მომღერალი ეროს რამაზოტი საქართველოში გამართულ კონცერტს გარდაცვლილ მომღერალ პრინცს მიუძღვნის. ამის შესახებ რამაზოტიმ დღეს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"დიდი მადლობა ყველას. ეს დღე მინდა მივუძღვნა მაესტრო პრინცის ხსოვნას. გული მწყდება, რომ ასე ადრე წავიდა ამ ქვეყნიდან, მან ძალიან ბევრი გააკეთა მუსიკისთვის. რაც შეეხება საქართველოში დაგეგმილ საღამოს, დიდი მადლობა იმ სიტყვებისთვის, რომელიც მე აქ მომიძღვნეს. დიდი პატივია, რომ ამ ფესტივალს, რომელიც საქართველოშია დაგეგმილი, მე ვხსნი. ამას შემდეგ სხვა მომღერლები გააგრძელებენ. იმედი მაქვს, კარგ ბიძგს მივცემ იმ სურვილს, რაც არის ამ ქვეყანაში", - განაცხადა ეროს რამაზოტიმ.
მომღერლის თქმით, ყოველთვის ცდილობს, მაქსიმალურად დაიტვირთოს ყველა ქვეყანაში, სადაც კი ჩადის და სათქმელი მაქსიმალურად მიიტანოს მაყურებლამდე.
"რა თქმა უნდა, ვმღერი ჩემს ენაზე, არ ვმღერი ინგლისურად, მაგრამ იმედი მაქვს, რომ მაყურებლის გულამდე მივალ", - აღნიშნა მომღერალმა.