მსოფლიოში ცნობილი მომღერლის ეროს რამაზოტის კონცერტი 24 აპრილს, სპორტის სასახლეში გაიმართება. იტალიელი ვარსკვლავი პირველად ქართველი მსმენელის წინაშე მსოფლიო ტურით „The Perfetto World Tour“ წარდგება.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროდან აცნობეს, კონცერტზე შესრულდება ჰიტები ალბომიდან „Perfetto” - აღნიშნული კრებული, გაყიდული ალბომების რაოდენობის მიხედვით, მსოფლიოს 60 ქვეყანაში ერთ-ერთი ლიდერია. ეროს რამაზოტი შეასრულებს ყველასათვის საყვარელ და ცნობილ სიმღერებს, მათ შორის: „Terra Promessa“, „Più Che Puoi“, „Cose Della Vita“, „Più Bella Cosa“, „Adesso Tu“, „Se Bastasse Una Bella Canzone“...
კონცერტზე მისული მაყურებელი გრანდიოზულ შოუს იხილავს; ეროს რამაზოტის შოუ 3-D ანიმაციით გაიხსნება და სცენა მთლიანად აგებული იქნება უნიკალური თანამედროვე ტექნოლოგიებით.
„არასდროს მიმღერია საქართველოში! სიამოვნებით წარმოვადგენთ გრანდიოზულ შოუს დედაქალაქში და მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ მსმენელმა ისიამოვნოს. იმედი მაქვს, ეს არ იქნება პირველი და უკანასკნელი კონცერტი თბილისში“,- განაცხადა ეროს რამაზოტიმ.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ეროს რამაზოტის შოუს ხელმძღვანელობს ლუკა ტომასინი, რომელსაც არაერთხელ უთანამშრომლია მსოფლიოს უსმხვილეს საპროდიუსერო კომპანიებთან, ასევე ისეთ ცნობილ მუსიკოსებთან, როგორც არის მადონა. ტურის პროდიუსერია მაურიციო სალვადორი „Trident Music“, მხარდამჭერები: „Trentino“ ,“Radio Italia”; ოფიციალური გადამზიდი - „Meridiana“. კონცერტის მხარდამჭერია იტალიის საელჩო საქართველოში;
ეროს რამაზოტის კონცერტი საქართველოს მთავრობის ინიციატივით დაწყებული მასშტაბური პროექტის „Check in Georgia” ფარგლებში იმართება.
”პროექტის განხორციელების მიზანია წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის კულტურულ ცენტრად ქცევა და დიდი რაოდენობით ტურისტების მოზიდვა. ამ გზით ადგილობრივი მეწარმეობის ხელშეწყობა. შედეგად, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა და როგორც თბილისში, ისე რეგიონებში ჩვენი მოსახლეობის შემოსავლების ზრდა. „Check in Georgia” მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციას, გაიზრდება მისი როგორც ტურისტული და კულტურული ცენტრის ცნობადობა და საერთაშორისო იმიჯი”,- აცხადებენ კულტურის სამინისტროში.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ხვალ,13:00 საათზე, ეროს რამაზოტი თბილისში დაგეგმილ კონცერტთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს. ღონისძიებას გაუძღვებიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, საქართველოში იტალიის ელჩი ანტონიო ენრიკო ბარტოლი და კულტურის განვითარების ფონდის წარმომადგენელი ეკა კუპრეიშვილი.