ინტერნეტმომხმარებელ ნესტან აბდუშელიშვილის პირად გვერდზე გამოქვეყნებულმა პოსტმა, ფეისბუქში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. საქმე ეხება იაშვილის კლინიკაში ცოტა ხნის წინ მომხდარ ფაქტს, რომელიც სოციალურ ქსელში უკვე შეაფასეს, როგორც "პროფესიონალის მიერ გახსნილი შემაძრწუნებელი კრიმინალური ისტორია":
"ბოლო წლებში ზედმეტად გახშირდა ექიმებზე აგდებული და შეურაცხმყოფელი ლაპარაკი - თუ როგორი უცოდინარი, უგულო, ფულზე გაყიდული ხალხია. მშობლები და ახლობლები აშეარებენ ღვთის იმედად დარჩენილი მომაკვდავი ბავშვების ფოტოებს. ისე "წააკლავენ" ხოლმე ექიმს ნებისმიერ პრობლემას, უკან არ მოიხედავენ. თუ ავადმყოფი გამოჯანმრთელდა - "დიდება უფალს", მაგრამ თუ საქმე ცუდად წავიდა - მიდის ექიმებზე ლაფის დასხმა.
სულ ცოტა ხნის წინ იაშვილის კლინიკის კრიტიკული მედიცინის დეპატრამენტში მოთავსდა 10 წლის ბავშვი უჩვეულო ძილიანობით. ძილი გრძელდებოდა მთელი დღე და ღამე - ირღვეოდა სასიცოცხლო ფუნქციები და თან ახლდა მხედველობითი ჰალუცინაციები. ბავშვს ჩაუტარდა მრავალმხრივი გამოკვლევა როგორც აქ, ისე ევროპაში, მაგრამ მიზეზი ვერ იქნა ნანახი.
პარალელურ რეჟიმში დედა და ნათესავენი ახდენდნენ მედპერსონალის ტერორიზებას... იყო წივილ-კივილი, რომ უცოდინარი ექიმები დიაგნოზს ვერ ადგენენ, რომ ბავშვს უკლავენ... პერიოდულად იძახებდნენ პატრულს, მოყავდათ ტელევიზიები, ხანგამოშვებით მღვდლები აკურთხევდნენ განყოფილების კედლებს, მუდმივ რეჟიმში იხდიდენენ პარაკლისებს. ეს გრძელდებოდა თვეები. აგრესიული განწყობა გადაედო სხვა მშობლებსაც. მოსაცდელებში და გასასვლელებში ხვდებოდი უძილო, გადაღლილ, დათრგუნულ ექიმებს და "სამართლიანი მრისხანებით" აღსავსე მშობლებს.
მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს "გია ექიმმა" (გულისხმობს რეანიმატოლოგ გია ბიბილაშვილს) მიაგნო ერთ უცნაურ კანონზომიერებას - ბავშვი ღრმა ძილს ეძლეოდა უშუალოდ დედის ვიზიტის შემდეგ. უჩუმრად ჩატარდა ტოქსიკოლოგიური სკრინინგი და აღმოჩნდა რომ... ამ უჩვეულო ძილს იწვევდა დედა... რომელიც შვილს "კვებავდა" დიდი რაოდენობით დიმედროლით...
დაისვა დიაგნოზი Munchausen's syndrome by proxy. რატომ, რისთვის აძინებდა დედა შვილს, ეგ პროკურატურის საქმეა. ექიმებისთვის ბოდიში არავის მოუხდია. ისე და, რა თქმა უნდა "დიდება უფალს". მაგრამ იქნებ მაინც, ექიმსაც არ აწყენდა მადლობა, ზოგჯერ კაი გრძნობაა მადლიერება" - წერს აბდუშელიშვილი პოსტში.
პოსტს უამრავი გამოხმაურება და გაზიარება მოჰყვა. ინტერნეტმომხმარებლები ცდილობენ გაარკვიონ, რამ უბიძგა დედას ასეთი გაუგონარი საქციელისკენ. AMBEBI.GE ცდილობს დაუკავშირდეს იაშვილის კლინიკას და მიიღოს მათგან ინფორმაცია აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ასევე გაარკვიოს, ნამდვილად გადაეცა თუ არა საქმე პროკურატურას.