"თავგადასავლებით სავსე ცხოვრება გაიარა ამ კაცმა..." - ქართველი არქიტექტორის ისტორია, რომელიც აშშ-ში 23-წლიანი პატიმრობის შემდეგ, შესაძლოა გაათავისუფლონ

"თავგადასავლებით სავსე ცხოვრება გაიარა ამ კაცმა..." - ქართველი არქიტექტორის ისტორია, რომელიც აშშ-ში 23-წლიანი პატიმრობის შემდეგ, შესაძლოა გაათავისუფლონ

ქართველი არქიტექტორი კოკა გეგეჭკორი, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში 23 წელი მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს, გაათავისუფლეს. კოკა გეგეჭკორი ნიუ-იორკის ცნობილ ციხეში, სინგ-სინგში 1994 წლიდან პატიმრობაში იყო იმ დანაშაულისთვის, რომელიც მისივე თქმით, მას არ ჩაუდენია. ამბობენ, რომ სასჯელს სხვის გამო იხდიდა. როდესაც ახლობლებს უკითხავთ, რატომ? უპასუხა, რომ სიყვარულის გამო. კოკა გეგეჭკორს სასჯელის სახით 23 წლიანი ან სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. გაათავისუფლებენ თუ არა პატიმრობიდან გეგეჭკორს, ეს საბოლოოდ იანვარში ჩანიშნულ სასამართლო პროცესზე გაირკვევა. რეჟისორი დავით კანდელაკი გეგეჭკორის ბავშვობის მეგობარია, უკანონოდ დაკავებული მეგობრის შესახებ მან 2007 წელს დოკუმენტური ფილმი "ამერიკა ოთხ კედელში" გადაიღო. ფილმის შექმნის და კოკა გეგეჭკორის ისტორიის შესახებ, დავით კანდელაკი AMBEBI.GE-ს თავად გვესაუბრა.

- კოკა ჩემი ბავშვობის მეგობარია. როდესაც დააკავეს და მივხვდით, შავ-ბნელ ხაფანგში იყო გაბმული, ყველაფერი ვცადეთ, თბილისში შევაგროვეთ ადვოკატის ფული, დავიწყეთ ნაცნობების ძებნა შევარდნაძის მთავრობაში, მაგრამ ვერაფერი ვუშველეთ. დარჩა ერთადერთი გზა, გადმოგვეყვანა საქართველოში, ყველა გვპირდებოდა დაგეხმარებითო, მაგრამ რეალურად არაფერი გამოდიოდა. კოკას მეგობარი ფრანგი ქალის დახმარებით გვქონდა მასთან კონტაქტი, კატალინა უვლიდა იმ პერიოდში.

ძირითადად ღამე მირეკავდა, ის პერიოდი იყო, როცა გარეთ ისროდნენ, შუქი არ გვქონდა და სიცივეში გაყინული ვიდექი ტელეფონთან და გაჩახჩახებული ამერიკიდან ითხოვდა კატალინა შველას. გვერდიდან კომიკური სანახავი იყო ეს ყველაფერი. მაშინ ვიფიქრე, მაინც არაფერი არ გამოდის, იქნებ ფილმი გადავიღო და გავაგებინო ხალხს ჩვენი მდგომარეობა-თქო. გავიდა ამასობაში ბევრი წელი, კინოცენტრმა გამოაცხადა კონკურსი, მივიღე მონაწილეობა ჩემი პროექტით, მოეწონათ, დაგვპირდნენ თანხას მოგცემთო, მაგრამ როგორც ქართველებს სჩვევიათ, ბოლო მომენტში არ მომცეს არაფერი და ერთ-ერთი ცნობილი რეჟისორი დააფინანსეს. ერთი წესიერი კაცი გამოჩნდა, რომელიც კონკურსის დროს არ იყო საქართველოში, მან როცა გაარჩია პროექტები, გაბრაზდა, კონკურსის პირობების მიხედვით ორი პროექტი უნდა დაფინანსებულიყო, მაგრამ ერთი დააფინანსეს და კინოცენტრის ხელმძღვანელმა მითხრა, 8000 დოლარს მოგცემთ, დანარჩენს თუ იშოვიო. მოვიყვანე, ვაჩვენე კამერა, კომპიუტერი, დარწმუნდა ჰაერზე რომ არ ვლაპარაკობდი და წავედი ამერიკაში. იმედი მქონდა, უცბად გადავიღებდი ფილმს, მაქსიმუმ ერთ თვეში, მაგრამ ბიუროკრატიის გამო 6 თვე დავრჩი ამერიკაში. იქაურ ეკლესიაში აღმოჩნდნენ კეთილი ადამიანები, ისინი დამეხმარნენ, მაგათ ხარჯზე ვცხოვრობდი, ჩემი მეგობრებიც მეხმარებოდნენ და მივიყვანე ბოლომდე ფილმი.

- ფილმში არის სატელეფონო საუბარი კოკასთან, როგორ მოახერხეთ მისი ჩაწერა ციხიდან?

