თბილისის ორი უძველესი სასტუმრო, რომელთა რეკონსტრუქციაც მილიონობით დოლარი დაჯდა

თბილისის ორი უძველესი სასტუმრო, რომელთა რეკონსტრუქციაც მილიონობით დოლარი დაჯდა

თბილისის სასტუმროებს საინტერესო ისტორია აქვს, რაც სათავეს XIX საუკუნის 10-იანი წლებიდან იღებს. სასტუმროების მშენებლობის მიმართულებით საქმიანობა XX საუკუნეშიც ინტენსიურად გაგრძელდა, რადგანაც დედაქალაქს ყოველთვის უამრავი სტუმარი ჰყავდა და გასული საუკუნის პირველ ნახევარში, სასტუმრო "მაჟესტიკი" აიგო, რომლიც რუსთაველის გამზირზე, მაშინდელ გოლოვინზე მდებარეობდა. ის სომეხი ვაჭრის, მეცენატის მიხეილ არამიანცის დაკვეთით, 1911 წელს დაიწყეს.

პროექტი, თბილისში მოღვაწე რუსი არქიტექტორის - ალექსანდრ ოზეროვის პროექტით იგებოდა. საბოლოო ვარიანტი თბილისელმა არქიტექტორმა, გაბრიელ ტერ-მიქელოვმა 1915 წელს დაასრულა. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ ნაგებობას "შეზნექილი" ფასადი აქვს და სიმრგვალე გიორგი ჭანტურიას ქუჩის კუთხისკენაა მიმართული.

ხუთსართულიანი შენობის ფასადი საფუძველს რენესანსულ-ბაროკული ფორმებისგან იღებს და მთლიანობაში, მისი ყველა დეტალის გათვალისწინებით, საინტერესო ნამუშევარს ქმნის.

სასტუმროს მოგვიანებით "თბილისი" დაერქვა და 1991-1992 წლების თბილისის ომის დროს სერიოზულად დაზიანა, განადგურდა მისი არქივიც. 2002 წელს კი ნაგებობას რესტავრაცია ჩაუტარდა და მასში განთავსდა Marriott-ის ქსელის სასტუმრო "თბილისი მარიოტი".

* * *

"ივერია" ყოფილი "ინტურისტის" სასტუმრო გახლდათ. თავდაპირველი, 18-სართულიანი შენობა 1967 წელს არქიტექტორ კალანდარიშვილის მიერ, ცხომელიძის მონაწილეობით აიგო, რომელიც იმ ხანად ქალაქში XX საუკუნის მოდერნისტული არქიტექტურის ერთ-ერთი ნიმუშად მიიჩნეოდა.

თავიდან განიხილავდნენ ასეთ ვერსიასაც, რომ სასტუმრო საბურთალოზე უნდა აშენებულიყო, მაგრამ ამ აზრს თავად არქიტექტორი ეწინააღმდეგებოდა. კალანდარიშვილისთვის მხარი მაშინდელ ცენტრალური კომიტეტის მდივანს, ვასილ მჟავანაძეს დაუჭერია. არქიტექტორი კალანდარიშვილი: "1962 წლის ბოლოს მჟავანაძე ბროზ ტიტოს მიწვევით, იუგოსლავიაში წავიდა. როგორც ჩანს, მას დაამახსოვრდა სასტუმროს ნორმებზე ჩემი განმარტება და ბელგრადში მაღლივი სასტუმრო "სლავა" რომ ნახა, თურმე, ბროზ ტიტოსთვის უთქვამს, - ჩვენც ვაშენებთ მაღლივ სასტუმროს, იქნებ პროექტი მომცეთ. ტიტომ დააბეჭვდინა სასტუმრო "კოლენ სლავა ბელგრადის" პროექტი (5 შეკვრა) და გამოატანა. მჟავანაძე თბილისში რომ ჩამოვიდა, მე გამომიგზავნა, - აი, შვილო, თუ გამოგადგება".

გასული საუკუნის 90-იანი წლების შედეგად შენობა საგრძნობლად დაზიანდა და გაპარტახდა. მან ფუნქცია, მნიშვნელობა და იერსახე დაკარგა. აფხაზეთის ომის შემდეგ, იქ ათი წლის განმავლობაში დევნილები ცხოვრობდნენ.

XXI საუკუნის დასაწყისში მთავრობამ შენობა კერძო კომპანიას მიჰყიდა, რომელმაც რამდენიმე თანამოწილესთან ერთად, შენობის რეკონსტრუქცია დაიწყო და მართვის უფლება კომპანიას მიჰყიდა. განახლებული პროექტი 2005 წელს დამტკიცდა და სამშენებლო სამუშაოები 2006 წლის დასაწყისში დაიწყო. 2009 წელს განახლებული სასტუმრო "ივერია" გაიხსნა უკვე ახალი სახელწოდებით ("რადისონ ბლუ ივერია"). რეკონსტრუქციის ბიუჯეტმა 65 მილიონი დოლარი შეადგინა.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია