"პატივცემული მოხუცი ჯერ ისევ სავსეა ენერგიით და სულის სიმტკიცით. ბოლოს დროს სჩივის მხოლოდ - გული როგორღაც კარგს არას მეუბნება და მეშინიან ისე არ მოვკვდე, რომ სამშობლო მიწა ვერ ვნახოვო. ყველაზე ძლიერ უფრო ის აღონებდა, რომ ვაითუ მოვკვდე და ჩემი ძვლები აქ დასტოვონ და არ დამმარხონ ჩემს საყვარელს მიწა-წყალშიო", - იწერებოდა, თურმე, სტავროპოლიდან დიმიტრი ყიფიანის ერთი ნაცნობი, მის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე. ცოტა ხნის შემდეგ კი...
1887 წლის 27 ოქტომბერს გაზეთ "ივერიის" პირველივე გვერდზე დაიბეჭდა ინფორმაცია, რომ კვირას, 25 ოქტომბერს სტავროპოლიდან მიღებული დეპეშა იუწყებოდა, ამ დილით დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანი "მოკლული ნახეს თავის სადგურში. გამოძიება სწარმოებს!" იმავე საღამოს მეორე დეპეშაც მოსულა: "გამოძიებით ჩნდება, რომ ყიფიანის გაძარცვა სდომებიათ და ამ განზრახვით მოუკლავთ". მსახიობი, რეჟისორი, დრამატურგი და კრიტიკოსი ვალერიან გუნია წერს, ბანკში მისულ ამ ამბით შეძრწუნებულ, პირმოკუმულ და წარბშეკრულ ილია ჭავჭავაძეს ჯერ ქვედა ტუჩი აუთრთოლდა, შემდეგ "ორი მსხვილი ცრემლი გადმოეწურა და ლამაზ ულვაშებზე დაენთხია. მე არასდროს არ მენახა ასეთი ჩუმი, მუნჯი და, ამავე დროს, უმაღლესად მეტყველი მწუხარებაო"...
ილია ჭავჭავაძე "ივერიის" რამდენიმე ნომერში ზედიზედ უძღვნის სტატიებს დიმიტრი ყიფიანს და კითხულობს: რა უნდოდათ, რას დახარბდნენ ბოროტმოქმედები, მის გახუნებულ და დაძველებულ ტანსაცმელს? რას მოელოდნენ ამ ღარიბი და დღემილეული კაცისგანო?! და იქვე დაურთავს: მისი - ღრმად მოხუცებულის სიმდიდრე, ხომ, ამ წუთისოფელში დარჩენილი მხოლოდ ორიოდე დღეღა იყო, თითქოს ესეც შეშურდათ და წაართვესო. ილია ჭავჭავაძე სხვა სიმდიდრეზეც ლაპარაკობს, იმაზე, რაც არც წასართმევია და არც მოსატაცებელი და რაც სწორედაც რომ ჰქონდა დიმიტრი ყიფიანს - მისი სამსახური და ღვაწლი, რომელიც "მაგარს ციხეშია და იმ ციხეს ხსოვნა ჰქვიან: ვერავინ შეამტვრევს, ვერავინ შეანგრევს"...
დიმიტრი ყიფიანი - საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, ლიტერატორი და მთარგმნელი 1814 წლის 14 აპრილს დაბადებულა და ადრევე დაობლებულს, უფროსი ძმა - ქაიხოსრო პატრონობდა. ამ უკანასკნელს იგი ჯერ თბილისის სასულიერო სემინარიაში შეუყვანია, მალევე - კეთილშობილთა სასწავლებელში. თურმე, იქ დიმიტრი ყიფიანი ნიკოლოზ ბარათაშვილთან ერთად სწავლობდა. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, ერთხანს დიმიტრი ყიფიანი თარჯიმნად მუშაობდა, მერე - თავისივე სასწავლებელში მასწავლებლად. 17 წლისა ოთხ საგანს ასწავლიდა - არითმეტიკას, გეოგრაფიას, ქართულ და რუსულ ენებს, მაგრამ პედაგოგად დიდხანს არ უმუშავია: 1832 წლის თავად-აზნაურთა შეთქმულებაში მონაწილეობისთვის, 20 წლისა ვოლოგდაში გადაასახლეს. დიმიტრი ყიფიანი საქართველოში 1837 წელს დაბრუნდა...
ამ გასაოცარი ადამიანის შუამდგომლობით დაარსდა პირველი ქართული ჟურნალი "ცისკარი", მისი ლიტერატურული მოღვაწეობა კი მთარგმნელობითი სამუშაოთი დაიწყო; დიმიტრი ყიფიანი სამეცნიერო-ისტორიულ ნაშრომებსაც წერდა საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვან საკითხებზე; თურმე, წერასთან ერთად, ხატვაც კარგად ემარჯვებოდა;
იგი გახლდათ კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი. ბევრმა არც იცის, რომ მე-19 საუკუნის 80-იან წლებში "ხვანჭკარის" წარმოებას სწორედ დიმიტრი ყიფიანმა ჩაუყარა საფუძველი. განაგრძეთ კითხვა