საერთაშორისო მოდის კვირეული Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi დღეს იხსნება. Mercedes-Benz Fashion Week-ის ფარგლებში გაიმართება ცნობილი ქართველი და უცხოელი დიზაინერების ჩვენებები და მასტერკლასები, გამოფენები რამდენიმე ცნობილი დიზაინერის მუდმივმოქმედი ექსპოზიციით, იმუშავებს 2 შოურუმი. კვირეულს სპეციალური სტუმრის სტატუსით სტუმრობენ ლეგენდარული დიზაინერი Herve Leger, ჰელმუტ ნიუტონის მუზად ქცეული მოდელი Sylvia Gobbel, მსოფლიოს სამი ყველაზე გავლენიანი მოდის ბლოგერთა შორის დასახელებული Diane Pernet, ასევე მოდის სამყაროში ერთ-ერთი გავლენიანი ჟურნალისტი, ტელეწამყვანი, ამერიკასა და ევროპაში პოპულარული მწერალი ეველინა ხრომჩენკო.
ეველინა ხრომჩენკო - ეს სახელი ყველამ იცის, ვისაც მსოფლიო მოდასთან დაახლოება უნდა. ეველინა ხრომჩენკო წარმატებული ქალის შესანიშნავი მაგალითი და მსოფლიო მოდის სამყაროში ერთ-ერთი გავლენიანი პირია. ყოველდღიურად ეველინას რუსეთის ტელევიზიის პირველ არხზე მიჰყავს გადაცემა "მოდური განაჩენი" და რუსეთის სატელევიზიო სივრცეში რეიტინგით 25 ყველაზე პოპულარულ წამყვანთა შორის ირიცხება. ეველინამ თბილისური ვოიაჟის ამსახველი ფოტოები უკვე გამოაქვეყნა ინსტაგრამის პირად გვერდზე, რომელსაც 616 000 გამომწერი ჰყავს. ფოტოებზე ის მშრალ ხიდსა და შარდენის ქუჩაზე სეირნობს. ეველინას ფანებში დიდი ინტერესი გამოიწვია პირდაპირ ასფალტზე დალაგებულმა ანტიკვარულმა ჭურჭელმა, კომენტარებში ინტერესდებიან თუ რის შესაძენად მივიდა ტელეწამყვანი ძველმანების ბაზრობაზე. თბილისში ნამყოფი უცხოელი ტურისტები კი ეველინას არწმუნებენ, რომ ამ ადგილას მისთვის მოსაწონ ნივთს აუცილებლად შეარჩევს. ამასთან, კომენტარებში რუსი მომხმარებლები ეველინას სხვადასხვა თბილისურ რესტორანს ურჩევენ, სადაც უგემრიელესი ქართული სამზარეულოს დაგემოვნებას შეძლებს.
ასევე დაგაინტერესებთ: ეველინა ხრომჩენკო - მოდის ექსპერტი და გემოვნების არბიტრი