კურიოზია, რაც კანონში წერია, რომ რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ირჩევს მთელი უნივერსიტეტი, ხოლო რექტორს აკადემიური საბჭო, - ამის შესახებ თსუ-ს ყოფილმა რექტორმა რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნების დასრულების შემდეგ განაცხადა.
ვლადიმერ პაპავამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელ დარეჯან თვალთვაძეს წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ არჩევნებმა დარღვევების გარეშე ჩაიარა, რაც უნივერსიტეტისთვის ამ ვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანია.
"ეს არის უნივერსიტეტის ისტორიაში განსაკუთრებული დღე, რადგან ჩვენს უნივერსიტეტში პირველად, რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება მიეცა 1300-ზე მეტ ამომრჩეველს. ეს არის ძალიან მასშტაბური არჩევნები და უნივერსიტეტმა აჩვენა, რომ მას შესწევს უნარი ყველაზე რთულ სიტუაციაშიც კი ვითარებას გაუმკლავდეს ისე, როგორც შეშვენის ივანე ჯავახიშვილის და მისი თანამოაზრეების მიერ დაფუძნებულ უნივერსიტეტს. მთავარია, რომ არჩევნები ჩატარდა მშვიდ გარემოში, ყველა პროცედურის დაცვით, რომ არ დარღვეულა არაფერი, რაც დააფიქსირეს დამკვირვებლებმა და ეს არის ყველაზე მთავარი შედეგი. უნივერსიტეტმა აჩვენა, რომ მას შეუძლია ჩაატაროს ასეთი არჩევნები, თუმცა კურიოზია კანონში რაც წერია, რომ რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ირჩევდეს მთელი უნივერსიტეტი და რექტორს მხოლოდ აკადემიური საბჭო", - განაცხადა ვლადიმერ პაპავამ.
მისივე თქმით, მან სწორი არჩევანი გააკეთა, როდესაც დარეჯან თვალთვაძე საკუთარ მოადგილედ დააწინაურა, რისი დამადასტურებელიც დღევანდელი დღე გახდა. ვლადიმერ პაპავამ განაცხადა, რომ იგი უნივერსიტეტიდან თავაწეული მიდის და თავს დარეჯან თვალთვაძის გუნდის ერთ-ერთ რიგით წევრად მიიჩნევს.
თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნებში 4 კანდიდატი მონაწილეობდა, სადაც ხმათა უმრავლესობა, 526 ხმა დარეჯან თვალთვაძემ მოიპოვა. ლევან გორდეზიანს 236-მა ადამიანმა დაუჭირა მხარი, ცირა ბარამიძემ 117 ხმა მიიღო, ხოლო გიორგი ანდრიაძემ - 39.