წმინდა ცეცხლი თელ-ავივიდან თბილისში ჩამოაბრძანეს. მომლოცველებმა წმინდა ცეცხლი საქართველოში სპეციალური ჩარტერული რეისით ჩამოიტანეს. წმინდა ცეცხლს აეროპორტში სხვადასხვა ტაძრების სასულიერო პირები და მრევლი დახვდა. წმინდა ცეცხლი აეროპორტიდან ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში მიაბრძანეს, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე სააღდგომო ლიტურგიას აღავლენს.
ტაძარში იმყოფებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მთავრობის წევრები, დედაქალაქის მერი დავით ნარმანია, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და საკრებულოს წევრები.
უფლის აღდგომის ტაძარში წმინდა ცეცხლი თბილისის დროით, წელს 15:31 საათზე გადმოვიდა. იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი მაცხოვრის საფლავზე 15:26 საათზე შევიდა. მანამდე იგი სხვადასხვა კონფესიის სასულიერო პირებმა გაჩხრიკეს, მათ შორის პოლიციის წარმომადგენლებიც იყვნენ. იერუსალიმის მართლმადიდებელმა პატრიარქმა უფლის საფლავზე ზეციური ცეცხლის გადმოსვლისთვის საგანგებო ლოცვა შეასრულა.
მოციქულთა და წმინდა მამათა მოწმობით, უნივთო ცეცხლმა მაცხოვრის საფლავი ჯერ კიდევ აღდგომისას გააბრწყინა. ზეციური ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში პირველად III საუკუნეში გადმოვიდა. გადმოცემით, სააღდგომო ლიტანიობაზე კანდელში ზეთი შემოაკლდათ და პატრიარქმა ნარცისმა კურთხევა გასცა, მათში სილოამის ემბაზის წყალი ჩაესხათ. როდესაც პატრიარქის კურთხევა შეასრულეს, ზეციდან ცეცხლი გადმოვიდა და კანდელები აანთო, რომლებიც მთელი ლიტანიობის განმავლობაში არ ჩამქრალა.
წაიკითხეთ: ქრისტე აღსდგა! მაცხოვრის საფლავზე ცეცხლის გარდამოსვლის პირველი კადრები