წინა კვირას, "მაგთიკომმა" ტარიფების ზრდის შესახებ შეატყობინა აბონენტებს, თუმცა, ამის შესახებ კომპანიას ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია და მომხმარებლებს ინფორმაცია სმს შეტყობინების სახით გაუგზავნა. 27 აპრილიდან ტარიფები, ძირითადად "ბანის" აბონენტებისთვის იზრდება. წუთის ღირებულება 14 თეთრით ძვირდება და 10 თეთრის ნაცვლად, 24 თეთრი ეღირება. გარდა წუთობრივი საუბრის გაძვირებისა, ასევე გაძვირდება გარკვეული ყოველთვიური ტარიფებიც.
"მაგთიში" აცხადებენ, რომ მცირედით იზრდება მხოლოდ პრომო ტარიფებზე ზარის წამოწყების ღირებულება, სხვა ტარიფები უცვლელი რჩება ან მცირდება. "პაკეტი "მაგთი 100" - 100 ლარიანი პაკეტი ჩანაცვლდა 60 ლარიანი პაკეტით "ულიმიტო+"; 30 ლარიანი "მაგთი" კი ჩანაცვლდა 25 ლარიანი "მარტივი 25"-ით, უცვლელი დარჩა მარტივი 25-ის პირობები. სტანდარტული ტარიფი უცვლელი დარჩა. უცვლელი დარჩა საერთაშორისო ტარიფიც. პრომო ტარიფების ფარგლებში სასაუბრო წუთები პრაქტიკულად 0 თეთრია. მცირედით გაიზარდა ზარის წამოწყების ღირებულება, რაც ბაზრის მდგომარეობამ განსაზღვრა. რიგ პრომო ტარიფებზე დაწესდა შემდეგი პირობა: ერთიანი უწყვეტი ზარის ყოველი 10 წუთის შემდეგ ჩამოიჭრება 10 თეთრი. იგივე ცვლილება განხორციელდა კორპორატიულ ალტერნატიულ ტარიფზე" - განუცხადეს გაზეთ "ბანკები და ფინანსებს" მაგთიკომში.
მობილური ოპერატორის მიერ ტარიფების ზრდის შესახებ მიღებულმა გადაწყვეტილებამ აბონენტების მწვავე რეაქცია და უკმაყოფილება გამოიწვია. "მაგთის" გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში მომხმარებლების უარყოფითი კომენტარები მოჰყვა:
"მაგთის გაუგებარი ქარაგმებით სავსე მესიჯი მეც მივიღე. აზრი ერთია, ტარიფი გაიზარდა. ძალიან ცუდი პრეცენდენტია!!!"; "ბრძენმა" ერმა იბრძოლა 9 წლიანი უსამართლობის, ბიზნესის ჩაგვრის წინააღმდეგ და ახლა მზადაა გადაუხადოს წუთში 0,14 თეთრის მაგივრად, 0,24 თეთრი შევარდნაძის ჭუჭყიან მოდგმას. ყოჩაღ, ასე გავაგრძელოთ"; "მაგთი ტარიფებს ზრდის, თან ჩუმ ჩუმად მე მაგალითად ყოველდღიურად რამდენიმე მესიჯი მომდის ხოლმე მაგთისგან, აქედან არცერთს არ ვკითხულობ და ვშლი. ასე შლის სავარაუდოდ, მოქალაქეების 90%. კომპანიამ გადაწყვიტა, რომ მესიჯით უნდა ამცნოს ყველას ტარიფის გაძვირება. მაგთის პოზიცია ბუნდოვანი და გაუგებარია"; "საშინელი კომპანიაა.... მორიგი სიურპრიზი მომიწყეს როუმინგზე... და რა თქმა უნდა, ქოლ ცენტრთან დაკავშირებაზე არც იოცნებოთ, უსარგებლოა ონლაინ დახმარებაც.. არავინ გიპასუხებთ", - წერენ აღშფოთებული აბონენტები.
მომხმარებლების ნაწილი "მაგთის" ამ გადაწყვეტილებაში მარეგულირებელი კომისიის არაეფექტურობას ხედავს, ნაწილი შიშობს, რომ ოპერატორი ბაზარზე მონოპოლიურ მდგომარეობას დაიბრუნებს, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც ბოიკოტს უცხადებენ "მაგთის" და სხვა ქსელზე დაპორტირებით აპირებენ პრობლემის გადაჭრას:
"ძლიერი მარეგულირებლის პირობებში მომხმარებლები დაცულები იქნებიან ფასების ხელოვნური ზრდისგან და კომპანიების მიერ მომხმარებლების ძარცვისგან! მარეგულირებელს შეუძლია ერთხელ და საბოლოოდ დაუსვას ფასების თემას წერტილი მაგრამ უარს ამბობს, ბაზარი დაარეგულირებსო, მაგრამ საქართველოში სატელეკომუნიკაციო სფეროში ბაზრის მიერ დარეგულირებული ჯანსაღი ფასების პრეცენდენტიც კი არ არსებობს! ბაზარი მონოპოლიას და დუოპოლიას და მაქსიმალურ ბარიერებს ქმნის მომხმარებლების ძარცვისთვის და პატარა და პოტენციური კომპანიებისთვის!
"მაგთის სილქნეტივით არ მოუვიდეს, გაგანია კრიზისში ტარიფები რომ გაზარდა. რიგები იდგა გაუქმებაზე ოფისებში, მათ შორის მეც გავაუქმე. ასევე არ მოუვიდეს მაგთი-საც. მონოპოლიის მოპოვებით გამოწვეულმა ეიფორიამ გამოუსწორებელი ფინანსური ზარალი არ მოგაყენოთ, მეგობრებო!"
"რაც აქამდე "შეღავათით" გვალაპარაკა, ეხლა ორმაგად იღებს უკან! დაიკიდეთ ხალხნო, საითაც იაფი იქნება იქეთ გადაპორტირდით, თუ არადა მოგვიწევს აქციების ჩატარება"; "კარგი იქნება ყველა რომ დაპორტირდეს"; "მაგთი "ქართულ" საქმეს აკეთებს", - წერენ სოციალურ ქსელებში "მაგთის" მომხმარებლები.