ვინ არის ქართველი წყვილი, რომელიც ბრიტანულ X Factor-ში მიიწვიეს

ვინ არის ქართველი წყვილი, რომელიც ბრიტანულ X Factor-ში მიიწვიეს

ქართველი მომღერლები - მარიამ ივარდავა და გოგა მესხი რამდენიმე დღის წინ, ბრიტანულ X Factor-ში მიიწვიეს. მათ ქართველი მსმენელი ქართული მუსიკალური პროექტებიდან იცნობს. გოგას და მარიამს სიმღერის გარდა ოჯახიც აკავშირებთ - ისინი ცოლ-ქმარი არიან. ახალგაზრდა შემსრულებლები ბრიტანეთში გამგზავრებას ფინანსების არქონის გამო ვერ ახერხებენ და დახმარებისთვის სპონსორებს მიმართავენ.

ბრიტანული X Factor მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული სატელევიზიო მუსიკალური შოუა, რომლის იდეაც პროდიუსერმა საიმონ ქოულმა განახორციელა 2004 წელს. შოუს ანალოგი მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში არსებობს.

"ბრიტანულ X Factor-ში მე და გოგას მონაცემების გაგზავნა ჩვენმა პედაგოგმა ხათუნა ლეჟავამ გვირჩია. როგორც კი გავგზავნე ჩვენი ვიდეოები და საიტზე დავრეგისტრირდი, ორ კვირაში მივიღეთ პასუხი X Factor-სგან. მე და გოგა კონკურსზე ცალ-ცალკე, როგორც სოლო მომღერლები, ისე მიგვიწვიეს. 24 აპრილს უნდა გავმგზავრებულიყავით დუბლინში კასტინგზე, მაგრამ ვერ მოვახერხეთ. შესაბამისი ფინანსები არ გვქონდა, ამიტომ ახლა პირველი მაისის კასტინგზე ვართ დაბარებული. ვეძებთ სპონსორს და დახმარების დიდი იმედი გვაქვს. აქამდე ბრიტანულ "იქს ფაქტორში" საქართველოდან არავის მიუღია მონაწილეობა. წელს ჟიურიში იქნება საიმონ ქოული, სწორედ მისი ხელმოწერით მივიღეთ მოწვევა. როგორც ჩანს, ჟიურის წევრები განსხვავებული ხმის ტემბრით მოვხიბლეთ".

კონკურსზე გასამგზავრებლად ქართველ მომღერლებს 6-7 ათასი ფუნტი ესაჭიროებათ, რაც დაახლოებით 22 ათასი ლარია. "გვინდა ჩვენი პედაგოგიც წავიყვანოთ, რადგან დასაწყისში აუცილებლად დაგვჭირდება მისი მასტერ-კლასები. რაღაც ეტაპზე როცა გადავალთ შემდეგ უკვე "იქს ფაქტორი" აიღებს ხარჯებს საკუთარ თავზე" - ამბობს მარიამი.

- რას მოგიტანთ ბრიტანულ პროექტში მოხვედრა?

- დიდ წარმატებას, ბრიტანეთია და არა საქართველო. ეს ალბათ მთელ ცხოვრებას შეცვლის. შეიძლება ვერ გავიმარჯვოთ, მაგრამ პროდიუსერმა მოგვკიდოს ხელი და რამდენიმე წელში ჰოლივუდის ვარსკვლავები გავხდეთ.

- ქართულ პროექტებს რატომ ვერ მოაქვს წარმატება კონკურსანტებისთვის, თუნდაც საქართველოს მასშტაბით?

- ქართული პროექტები ამას ვერ აკეთებენ, იმიტომ რომ არ აქვთ კონტაქტები ისეთ ხალხთან, როგორიც არის თუნდაც საიმონ ქოული, სწორედ მან დააფუძნა ბრიტანული "იქს ფაქტორი". ამავე დროს ეს ქვეყნის ფინანსური კრიზისის ბრალია და ბევრს არ აინტერესებს საქართველოში შოუბიზნესი.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება