ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ასკანაში 7-კილომეტრიანი საგზაო მონაკვეთის რეაბილიტაცია იწყება. ასკანის გზის პროექტი მოიცავს, როგორც გზის რეაბილიტაციას, ასევე, წყალამრიდების მოწყობას, ეზოებში გადასასვლელებისა და ხიდების აღდგენას. პროექტის სავარაუდო ღირებულება 4 200 000 ლარს შეადგენს.
პროექტის დეტალები ასკანის მოსახლეობას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა - მერაბ ჭანუყვაძემ, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დონორებთან ურთიერთობისა და პროექტების მართვის სამსახურის უფროსთან - თენგიზ გოგოტიშვილთან და ამავე სამსახურის ბენეფიციარებთან ურთიერთობის სპეციალისტთან - მარიამ მარიდაშვილთან ერთად გააცნო.
თენგიზ გოგოტიშვილის თქმით, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი მუშაობს, მოქმედებს და ოპერირებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან კოორდინაციით. ევროპის საინვესტიციო ბანკმა მოგვცა გარკვეული დაფინანსება იმისთვის, რომ რეგიონებში განგვეხორციელებინა მცირე ზომის მუნიციპალური ხასიათის პროექტები.