რატომ უნდა იყოთ ფრთხილად სამსახურის ძიებისას - "მინდა ხალხმა, განსაკუთრებით სტუდენტებმა გაიგონ, რომ ეს არის მახე"

რატომ უნდა იყოთ ფრთხილად სამსახურის ძიებისას - "მინდა ხალხმა, განსაკუთრებით სტუდენტებმა გაიგონ, რომ ეს არის მახე"

დასაქმების საიტებზე ხშირად შეხვდებით ვაკანსიებს, სადაც დასაქმებას ძირითადად სტუდენტებს სთავაზობენ გაყიდვების მენეჯერებად. მსგავსი შემოთავაზებით ქუჩაშიც არიგებენ ფლაერებს და საზოგადოებრივ ტრანსპორტში გაკრული განცხადებებიც იწვევენ დასაქმების მსურველებს. ერთი შეხედვით სამუშაო პირობები მისაღებია: არ ითხოვენ გამოცდილებას, გთავაზობენ სწავლასთან შესაბამის სამუშაო გრაფიკს. როგორც აღმოჩნდა, ასეთი კომპანიების უმეტესობის მიერ შემოთავაზებული სამსახური მხოლოდ მოჩვენებითია და რეალურად დასაქმება შეუძლებელია.

ანა ზუმბაძე ერთ-ერთია, ვინც პიარ-მენეჯერის პოზიციაზე გასაუბრებაზე მივიდა ერთ-ერთ კომპანიაში. როგორც გოგონა AMBEBI.GE-სთან საუბარში ამბობს, მას წინასწარ მოსთხოვეს გარკვეული ოდენობის თანხის გადახდა, რაც როგორც თავად ამბობს, ხელშეკრულების გადასახადს გულისხმობდა.

"ამ კომპანიაში ნაცნობის რეკომენდაციით მივედი გასაუბრებაზე. ნახეს ჩემი რეზიუმე, გაცნობითი ხასიათის შეკითხვები დამისვეს. საეჭვოა ის, რომ სავალდებულო არ არის გამოცდილება, არც უცხო ენის ცოდნა, არც კომპიუტერული პროგრამების ცოდნა, თითქმის არაფერს ითხოვენ და დასაქმებას ისე გპირდებიან. თავიდან გეუბნებიან, რომ უნდა გადაიხადო 37 ლარი და გიხსნიან, რომ ეს არის ხელშეკრულების საფასური. ზოგადად, ხელშეკრულება ბევრჯერ გამიფორმებია, მაგრამ არაფერი გადამიხდია. უკვე მეორე მისვლაზე იდებოდა სასწავლო ტრენინგის წინამდებარე ხელშეკრულება და ამ ხელშეკრულებაში გარკვევით წერია, რომ ეს არის ტრენინგის საფასური და მითითებულია, რომ ამ ტრენინგის განმავლობაში რასაც შემოგთავაზებენ, თუ დათანხმდები, მერე გაგიფორმდება შრომითი ხელშეკრულება.

გიტარებენ რამდენიმედღიან ტრენინგს. ბოლო ტრენინგზე ძალიან გარკვევით ითქვა, რომ თუ თვეში 77 ადამიანს მოვაწერინებდით ხელს ხელშეკრულებაზე, ხელფასი იქნებოდა 470 ლარი, ანუ თუ 77 ადამიანს მოტყუებით გადავახდევინებდით 37 ლარს, მივიღებდით ხელფასს", - ამბობს ანა ზუმბაძე.

მისივე თქმით, მსგავს ვაკანსიებზე დასაქმების მსურველთა უმეტესობა სტუდენტია, რომლებმაც როგორც ანა ზუმბაძე ამბობს, სიმართლე არ იციან და ასეთი კომპანიების მახეში ებმევიან: "ეს კომპანიები არალეგალურად არაფერს აკეთებენ, უბრალოდ ერთადერთი ის მინდა ხალხმა იცოდეს, რომ რეალურად ვერ დასაქმდებიან, არავინ არაფერს გაძალებს, მაგრამ გატყუებენ. თან თანხას წინასწარ იხდი და მერე ან აგიყვანენ, ან არა.

მე რომ ვიცოდი სიტუაცია, იმიტომ ვთქვი უარი. მიდიან სტუდენტები, მოსწავლეები, ან უბრალოდ 17-დან 38 წლამდე ასაკის ადამიანები დასაქმების იმედით და ხვდებათ სხვა სიტუაცია - სთავაზობენ 4-დღიან ტრენინგს, რა თქმა უნდა, წინასწარ უნდა გადაიხადონ თანხა, თუმცა მოგვიანებით გაურკვეველი პირობები აქვთ და ითხოვენ შეუძლებელს. უბრალოდ მინდა ხალხმა, განსაკუთრებით კი სტუდენტებმა გაიგონ, რომ ეს არის მახე და რეალურად არავის ასაქმებენ", - ამბობს ანა ზუმბაძე.

რაც შეეხება, თავად სააგენტოს, დუმბაძის თქმით, ორგანიზაცია ხშირად იცვლის მისამართს და სახელს: "ერთი თვის წინ იყვნენ შარტავას 14ა კორპუსში და ერქვათ "თავისუფალი არჩევანი'', ახლა მისამართი შეიცვალეს, გადავიდნენ პეკინის 14 ნომერში და სახელი ''პრაიმ ბიზნეს ჯგუფი'' დაირქვეს. ამის მიზეზი ალბათ ის არის, რომ უფრო მეტი დასაქმების მსურველი მოიზიდონ და ვალდებულებები აიცილონ თავიდან".

ჩვენ ვცადეთ აღნიშნული სააგენტოს წარმომადგენლებთან დაკავშირება. მათი კონტაქტების მოპოვება შეუძლებელია, "ფეისბუქის" გვერდზე დასმულ კითხვებზე კი არავინ გამოგვეხმაურა.

თეა ბეჟიტაშვილი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია