ხშირად გვესმის ევროპელი თუ ამერიკელი ოჯახების შესახებ, რომლებიც მოულოდნელად ტოვებენ კარიერას, გამართულ სახლ-კარს და მთლიანად ცვლიან თავიანთ ცხოვრებას - ან ქვეყნიდან ქვეყანაში მოგზაურობენ, ან კიდევ სადმე სოფლად სახლდებიან და საკუთარ სამყაროს იქმნიან. მსგავსი შემთხვევა, რომ ადამიანი, აწყობილი კარიერითა და ცხოვრებით, საკუთარი სურვილით თბილისიდან სოფელში გადასახლდეს და ყველაფერი ნულიდან დაიწყოს, მე პირადად, ძალიან ცოტა მახსენდება... ესეც ერთ-ერთი ასეთი განსაკუთრებული ოჯახია. მათ შესახებ ალბათ უკვე გაგიგონიათ, თუმცა ვეცდებით, უფრო ახლოს გაგაცნოთ და უფრო უკეთ ჩავხვდეთ დედაქალაქიდან სოფელში მათი გადასახლების რეალურ და საკმაოდ შთამბეჭდავ მიზეზებს.
დავით ჩაჩანიძე პროფესიით ექიმია, ბევრისთვის კარგად ცნობილი, ნიჭიერი და გამოცდილი სპეციალისტია. მისი მეუღლე, თინა სამადაშვილი კი არქიტექტორი. მათ საკუთარი მაგალითით დაამტკიცეს, რომ სოფელშიც შეიძლება თანამედროვე სტანდარტების მიხედვით ცხოვრების აწყობა და დაამტკიცეს ისიც, რომ როცა რაღაცის ძალიან გჯერა და როცა რაღაც ძალიან გინდა, აუცილებლად გააკეთებ.
თინა სამადაშვილი:
- სოფელი არცერთს არ გვქონდა და ვფიქრობდით, სად შეგვეძინა მიწა. ბევრი სიარულისა და ძებნის შემდეგ მივადექით კახეთს, კერძოდ, ბაკურციხეს, საიდანაც ჩემი ფესვებიც მომდინარეობს. ვიყიდეთ მიწა და სახლის აშენებაც გადავწყვიტეთ.
სამი წელი დავდიოდით და აქაურობას ვსწავლობდით, სახლის მიმართულება სწორად რომ განგვესაზღვრა. მზის ენერგიის გამოყენებაც გვინდოდა. გვაინტერესებდა, სეზონების მიხედვით მცენარეები როგორ ხარობდა ან აქაურ სახლებს სამხრეთის კედელი რატომ ჰქონდა ყრუ, უფანჯრო. დაკვირვების შედეგად პასუხი ამ კითხვაზეც მივიღეთ: ქარი სამხრეთიდან უბერავს და წვიმაც იქიდან მოდის.
ნაკვეთი შევიძინეთ და შარშან ზაფხულს მშენებლობა დავიწყეთ. გადავწყვიტეთ, რაც შეიძლება მეტად ავტონომიურები გავმხდარიყავით, წყალი და დენიც ჩვენით მოგვეპოვებინა და, რაც მთავარია, ნამჯის სახლის აშენებაზე შევთანხმდით.
- რატომ? და რა არის ნამჯის სახლის პრიორიტეტი?
- ჯერ ერთი, ეკოლოგიურად სუფთაა, მეორე - მის ასაშენებლად კირს იყენებენ, რომელიც 70 წლის შემდეგ ქვად იქცევა, ცემენტი კი იფშვნება. უწინ ადამიანი ყველაფერს ნატურალურს მოიხმარდა. ამ სახლის ხიბლი ის არის, რომ მისი კედლები სუნთქავს, არ ემუქრება სოკოვანი ნაჟღენთები, არ დალპება და ცეცხლი არ მოეკიდება განაგრძეთ კითხვა