არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი ადასტურებს, რომ ყოვლადწმინდა სამების ტაძარში ხატებისთვის შეწირული რამდენიმე სამკაული დაიკარგა.
როგორც AMBEBI.GE-ს ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის არქიმანდრიტმა იოანე მჭედლიშვილმა განუცხადა, ერთ-ერთმა ქალმა მოიკითხა მის მიერ შეწირული საყურეები, რომელიც ხატზე აღარ იყო. აღნიშნულის შემდეგ დააკვირდნენ და შენიშნეს, რომ სამებისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის "მსწრაფლშემსმენელის ხატებთან" რამდენიმე სამკაული აღარ ეკიდა. მისივე განმარტებით, დაკარგული სამკაულების ზუსტი რაოდენობა უცნობია.
"ქალბატონი მოვიდა და განაცხადა, რომ სამებაში მომხდარი ხანძრის შემთხვევამდე რამდენიმე კვირით ადრე იგი იმყოფებოდა ტაძარში და შეწირული საყურეები ხატთან აღარ ჩანდა. მოვიკითხეთ და ეს საყურეები არ იყო. შემდეგ ხატისთვის შეწირული სხვა სამკაულებიც ვერ ვნახეთ. აქედან გაჩნდა ეჭვი, რომ ისინი დაკარგულია", - განაცხადა მამა იოანემ.
მისივე თქმით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საქმე აღიძრა და გამოძიება მიმდინარეობს. არქიმანდრიტის განცხადებით, სამკაულების დაკარგვის ფაქტები პატრიარქის მიერ დაწერილი სამების ხატის, ასევე "ღვთისმშობლის მსწრაფლშემსმენელის ხატთან" დაფიქსირდა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განგვიცხადეს, ფაქტთან დაკავშირებით საქმე აღძრულია 177-ე მუხლით, რაც ქურდობას გულისხმობს.