- ფაქტობრივად, არალეგალურად ჩავწერე კოკა. ამერიკაში არის ინსტანცია, რომელსაც მისცემ კონკრეტულ ნომერს, სადაც უნდა დაგიკავშირდეს პატიმარი, შენ იხდი თანხას, შემდეგ ამას განიხილავს სპეციალური ჯგუფი და ან გაქვს პატიმართან საუბრის უფლება, ან არა. ამ ნებართვის მისაღებად 6 თვე დამჭირდა. ფაქტობრივად, კუსტარულად ჩავწერე კოკა, როცა მირეკავდა, მე მაგნიტოფონზე მქონდა მიერთებული ტელეფონი და ასე ვწერდი. მკაცრი რეჟიმის ციხეა, იქ ვერაფერს ვერ შეიტან, ერთხელ ფანქარი მიპოვეს და ამის გამო ლამის საერთოდ ამიკრძალეს მის სანახავად ციხეში მისვლა. საბოლოო ჯამში გადავიღე ფილმი, გავაგებინე ხალხს, რომ აქ ისე არ არის როგორც გგონიათ-თქო და ამ მიზანს მივაღწიე. ამის მერე დაიწყო მოძრაობები. მხატვრებმა ფონდი შექმნეს, 40 ნახატი შემოგვწირეს, ნიუ-იორკში ადვოკატი ავიყვანეთ. მაგრამ საბოლოოდ მთავრობას უნდა მიეღო გადაწყვეტილება. ამერიკელები იმ შემთხვევაში იქნებოდნენ თანახმა გადმოცემაზე, თუ იგივე სასჯელი იქნებოდა საქართველოში. მაგრამ საქართველოში ასეთი კანონი არ არის. გიგა ბოკერია და წინა მთავრობის თითქმის ყველა მაღალჩინოსანი იყო ჩართული. მაგრამ კანონში უნდა შეეტანათ ეს პატარა ცვლილება და ეს არ გააკეთა იმ მთავრობამ. მერე ომი დაიწყო. საერთოდ დავავიწყდით ყველას. მერე ეს მთავრობა დაგვპირდა, კანონს გამოვცვლითო, მაგრამ... ამათ საერთოდ ტელეფონზეც არ გვიპასუხეს. რთულია ადამიანს იმედს რომ გაუჩენ და ვერაფერს მოახერხებ. ამასობაში დრო გავიდა, ბევრმა ხალხმა გაიგო კოკას შესახებ, ჩადიოდნენ, წერილებს წერდნენ... ასე გავიდა 23 წელი.

- რატომ წავიდა ამერიკაში?

- ამერიკაში პოლიტიკური დევნის გამო წავიდა. გამსახურდიას მთავრობა როცა გადატრიალდა, იმ პერიოდში შევარდნაძის სამხედრო საბჭომ აიძულა ქვეყნიდან წასვლა. უთხრეს, თუ არ გინდა უსიამოვნებები გქონდეს, წადიო და კოკაც წავიდა.

- რატომ დევნიდა სამხედრო საბჭო, ამბობენ რომ მხედრიონელი იყო?

- "თეთრი გიორგის" ფორმირების წევრი იყო, რომელიც ცხინვალში იბრძოდა. ის მხედრიონელი არ ყოფილა. "მხედრიონის" ჩამოყალიბების დროს წესებზე ვერ შეთანხმდნენ ჯაბა იოსელიანთან და ცალკე წამოვიდნენ. ჯაბა მათ თავის მტრებად თვლიდა. შემდეგ დაჭრეს და ვერ მიიღო სამოქალაქო ომში მონაწილეობა. წართმეული ჰქონდა ფეხები. ეს სახელმწიფო ვალშია ამ კაცის წინაშე, რადგან ის იძულებით წავიდა ქვეყნიდან. თავდაპირველად მოსკოვში ჩავიდა ამერიკის ვიზის მისაღებად, მაგრამ არ მისცეს ვიზა და იჯდა სასტუმროში. მერე მიამბო, სასტუმროს ნომრის კარი ღია მქონდა, ვიღაც შემოვიდა ოთახში და ქართული აქცენტით მითხრა "იზვინიტეო", რომ მიიხედა უკან, ჩვენი მეგობარი აღმოჩნდა ის კაცი. უთხრა, ამერიკაში მივდიოდი ჯგუფთან ერთად, ვიზა მომცეს, მაგრამ ტურისტული ჯგუფის ხელმძღვანელმა თანხა მოიპარა და დაიკარგაო. კოკას ფული ჰქონდა, იმას ვიზა ჰქონდა. გაცვალეს საბუთები. სათვალიანი ბიჭი იყო ჩვენი მეგობარი, კოკამ გაიკეთა სათვალე და სხვისი საბუთებით ჯერ "კაგებეს" შემოწმება გაიარა, შემდეგ ამერიკის სასაზღვრო დეპარტამენტის შემოწმება გაიარა და შევიდა ამერიკაში. შემდეგ აქედან გავუგზავნეთ პასპორტი, საბუთებს აგროვებდა, მისი ყოფილი ცოლი დახვდა იქ, რომელიც დაეხმარა სამსახურის პოვნაში, მაგრამ ერთ წელიწადში დააკავეს. 23 წელი ან სამუდამო პატიმრობა ეკუთვნის სასჯელის სახით, ჯერ კიდევ მიდის სასამართლო განხილვა და თუ მოუხსნეს სამუდამო პატიმრობა, შემდეგ სხვა ციხეში გადაიყვანენ, სადაც საზღვრის უკანონო გადაკვეთის გამო იხდიან სასჯელს.

- რა ვითარებაში მოხდა მკვლელობა, რომელსაც კოკა არ აღიარებს?

- ერთი წლის წასული იყო, ამერიკაში როცა დააკავეს. ის მივიდა თავის სამსახურში და ზუსტად 5 წუთში პუერტო რიკოელმა თანამშრომელმა პოლიცია მოიყვანა. ერთ-ერთ ოთახში აღმოაჩინეს გარდაცვლილი სპორტსმენი, ვისი მკვლელობის გამოც კოკა სასჯელს იხდის. ეს პუერტო რიკოელი ვეძებეთ და ვერსად ვიპოვეთ. ის ნასამართლევი იყო, მას თუ ვიპოვიდი, ადვილი იქნებოდა სიმართლის დადგენა, მაგრამ ვეღარ ვიპოვე. ეს პერიოდი იმ ეტაპს დაემთხვა, როცა რუსეთის მაფია ბრაიტონში და ბრუკლინში გადადიოდა. ხოცავდნენ ხალხს. მკვლელი ერთი რეისით ჩადიოდა, მოკლავდა ამერიკაში ადამიანს და მეორე რეისით რუსეთში ბრუნდებოდა. მოკლედ, რუსული მაფიის სისხლისღვრამ მასშტაბური სახე მიიღო, მერე კანონმდებლობაში შეიტანეს ცვლილება, საბჭოთა დამნაშავეს თუ დავიჭერთ, არ გავცლით სხვა ქვეყნის პატიმარზეო. ამას დაემთხვა კოკას დაკავებაც. თავიდან უთხრეს აღიარე დანაშაული და 14-წლიან პატიმრობას მოგისჯითო, მაგრამ რაც არ ჩაუდენია, იმას როგორ აღიარებდა. ასეთი თავგადასავლებით სავსე ცხოვრება გაიარა ამ კაცმა. 35 წლის იყო როცა დააკავეს, გადავთვალე 23 წელი, იმედი მქონდა სამუდამოს არ მიუსჯიდნენ. ვამბობდი 60 წლის რომ გამოვა ციხიდან, რა აზრი აქვს გამოსვლას-თქო, ახლა 60 წლის ვარ და ვხვდები რომ შეიძლება ცხოვრება თავიდან დაიწყო.

- ამბობენ, რომ ის სიყვარულის გამო მოხვდა ციხეში...

- ეგ თვითონ უნდა მოყვეს.

- ვინ არის ფრანგი ქალბატონი, რომელმაც თქვენს დოკუმენტურ ფილმშიც მიიღო მონაწილეობა?

- კატალინა იყო მხატვარი და ფოტოგრაფი. წამყვან გამოცემებთან თანამშრომლობდა. შეძლებული ოჯახი ჰყავდა. კარგი ოჯახის შვილი გახლდათ. კოკა როცა ჩავიდა ამერიკაში, მისმა მეგობარმა გააცნო ერთმანეთა. როცა დააკავეს, მის მეგობარს და კატალინას შეატყობინეს. სწორედ მათ დაიწყეს მისი დახმარება. ეს გოგო იმდენად გულიანი და ემოციური აღმოჩნდა, აღარ მოშორდა კოკას. ბოლომდე მიყვა, კოკას სიმართლის დასამტკიცებლად დღე და ღამე იბრძოდა. საოცარი ადამიანი იყო. ყველაფერი გაყიდა, რაც კი გააჩნდა. პარიზში ბინა გააქირავა. ნიუ-ირკში პატარა ოთახში გადავიდა შვილთან ერთად საცხოვრებლად. ათი წლის განმავლობაში უვლიდა. ზოგჯერ თვითონ მთელი დღის მანძილზე მხოლოდ ერთ ნაყინს ჭამდა და დანარჩენს კოკას ახარჯავდა. ამერიკაში პატიმარს აქვს უფლება, ოჯახი სადაც ცხოვრობს, ახლომდებარე ციხეში მოიხადოს სასჯელი, ამიტომ კატალინამ და კოკამ იქორწინეს. 2-3 წლის წინ გარდაიცვალა კატალინა, მას კოკასგან სამუდამო მადლობა ეკუთვნის. ვერ გადაიხდის ამ საოცარი ადამიანის ვალს.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