ახალგაზრდა მომღერალი ლიზა ყენია, მთელი ცხოვრება უყურებს დედას, მაია ჯაბუას, როგორ მღერის სცენაზე, მაგრამ პირველად მაშინ ინერვიულა, როცა მას ვარსკვლავი გაუხსნეს. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, რომ სოლო კონცერტს თავად ატარებდა,
დედა კი შვილის გამოსვლებს პროექტში "ცეკვავენ ვარსკვლავები" მშვიდად ადევნებს თვალს. საკუთარი გამოცდილებით იცის, რომ ეს ლიზას ბევრ რამეს ასწავლის, მათ შორის კულისების ცხოვრებას, ადამიანებთან ურთიერთობას. ლიზა და მაია ჟურნალ "სარკეს" ესაუბრნენ.
- როგორი დედაშვილობა გაქვთ?
მაია: ლიზა ჩემზე ბევრად თბილი ადამიანია, უნარი აქვს ემოციის გამოხატვის - სიხარულის, წყენის. მე ჩემს ემოციებს ვფარავ და ჩვენ ამით ვავსებთ ერთმანეთს. ლიზა სულ მეფერება, მე სულ ვაკონტროლებ ემოციებს.
შვილების მიმართ განსაკუთრებულად ყურადღებიანი ვარ. იმას არ ვგულისხმობ, რომ დავდევ და სადღაც ბუჩქებიდან ვუთვალთვალებ, მაგრამ სულ მათზე ვფიქრობ. თავში სამი ნათურა მაქვს ანთებული და ერთი წამი არ არის ჩამქრალი. უნდა ვიცოდე, ვინ სად და როგორ არის.
ლიზა: ჩვენ ვეფერებით, თვითონ ზის.
მაია: ასე მეფერებიან ჩემი შვილები. ჩემგან განსხვავებით, ძალიან თბილები არიან. ვეუბნები, მე იმდენი გეფერეთ, როცა პატარები იყავით, ახლა დავიმსახურე, აქეთ მომეფეროთ-მეთქი. ძალიან მანებივრებენ და მეც ვიფერებ. ვზივარ და ეს ჩემი სამი შვილი მეფერება. კარგი ბავშვები არიან.
სულ ვამბობ, რომ მე არ ვარ ლიზას მეგობარი, მე ვარ ლიზას დედა, მაგრამ დადგება ის ასაკი და დრო, როცა მართლა მეგობრები ვიქნებით. თინეიჯერულ ასაკში ბავშვებმა უცნაური მეგობრობა იციან, როცა სჭირდებათ, მაშინ გემეგობრებიან. რა წამშიც აღარ სჭირდები, ისეთ ბარიერს აგიშენებენ, ვერ მიეკარები.
- ლიზა, მამასთან, აჩიკო ყენიასთან, როგორი ურთიერთობა გაქვთ?
ლიზა: არაჩვეულერივი მამაშვილობა გვაქვს. ის არის ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარი. მგონი, მამაჩემს უფრო მეტ რაღაცას ვუყვები, ვიდრე დედას. ძალიან მოვწონვარ პროექტში, ნერვიულობს და მქომაგობს. ყოველ ლაივზე მოდის და მიყურებს, ოღონდ ისეთ ადგილას ჯდება, ვერასდროს ვხედავ. ერთმანეთთან ძალიან ლაღი, თბილი, მეგობრული ურთიერთობა გვაქვს.
ლანა კიკნაძე
ჟურნალი "სარკე"