ცოტა ხნის წინ მოდელმა ლენუკა ყიფშიძემ ეკა ხოფერიას შოუში ყიფშიძეების ოჯახში არსებულ ფინანსურ კრიზისზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხელოვანების პროფესიისადმი უყურადღებობამ, მათი პროექტებში ნაკლებად დაკავებამ ყიფშიძეებს სერიოზული მატერიალური პრობლემები შეუქმნა.
ლენუკას თქმით, ცდილობს ოჯახის წევრები გაამხნევოს და მსახიობ მამასა და ძმას ხელების ჩამოყრის უფლებას არ აძლევს:
"ზოგს შერცხვებოდა და არ იტყოდა. ორი თვეა სტრესშია მთელი ჩემი ოჯახი, შემოსავალი ნაკლებად არის და ყველა სათითაოდ, მამა, დედა, ძმა, მე, ჩემი შვილი, ყველა სტრესში ვართ. მე ოჯახში ყველაზე აქტიური ვარ და ვცდილობ გავამხნევო ყველა, შეეცადეთ, ყურები არ ჩამოყაროთ, ყველაფერი კარგად იქნება, პოზიტიურად შევხედოთ ყველაფერს. მამაჩემი ამაზე ძალიან ბრაზდება ხოლმე: "პოზიტიურად ვუყურებ და რა, მერე?", ამბობს. მით უმეტეს, როცა ოჯახში რვა ადამიანი ვცხოვრობთ, ბავშვები არიან, ძალიან რთულია... ბევრ ესმის ალბათ, რას ნიშნავს ოჯახში რომ ფული არ არის", - აღნიშნა ლენუკა ყიფშიძემ საუბრისას.
გაზეთი "კვირის პალიტრა" მსახიობ ზურა ყიფშიძეს ესაუბრა:
- ბატონო ზურა, "სოციუმი სჭამს ხალხს", თქვენი ფრაზაა.
- სჭამს, აბა, რას შვრება! იცი, როგორ უჭირდა ხალხს, მაგრამ ყველა ერთად ვიყავით, შინ ღუმელი გვედგა ფანჯრებში გადმოყოფილი საკვამლე მილებით... მაშინ ერთსულოვნება იყო, რომანტიზმიც კი, შეიძლება სულელური, მაგრამ მაინც...
ახლა კი თავს ვეკითხები: სულ ეს იყო ის, რაც ვნახე?! ამას ვუტოვებ შვილებსა და შვილიშვილებს?! შესაძლოა, პესიმისტი ვარ, მაგრამ პესიმისტი ხომ კარგად ინფორმირებული ოპტიმისტია... ასეთი რამეები მჭირს, ჩემმა ქალიშვილმა კი აიღო და დააბრეხვა...
ჩემს ბიჭს სულ ვეუბნები, შენთან ერთად დაზვერვაში კი არა, ლუდის საყიდლად არ წამოვალ გასტრონომში-მეთქი, უდარდელაა. გოგოსთან ერთად კი დაზვერვაშიც წავალ და საბრძოლველადაც. ნერვებს კი მიშლის, მაგრამ ერთგულია... ძაღლიც გოგო მყავს და ისიც ერთგულია. გამოდის, ქალები ძლიერები არიან... რა ძლიერი ვარ ახლა მე?! წუწუნა კაცი ვარ. ხანდახან ჯაჯღანაც.
- პოლიტიკაში მოსვლაზე თუ გიფიქრიათ?
- შემოთავაზება მქონდა, თან არაერთგზის, მერე, რომელიღაც მთავრობის დროს მიხვდნენ, რომ არ მაინტერესებდა და შემეშვნენ.
ასევე წაიკითხეთ: ზურა ყიფშიძის ოჯახი ფინანსურ კრიზისშია - "ზოგს შერცხვებოდა და არ იტყოდა..."