ახლახან რედაქციაში წერილი მივიღეთ, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი სერიოზული პრობლემის - ქალებზე ძალადობის აქტუალურობის კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა. ავტორის თხოვნით, სახელები შეცვლილია. პატარა გოგონა "მიჯრით" მიყოლებული ტრავმებით, დაკარგული რწმენითა და განადგურებული ფსიქიკით ცდილობს, აღიდგინოს ძალა უკვე მხოლოდ ერთი მიზნის - საკუთარი შვილის დასაბრუნებლად...
"რაიონში დავიბადე და გავიზარდე. 12 წლის ვიყავი, როცა მამა ავად გახდა და ლოგინად ჩავარდა. მისი და სამი შვილის მოვლა დედას დააწვა მხრებზე... დედმამიშვილებს შორის უფროსი ვარ. სკოლა წარჩინებით დავასრულე და სწავლა სასულიერო აკადემიაში გავაგრძელე. მესამე კურსზე სწავლისას, 21 წლისა გავთხოვდი. მე და ჩემი მეუღლე - ირაკლი ცალკე ვცხოვრობდით. ჩვენთან ახლოს ცხოვრობდნენ ჩემი მეუღლის გაუთხოვარი დეიდები და მუდმივად ერეოდნენ ჩვენს ურთიერთობაში. ირაკლის დედა საზღვარგარეთ არის. მისი ჩამოსვლისა და გაცნობის პირველსავე დღეს, ნერვიულობის ნიადაგზე, მუცელი მომეშალა... რატომ? - მლანძღავდა, შეურაცხყოფას მაყენებდა და მეუბნებოდა, რომ ბოზი ვიყავი და მის შვილს "შევეტენე"... სწორედ აქედან იწყება ჩემი ცხოვრების ყველაზე მძიმე პერიოდი. ირაკლი დედამისის შეხედულებებზე, აზრებსა და გადაწყვეტილებებზე იყო დამოკიდებული. ჰოდა, დედამთილის ხასიათის მიხედვით იცვლებოდა ჩვენი ურთიერთობაც... გათხოვებიდან 6 თვის შემდეგ, ისევ დავრჩი ორსულად. სტრესული ფონისა და ემოციური არასტაბილურობის გამო, ორსულობა საკმაოდ მძიმედ მიმდინარეობდა - ბავშვის დაკარგვის საფრთხის წინაშე ვიდექი... შვიდი თვის ფეხმძიმე გახლდით, როცა გავიგე, რომ ირაკლის საყვარელი ჰყავდა. არ ვიცოდი, ვისთვის მიმემართა. ჩემს ოჯახს არაფერი შეეძლო - ფსიქოლოგიურად მხარში ამოდგომაც კი... ოთხსულიანი ოჯახი დედას შემოსავალზე, ყოველთვიურ 100 ლარზე იყო დამოკიდებული. სწორედ ამ პერიოდში გავიცანი მეუფე იოსები, რომელიც მამასავით მომეპყრო, წამიყვანა თავის რეზიდენციაში, სადაც სხვა მიუსაფარ ბავშვებსაც უვლიდა. სამი კვირის შემდეგ, ირაკლი ჩემს უკან დასაბრუნებლად ჩამოვიდა. წავყევი... ვფიქრობდი, რომ ჩემი შვილისთვის ასე იყო საჭირო - მას ოჯახში სჭირდებოდა გაზრდა და არა - მონასტერში. მიმაჩნდა, რომ ბავშვის ინტერესები ეგოისტურად არ უნდა უგულებელმეყო. იმავე ღამეს, მეუღლის ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გავხდი და მშობიარობა დამეწყო... მადლობა უფალს, ყველაფერი კარგად დასრულდა - ბავშვი ჯანმრთელი დაიბადა...
ორი თვის შემდეგ დედამთილი კვლავ ჩამოვიდა, რამაც ჩემი მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა - მუდმივი ყვირილის, დამცირებისა და შეურაცხყოფის ფონზე, რძე გამიშრა. ჩემი წონა მხოლოდ 40 კილო იყო. ფაქტობრივად, ვერ დავდიოდი, ვერაფერს ვჭამდი... ამ პერიოდში ირაკლიმ ძალიან დიდი ვალი აიღო, გადახდა ვერ შეძლო და გაყიდეს სახლი, სადაც ვცხოვრობდით. საცხოვრებლად გადასვლა კი მის დეიდებთან მოგვიხდა... ვცხოვრობდი სახლში, სადაც არაფრის უფლება არ მქონდა. მუდმივად საქმეში ჩართული, მაინც უსაქმური, მახინჯი და ბოზი "ვიყავი"... ამ პირობებში ექვსი წელი გავატარე. ვქარგავდი და ჩემი შემოსავალი მქონდა, რასაც ძირითადად, ბავშვს ვახმარდი. ერთ წელიწადში ისევ ორსულად დავრჩი. მეუღლეს არც გახარებია, არც სწყენია, არც უკმაყოფილება გამოუხატავს მანამ, ვიდრე მისმა დეიდებმა არ გადაწყვიტეს, რომ ბავშვი უნდა მომეშორებინა, რაზეც კატეგორიული უარი განვაცხადე. ამ პერიოდს მამას გარდაცვალებაც დაემთხვა. მეუღლემ არჩევანის წინაშე დამაყენა - ან ბავშვს მოვიშორებდი, რომელიც უკვე 16 კვირის იყო, ან დამშორდებოდა. ვუთხარი, რომ ბავშვის გამეტებას მერჩივნა, დავშორებოდი. განაგრძეთ კითხვა