10 აპრილს კოტე თოლორდავას გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა. მისი და განო მელითაურის სიყვარულზე დღემდე ლეგენდები დადის. განო "პრაიმტაიმთან" ინტერვიუს დროს ტრაგიკულ ღამეს კიდევ ერთხელ იხსენებს.
- 10 აპრილს, როცა ეს ამბავი მოხდა, მანქანაში ვიჯექი მეგობრებთან ერთად. ამინდი შეიცვალა უცებ. მეგობარს ვუთხარი, ასე მგონია, ის დღეა და ახლა ერთად უნდა დაგვემართოს მე და კოტეს ეს საშინელება-მეთქი. ამასაც მოერევიო, მეუბნებოდა თათია, ეს გასავლელიაო. კითხვა გამიჩნდა, როგორ გადაგვაქვს, ცხოველები ვართ? არის პერიოდი, როცა ყველა ემოცია ერთდროულად მოდის, როცა საერთოდ უემოციოდ ხარ. არის პერიოდი, როცა განიხილავ ყველა დეტალს, სად დაუშვი შეცდომა, როდის რა გამოგრჩა, გამოგეპარა და ეს მერე შიზოფრენიაში გადადის…
ვინ დაგეხმარა, ვინ დაგიდგა გვერდით, რომ ეს ყველაფერი მეტ-ნაკლებად გადაგეტანა?
– ძალიან ბევრი იყო ასეთი. სრულიად უცხო ადამიანები მწერდნენ. დღესაც, აქ რომ მოვდიოდი, ერთმა გოგონამ რუსთავიდან დამირეკა გასამხნევებლად. ასე იყო მაშინაც, როცა კოტე ცოცხალი იყო. გვიხაროდა, რომ ადამიანებს მოსწონდათ ჩვენი ერთად ყოფნა და გვგულშემატკივრობდნენ… დიდხანს ვფიქრობდი, ეს მე რატომ უნდა დამმართნოდა-მეთქი. პროტესტი მქონდა ეკლესიურადაც ბევრი რამის მიმართ, ბრძოლა მქონდა საკუთარ თავთანაც. მერე მივხვდი, რომ ტყუილად არაფერი ხდება. არ მგონია, რომ ჩვენი ერთად ყოფნა აქ მთავრდება. ეს ერთი დიდი მთლიანობაა და ჩვენი ურთიერთობა ოდესმე სადმე მაინც გაგრძელდება.
– შენ და კოტეს სიკვდილზე გისაუბრიათ?
– ძალიან ხშირად. ბავშვურად, სულელურად განგვიხილავს, ვინ წავა პირველი, ზურგზე ამოღებული კაბა გეცმება ჩემს დაკრძალვაზეო, მეუბნებოდა, მე დაგინახავ და მომეწონებიო… წვრილმანებზე დაიკარგა დრო… მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ თითქმის 24 სააათი ერთად ვიყავით, ყველა წამს ვნანობ, რომელიც მის გვერდით ვერ გავატარე.
გაზეთი "პრაიმტაიმი"
ასევე იხილეთ: "თარაში სულ ეუბნება პატარას, მამიკო ზემოდან გვიყურებსო..." - როგორ ცხოვრობს კოტე თოლორდავას ოჯახი ახალ ბინაში