ფიზიკური შრომა შემცირდა. თუმცა, გაიზარდა მისი ხედვის, პროფესიონალიზმისა და გემოვნების როლი. მონტაჟის რეჟისორი - ასეთი წოდება აქვს ადამიანს, რომელიც კადრებისგან, ტექსტისგან, ადამიანებისგან და ხმისგან ქმნის გამოსახულებას, რომელსაც მილიონობით ადამიანი უყურებს.

...პირველად ტელევიზიაში 2009 წელს მოხვდა. გზა სტაჟიორიდან - მონტაჟის რეჟისორამდე სწრაფად გაიარა. ამბობს, რომ მის პროფესიაში წარმატებას შრომისმოყვარეობა, სილამაზის ხედვა და გემოვნება განსაზღვრავს. გიორგი გელაშვილი PALITRANEWS-ის მონტაჟის რეჟისორია.

"როცა ადამიანი იბადება და ახელს თვალს, პირველი რასაც ხედავს, ეს არის გამოსახულება. ჩემთვის კადრის ფასი არაფერია. ბავშვობიდან მიყვარდა ლამაზი ფერებისა და მომენტების დაფიქსირება. ტელევიზია ეს არ არის მხოლოდ ინფორმაციის წყარო, როგორც გაზეთი. ეს არის გამოსახულება. 3-წამიან კადრში შეიძლება ძალიან ბევრი ჩადო. შეიძლება ამ კადრმა სულ სხვაგან წაგიყვანოს და უთქმელად დაგაფიქროს", - გვეუბნება გიორგი.

"მედია პალიტრაში" 2013 წელს მივიდა. სხვადასხვა დროს იყო რამდენიმე გადაცემის მონტაჟის რეჟისორი, მათ შორის: "ლუპა"; "ლურჯი ვაშლი"; "ემას შოუ"; "განოს და კოტეს შოუ". დღეს  PALITRANEWS-ში რამდენიმე რუბრიკა აბარია. დაკისრებული პასუხისმგებლობის მნიშვნელობას ბოლომდე ითავისებს. სწორედ მასზეა დამოკიდებული, როგორი იქნება საბოლოოდ ეთერში გასაშვები პროდუქტი: "ყველა პრობლემა თავს შენთან იყრის. თუ ჟურნალისტმა რამე "გამაზა", ოპერატორმა საჭირო კადრი არ გადაიღო, ან ვერ ააწყო ბალანსი, ჟურნალისტს ხმის ჩაწერის დროს ხმა აუკანკალდა -  ეს ყველაფერი შენ უნდა გამოასწორო. დახატო, მოქარგო და მისცე ის სახე, რომელსაც საბოლოოდ ათასობით მაყურებული ნახავს. ამ დროს, მნიშვნელოვანია მონტაჟის რეჟისორის ხედვა და გემოვნება. შენი თვალით დანახულს, მერე საზოგადოება ნახავს. ცოტა ხნის წინ დავამონტაჟე სიუჟეტი ბავშვზე, რომელიც მოწყალების სათხოვნელად იმის გამო გადის, რომ ეტლზე მიჯაჭვული მშობლები გამოკვებოს. ჟურნალისტმა, ოპერატორმა და მე შევძელით ის, რომ ამ ბავშვს უმარავი ადამიანი დაეხმარა"

არასდროს უყურებს საათს და არ ელოდება სამუშაო დღის დასრულებას, რომ გასცდეს ტელევიზიის კედლებს. PALITRANEWS-ი გიორგი გელაშვილის ცხოვრებაში მნიშველოვან ადგილს იკავებს. "ეს არის ადგილი, სადაც გაქვს თავისუფლების შეგრძნება. გაქვს საშუალება, გამოავლინო ნიჭი და თავი კარგად იგრძნო. მე მქონდა საშუალება გამეკეთებინა არჩევანი ორ ტელევიზიას შორის. თუმცა, ზუსტად აღნიშნული მიზეზების გამო, უპირატესობა "პალიტრანიუსს" მივანიჭე. დიდი პერსპექტივა დავინახე ამ არხში. მესამე სართულიდან და 5 კვადრატული ზომის ოთახიდან 8 მონტაჟის რეჟისორმა, მე-5 სართულზე, დიდ და უახლესი ტექნიკით აღჭურვილ ოთახში გადმოვინაცვლეთ. ტელევიზია გაიზარდა და გაფართოვდა. გვაქვს 25-მდე ახალი რუბრიკა, ახალი გადაცემები და სამომოვალო გეგმები, რომლისთვისაც დაუღალავად ვმუშაობთ", - აღნიშნავს გიორგი.

ტელევიზიაში მას საკუთარი სახელით იშვიათად მიმართავენ. საყვარელი ფეხბურთელის სახელი თანამშრომლებმა მის მეტსახელად აქციეს. ბაჯოს ტელევიზიასთან ბევრი სახალისო და საინტერესო მოგონება აკავშირებს: "გადახტი და გაიყინე" - ასეთი შეჯიბრი გაიმართა მოთხილამურეებსა და სნოუბორდისტებს შორის გუდაურში. სპორტსმენები 100-მეტრიანი ტრასიდან ეშვებოდნენ და გაყინულ აუზში ხტებოდნენ. მე "პალიტრანიუსის" გადამღებ ჯგუფთან ერთად ვიყავი წასული. არ ვიღებდი, თუმცა თან GoPro კამერა მქონდა და ვიფიქრე,  მოთხილამურეების ჩამოსრიალებას ახლოდან გადავიღებ-მეთქი. დაეშვა სამი მოთხილამურე. დავდექი ახლოს, უცებ ფეხი დამისრიალდა და სპორტსმენების ნაცვლად გაყინულ აუზში მე აღმოვჩნდი. არ მქონდა თან გამოსაცვლელი ტანსაცმელი. ვინ ზედატანს მაძლევდა, ვინ - ქურთუკს, ვინ - შარვალს, აღარ მახსოვს. თუმცა, კადრი გამოვიდა ძალიან მაგარი. ჩაყვინთვიდან-ამოყვინთვამდე მთელი პროცესი იყო გადაღებული. სიუჟეტიც ძალიან კარგი გამოვიდა. იმ მომენტში ძალიან გავბრაზდი, თუმცა ახლა ეს ტკბილ მოგონებად მახსენდება".

კითხვაზე თუ რა უნდა ყველაზე მეტად მონტაჟის რეჟისორს, რომელიც საინტერესო და გემოვნებიან პროდუქტს ქმნის ტელევიზიისთვის - გიორგი დაუფიქრებლად გვპასუხობს: "საკუთარი ფილმის გადაღება. არა ისეთი, როგორსაც ხშირად იღებენ. ნარკომანიაზე, პრობლემებზე. არა, ეს იქნება სხვანაირი ფილმი. იდეას საიდუმლოდ შევინახავ, თუმცა სურვილს აუცილებლად ავიხდენ".

ეკა მელიქიძე

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია