აღდგომა ქრისტიანებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულია, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულად აღნიშნავენ. განსხვავდება ამ დღესასწაულთან დაკავშირებული ტრადიციებიც.
საქართველოში აღდგომისთვის მზადება ერთი კვირით ადრე იწყება. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის სხვადასხვა კუთხეს სხვადასხვა ტრადიცია აქვს, ამ დღესთან დაკავშირებით, მათ აერთიანებთ სააღდგომო სუფრის გაშლის წესი, რომლის აუცილებელი ატრიბუტებია სააღდგომო წითელი კვერცხები და პასკა. კვერცხს წითლად ვნების პარასკევს ღებავენ, რაც ქრისტეს მიერ დაღვრილ სისხლს განასახიერებს. რაც შეეხება პასკას, იგი მაცხოვრის აღდგომის რწმენას განასახიერებს. სიმბოლურად იგი გოლგოთას აღნიშნავს, მთას, სადაც ქრისტე ჯვარს აცვეს.
მრავალფეროვანი ტრადიციები უკავშირდება აღდგომას მსოფლიოს დანარჩენ ქრისტიანულ ქვეყნებშიც.
საბერძნეთი მართლმადიდებლური ქვეყანაა, ამიტომ აქ დაახლოებით ისეთივე ტრადიციებია, როგორიც საქართველოში. სააღდგომო კვერცხებს ღებავენ და შაბათ საღამომდე ინახავენ. მორწმუნეები აღდგომის წინა საღამოს ტაძარში ლოცვაზე ანთებული თეთრი სანთლებით მიდიან, შუაღამეს სანთლებს ყველა აქრობს. ანთებული სანთლები ქრისტეს აღდგომას განასახიერებს.
ბერძენთა სააღდგომო სუფრა ბუნებაში იმართება. აქ აუცილებლად იხსენება რეცინა ანუ წინა წლის მოსავლის პირველი ღვინო და წვავენ პატარა ბატკნებს. განსაკუთრებულ მხიარულ გარემოს ქმნის ბერძნული სიმღერები და ცეკვა, რომელიც დილამდე გრძელდება. აღდგომა აქ მთელი კვირის განმავლობაში აღინიშნება და ამ პერიოდში ყველა ისვენებს.