როგორ გახდა ირაკლი კაკაბაძე 25 წლის ასაკში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი: "ამ ქალის უკან უზარმაზარი ძალის ორგანიზაცია იდგა"

როგორ გახდა ირაკლი კაკაბაძე 25 წლის ასაკში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი: "ამ ქალის უკან უზარმაზარი ძალის ორგანიზაცია იდგა"

ცოტა ხნის წინ მწერალმა და პუბლიცისტმა, ირაკლი კაკაბაძემ ერთ-ერთ ინტერვიუში საკუთარი ბიოგრაფიიდან მცირე ისტორია გაიხსენა, როდესაც ის 25 წლის ასაკში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა. მოძალადე მისი უფროსი აღმოჩნდა, ვისთანაც კაკაბაძე იმ პერიოდში მუშაობდა.

"ამ დროს ერთ-ერთ ამერიკულ ორგანიზაციაში ვმუშაობდი და ჩემი უშუალო უფროსი 40 წლის საკმაოდ მიმზიდველი ქალი იყო. ერთხელ მან თავის სახლში დამპატიჟა, იქ ალკოჰოლური სასმელი შემომთავაზა და მერე საწოლში მიმიწვია. მეც - 25 წლის ახალგაზრდას, არ მეყო გამძლეობა და დავყევი. ამის მერე დაიწყო ჩემთვის ნამდვილი ჯოჯოხეთი სამსახურში - ეს ქალი ყოველდღიურად მთხოვდა მასთან სქესობრივ კავშირს", - იხსენებს მწერალი. რამდენად რეალურია ეს ინფორმაცია და როგორ მოახერხა მოძალადისგან თავის დახსნა? ამ და სხვა კითხვებზე კომენტარი ირაკლი კაკაბაძეს ვთხოვეთ:

- ეს ამბავი ზუსტად ისე მოხდა, როგორც აღვწერე. მას მერე დიდი ხანი გავიდა. 1994 წლის ამბავია. თუმცა მე ამას იმიტომ ვიხსენებ, რომ ასეთი რამეები დღესაც მეორდება. აქ ლაპარაკია სექსუალურ ძალადობაზე, როგორც სამსახურში ქვემდგომი პირის მიმართ განხორციელებულ აქტზე. როდესაც თანამდებობით უფროსი პირი - არა აქვს მნიშვნელობა რომელი სქესის - თავის მდგომარეობას იყენებს და მის ქვემდგომ ადამიანს აიძულებს მასთან სარეცელი გაიზიაროს - ეს ნამდვილად ძალადობაა და ეს ყველგან უნდა აღიკვეთოს. ეს არის თანამშრომლისა და კოლეგის მიმართ მომხმარებლური დამოკიდებულება და აუცილებელია, რომ ამას ბოლო მოეღოს. სხვათა შორის, როდესაც 1991 წელს ანიტა ჰილმა ეს საკითხი წამოჭრა აშშ-ის სენატში კლარენს თომასის დასამტკიცებელ მოსმენებზე, მახსოვს მაშინ ჯო ბაიდენი იყო იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე. ამ მოსმენებს მთელი ამერიკა უსმენდა და იქ დაისვა პირველად სექსუალური ზეწოლის, როგორც ძალადობრივი ქმედების საკითხი. და რეალურად, ცნობიერება კარგისკენ სწორედ მაშინ შეიცვალა. ქალების და ზოგ შემთხვევაში კაცების მიმართაც სექსუალური ზეწოლა არის ძალადობრივი ქმედება - რასაც იოჰან გალტუნგი 'სტრუქტრულ და კულტურულ' ძალადობას უწოდებს. ეს პირდაპირ ძალმომრეობაზე ნაკლები ბოროტება არ არის. თანამდებობრივად ზემდგომი სტატუსის ბოროტად გამოყენება საკუთარი სექსუალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისთვის არის საშინელი ძალადობა.

- ეს ძალადობა რომ ხდებოდა, თუ ეუბნებოდით ვინმეს?

- მე იმ დროს მოგეხსენებათ, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვცხოვრობდი და ვმუშაობდი. თანაც ეს ის წლებია, როდესაც ძალიან მძიმე პირობებში გვიხდებოდა თავის გატანა. ამ ქალის უკან უზარმაზარი ძალის ორგანიზაცია იდგა - ჩემთვის მასთან შეჭიდება იყო შეუძლებელი. თან, ამ თემაზე ქართულ გარემოში, ცხადია, ვერც ვისაუბრებდი - იმიტომ რომ სასაცილოდ არ ეყოფობოდათ - როგორ, კარგი გარეგნობის 40 წლის უფროსი ქალბატონი სექსს გთავაზობს და კიდევ წუწუნებო. ანუ საქართველოში ამ საკითხის მიმართ ძირითადად არ იყო ადეკვატური რეაქციები, გამომდინარე ჩვენი სექსისტური კულტურიდან, რომელიც საბჭოთა დროს დამკვიდრდა. ასე რომ, მაშინ ჩავთვალე, აზრი არ ჰქონდა ბრძოლის გაჩაღებას - ამერიკულ სასამართლო სისტემაში გამიჭირდებოდა ამ ძალიან გავლენიანი ქალის დამარცხება - ეს პრაქტიკულად შეუძლებელი იყო - მე ხომ მაშინ, როგორც ყოველთვის, მაინცდამაინც ფულით ვერ დავიკვეხნიდი - და ქართველებთან ამ საკითხის გარჩევას კიდევ უფრო მეტი გაუგებრობა მოჰყვებოდა. ამიტომ გადავწყვიტე, ჩემთვის დამეტოვებინა ეს ამბები. ერთ-ორ უახლოეს მეგობარს ცხადია ვუთხარი ამის შესახებ და მათი რეაქციაც იგივე იყო. საბოლოო ჯამში ამ ამბის გახმაურება მაშინ დიდ რისკთან იყო დაკავშირებული და ამიტომაც გადავწყვიტე, ამ ქალს გზიდან ჩამოვცილებოდი. ეს იყო მხოლოდ საშველი. ასეთი შემთხვევები არც ისე იშვიათი იყო მაშინ და არის დღესაც. ძირითადად მსხვერპლი ქალია - თუმცა არის სხვა შემთხვევებიც - მაგალითად, როცა ქალის ძალადობის მსხვერპლი კაცია - ან ერთსექესიანი სექსუალური ზეწოლა და ძალადობა - ცხადია ასეთი შემთვევებიც არის.

- როგორ გათავისუფლდით ძალადობისაგან?

- სამსახურის დატოვება მომიხდა. თუმცა იმ მომენტში ღმერთმა გადმომხედა და იმ სამუშაოს მერე უკეთეს ადგილას წავედი და მაინცდამაინც გული არ დამწყვეტია სამუშაოს დაკარგვაზე. უფრო მეტიც - ძალიან გახარებული ვიყავი დახლოებით 3-4 თვე. საბოლოო ჯამში ყველაფერი კარგისკენ წავიდა - ჩემი ახალი სამუშაო და მერე უკვე განათლება ბევრად უფრო გამომადგა, ვიდრე ამ ქალის ხელქვეითობა მადგებოდა. ასე რომ, მაშინ მიღებული გადაწყვეტილება მართალი აღმოჩნდა. თუმცა ეს იმას არ ნიშავს, რომ ასეთი ძალადობის მსხვერპლები ასევე უნდა მოიქცნენ - ვიმეორებ - მაშინ 1994 წელი იყო და მეორეც ჩემი უფროსი უაღრესად გავლენიან და ძლიერ ორგანიზციაში მუშაობდა, რომელთან დაპირისპირება დიდ ძალას და ფსიქოლოგიურ შემართებას მოითხოვს. მე ეს რესურსები მაშინ არ გამაჩნდა და არ გავაგრძელე ეგ ბრძოლა. დღეს სულ სხვა სიტუაციაა და ამ საკითხის გატანა ბევრად უფრო ადვილია და ამიტომაც ყველა მსხვერპლმა ეს უნდა გააკეთოს აუცილებლად. ასეთი პრაქტიკა უნდა იყოს მთლიანად მიუღებელი.

- ძალადობისგან გამოწვეული სტრესი დიდხანს გაგყვათ?

- ეს ნამდვილად ტრავმატული გამოცდილებაა. ყოველ დღე სამსახურში მიდიხარ და ვიღაც დამშეული თვალებით გიყურებს, როგორც მისი სექსუალური სურვილების დაკმაყოფილების იარაღს. საშინლად დამცირებული ხარ ადამიანი - გინდ ქალი და გინდ კაცი. სამსახურში არ უნდა იყოს სქესობრივი ურთიერთობების ადგილი. გასაგებია, რომ ადამიანები ვართ და ყველგან ყველაფერი შეიძლება მოხდეს - მაგრამ ზეწოლა და ძალადობა - თუნდაც ფსიქოლოგიური და სრუქტურული, არის ძალიან დიდი ბოროტება და ადამიანებს ფსიქოლოგიურად თრგუნავს. ეს ტრავმა ძალიან რთულად მოსაშუშებელია. საერთოდ, ფსიქოლოგიური ტრავმები ბევრად რთული სამკურნალოა, ვიდრე ფიზიკური. და მე კიდევ რა მიშავს - სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ქალები ხომ ამ საშინელ დაღს მთელი ცხოვრება ატარებენ. სწორედ ამიტომაა აუცილებელი, რომ სამუშაო ადგილას და სხვაგანაც სექსუალური ზეწოლა დასჯადი საქციელი გახდეს. სარეცელი არ უნდა იყოს მუქარის და შანტაჟის საფუძველი.

- ცოტა ხნის წინ შალვა რამიშვილსაც უჩივლეს, რომ ის ახდენდა ძალადობას მისივე თანამშრომეზე, რა კომენტარს გააკეთებდით ამაზე?

- ჩემი მხრიდან არ იქნება სწორი ამ საქმის გამოძიებამდე რაიმე კომენტარის გაკეთება. შალვას დიდი ხანია ვიცნობ და არ მინდა რაიმე დაკსკვნები ნაადრევად გავაკეთო. რა თქმა უნდა, მოქმედებს უდანაშაულობის პრეზუმფცია. თუ სასამართლო დაადგენს, რომ მართლა ჰქონდა მისი მხრიდან ადგილი მისი თანამდებობით ქვემდგომ კოლეგებზე ზეწოლას - მაშინ, ცხადია, ყველამ ერთნაირად უნდა ვაგოთ პასუხი. თუ არა და - არა. ანუ კონკრეტულად შალვას შესახებ ვერაფერს ვიტყვი. ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ ზეწოლა არის საშინელი დანაშაული და ვინც ის ნამდვილად ჩაიდინა - ის უთუოდ დასასჯელია.

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია