სახალხო დამცველის აპარატის ოფისთან სასულიერო და საერო პირებმა სახალხო დამცველის წინააღმდეგ ლოცვითი აქცია გამართეს და პარაკლისი გადაიხადეს. აქციის მონაწილეებს თან ჰქონდათ პლაკატები - "სახალხო დამცველი ქართველი ხალხის წინააღმდეგ", "სახალხო დამცველი ზნეობის წინააღმდეგ" .
დეკანოზ დავით ისაკაძის თქმით, სახალხო დამცველის საქმიანობა ტენდენციურია და მიზანმიმართულად ხდება მართლმადიდებელთა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა, უზნეობის წახალისება და ქვეყანაში უცხო ქვეყნების ინტერესების განვითარება, რაც მათთვის მიუღებელია.
"სახიფათო და საშიში ტენდენცია, რაც შეინიშნება, ხელისუფლებაში მოვიდა ახალი ხელისუფლება არასამთავრობო ორგანიზაციების სახით, რომლებიც პირდაპირ იჭრებიან და ქართული სახელმწიფოებრიობის მშენებლობას ხელს უშლიან. ეს გამოიხატება სხვადასხვა გენდერული თემატიკის ხელშეწყობით, სხვადასხვა რელიგიური თემატიკის წამოწევით, სადაც მართლმადიდებელი ეკლესიის ინტერესები იმცრობა და სხვადასხვა კონფესიების წახალისება ხდება", - განაცხადა დეკანოზმა დავით ისაკაძემ.
აქციის მონაწილეებმა უჩა ნანუაშვილს მოუწოდეს, შეწყვიტოს ეს წინააღმდეგობრივი ქმედებები ქართველი ხალხის და მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ.