შარშან, 30 ნოემბერს, "პალიტრანიუსი" ეთერში ახალი ფორმატით გავიდა. ეს არის 24-საათიანი საინფორმაციო არხი, სადაც საათში ერთხელ ახალ-ახალი ამბები გადის. საინფორმაციო კოლაჟი სხარტი და მრავალფეროვანია, ამბები მსოფლიო მასშტაბით თითქმის ყველა სფეროს მოიცავს. მაყურებელს ახალი ფორმატი მოსწონს, რაზეც მათი მრავალრიცხოვანი ზარები და წერილები მიუთითებს.
როგორ იქმნება 24-საათიანი მაუწყებლობის ცხელ-ცხელი ამბები
არხს ბევრი ტელერუბრიკაც აქვს (მედიცინა, ახალი ტექნოლოგიები, კულტურა, ეკონომიკა, ინტერნეტის სიახლეები, თავისუფალი თემა, სოციალური თემები). ყოველი მათგანი სიახლეს შეიცავს. ამიტომ ამ არხზე დღის ნებისმიერ მონაკვეთში საინტერესო სიახლე გელით. ასეთი სპეციფიკა ქართულ ტელემედიაბაზარზე ჯერ არ ყოფილა და "პალიტრანიუსი" 24-საათიანი მაუწყებლობით პირველია. სწორედ ამიტომ მაყურებელმა არხს "ქართული ევრონიუსიც" შეარქვა. მაისიდან ეთერში გავა ახალი ტოქშოუ - "360 გრადუსი" აქტუალური, საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემებით. გადაცემას ეყოლება სტუმრები, იქნება დებატები. ტელევიზიის საქმიანობის ახლოს გასაცნობად მის კულისებს ვეწვიეთ.
ლექსო ნაბახტეველი, ჟურნალისტი: - კომპანიაში რამდენიმე პლატფორმაზე ვმუშაობთ: "ინტერპრესნიუსი", "პალიტრანიუსი", რადიო "პალიტრა" (ყველგან სინქრონში). ორიენტირებული ვართ სისწრაფეზე, ინფორმაციის სიზუსტესთან ერთად, ეს ჩვენი მთავარი ვალდებულებაა. მაყურებელმა ცხელი და ობიექტური ინფორმაცია დროულად რომ ნახოს, ენერგიას არ ვზოგავთ.
გიორგი ღუდუშაური, "პალიტრანიუსის" ოპერატორი: - "პალიტრანიუსის" ოპერატორი იმით გამოირჩევა, რომ არა მარტო საოპერატორო საქმიანობას, ჟურნალისტიკის საფუძვლებსაც ვფლობთ. შეიძლება ჟურნალისტი კონკრეტულ ვითარებაში ინფორმაციას "ინტერპრესნიუსისთვის" გადასცემდეს და ამ დროს რაღაც ისეთი ხდებოდეს, რომ ჩვენ მოგვიხდეს ჟურნალისტის ფუნქციის შეთავსება. ამიტომ ოპერატორებს დიდი სიამაყით ვუწოდებდი უნივერსალებს.