იაშვილის კლინიკაში რამდენიმე დღის წინ მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. შეგახსენებთ, საქმე ეხება შემთხვევას, როცა კლინიკაში სამკურნალოდ მიყვანილ ბავშვს, რომელსაც უჩვეულო ძილიანობა აღენიშნებოდა, ჩატარებული გამოკვლევებისა და ტოქსიკოლოგიური სკრინინგის შემდეგ დაუდგინეს, რომ არაფერი სჭირდა. ბავშვის ძილიანობას კი დედა იწვევდა, რომელიც შვილს დიდი რაოდენობით ძილის წამალს - დიმედროლს ასმევდა.
ფაქტი ფეისბუქის პირად გვერდზე გაასაჯაროვა ექიმმა ნესტან აბდუშელიშვილმა. მისი თქმით, რამდენიმედღიანი დაკვირვების შემდეგ იმ დასკვნამდე რომ ბავშვის ძილიანობას დედა განგებ იწვევდა, რეანიმატოლოგი გია ბიბილაშვილი მივიდა, რაც დადასტურდა კიდეც ტოქსიკოლოგიური სკრინინგის შედეგად: "დაისვა დიაგნოზი Munchausen's syndrome by proxy (მიუნჰაუზენის სინდრომი - ფსიქიკური აშლილობა, როდესაც ავადმყოფს შეუპოვრად სურს საავადმყოფოში მოხვედრა, განსაკუთრებით ქირურგიული დახმარების ჩასატარებლად, მიუხედავად იმისა, რომ არა აქვს რომელიმე დაავადების სიმპტომი) რატომ, რისთვის აძინებდა დედა შვილს, ეგ პროკურატურის საქმეა" - წერს აბდუშელიშვილი პოსტში.
როგორც AMBEBI.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე აღძრულია საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას. დედას, რომელიც საკუთარ შვილს დიდი რაოდენობით ძილის წამალს ასმევდა, ემუქრება თავისუფლების შეზღუდვა ვადით სამ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთა, ვადით ერთიდან სამ წლამდე.