რამდენიმე დღის წინ დუბაიში 25 წლის ქართველი გოგონა გარდაცვლილი იპოვეს. როგორც ნინი სამანიშვილის ოჯახის წევრები ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებენ, გოგონას ადგილობრივ არაბებთან კამათი მოუვიდა, რაც საბოლოოდ ჩხუბში გადაიზარდა და ტრაგიკულად დასრულდა. ნინის 6 წლის გოგონა დარჩა. როგორც მისი მეგობარი "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ყვება, ახალგაზრდა გოგონა დუბაიში პერიოდულად სამუშაოდ ჩადიოდა:
"როგორც გვითხრეს, ნინი ქუჩაში იყო მეგობარ გოგონასთან ერთად, ავტობუსის გაჩერებასთან არაბ ბიჭებს ეკამათნენ, რაც ჩხუბში გადაიზარდა... არაბს ხელი უკრავს, ნინი დაცემულა და თავი დაურტყამს... როგორც ირკვევა, ამ დროს სხვები მის მეგობარს გაუსწორდნენ, რომელიც სასტიკად არის ნაცემი. მე არ ვიცნობ იმ გოგოს, მგონი იქ, დუბაიში გაიცნეს ერთმანეთი და დამეგობრდნენ... თავიდან ნინიზე ითქვა, გაუპატიურებულიაო, რაც შემდეგ უარყვეს, თავის დარტყმის შედეგად ადგილზევე გარდაცვლილა... არც შიშველი ყოფილა, ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა არასწორი ინფორმაცია. შემდეგ დააზუსტეს ეს დეტალები... ნინი სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლამდე გარდაცვლილა, თუმცა მაინც წაუყვანიათ უახლოეს კლინიკაში. სისხლში ცურავდა თურმე, გვითხრეს, თავის ქალა აქვს ჩატეხილიო...
...ულამაზესი გოგო იყო. ყოველთვის გამორჩეულად, გემოვნებით და თავისუფლად იცვამდა. მეგობრები სულ ვამბობდით, რომ ინოვატორი იყო, - სიახლეს ყველაზე თამამად ნინი ნერგავდა. თავდაუზოგავად შრომობდა, შვილს არაფერს აკლებდა, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ მწვავე ფორმის ასთმა ჰქონდა და მუდმივად მედიკამენტი სჭირდებოდა. იმ ღამეს, შესაძლოა, ნერვიულობაზე სპაზმიც განუვითარდა და ვერც კი დაიკივლა, რომ დახმარება ეთხოვა და ვინმეს იმ ველურებისგან ეხსნა. არც კი ვიცით, რას შეეწირა 25 წლის გოგო... გეგმები ჰქონდა, ამბობდა, შვილს კარგი განათლება უნდა მივცეო... ძალიან მიჭირს მასზე წარსულში ლაპარაკი, ძალიან თბილი დედა და მზრუნველი შვილი იყო. ახალგაზრდა დედ-მამა ჰყავს. მამამისი მთელი ეს ღამეები მის ფოტოებს ათვალიერებს, - დედა პატარა შვილიშვილის გამო თავს იმაგრებს, ცდილობს, ყოჩაღად იყოს, მაგრამ ხომ ვიცით, რამხელა ტკივილს ატარებს..." განაგრძეთ კითხვა