ყველაზე ხანგრძლივი ქირურგიული ოპერაციები საქართველოში

ყველაზე ხანგრძლივი ქირურგიული ოპერაციები საქართველოში

სამწუხაროდ, ბევრი ადამიანისთვის კარგად ნაცნობი განცდაა საყვარელი ადამიანის დაკარგვის შიში, ნერვიულობა ოპერაციის მიმდინარეობისას და საავადმყოფოს დერეფანში ბოლთის ცემა ექიმისგან ახალი ამბის გაგების მოლოდინში. ეს ღელვა კიდევ უფრო მძაფრდება მაშინ, როცა ქირურგის მუშაობა ხანგრძლივად გრძელდება. იმ დროს, როცა წუთებიც კი საუკუნედ გეჩვენება, ძალიან რთულია ოპერაციის დასრულებას 8-9 და ზოგჯერ 12 საათიც კი ელოდო. თუმცა, ასეც ხდება. ხანგრძლივი ოპერაციების რიცხვი, რთული მიმდინარეობიდან გამომდინარე, საკმაოდ ხშირია. დიდი ხანი არაა, რაც მსგავსი სირთულის ყველაზე გახმაურებული ხანგრძლივი ოპერაცია წარმატებით დასრულდა. რამდენიმე კვირის წინ ტელეწამყვან შორენა ბეგაშვილის შვილს, ევა ბარბაქაძეს იაშვილის კლინიკაში ხერხემალზე ჩაუტარდა ნეიროქირურგიული ოპერაცია, რომელიც 9 საათს გაგრძელდა. ოპერაციას იაშვილის კლინიკის ექიმები, ნეიროქირურგი ლადო წიქარიშვილი და ტრამვატოლოგი ირაკლი ვარძუკაშვილი უძღვებოდნენ.

AMBEBI.GE დაინტერესდა, რომელი ოპერაციები ტარდება ყველაზე ხანგრძლივად საქართველოს სხვადასხვა კლინიკებში. როგორც სპეციალისტები ჩვენთან საუბარში განმარტავენ, ოპერაციის ხანგრძლივობა მიმდინარეობის სირთულეზეა დამოკიდებული და ქირურგების კომბინირებული მუშაობა შესაძლოა, 12 საათსაც კი გაგრძელდეს.

ტრამვატოლოგიური და ნეიროქირურგიული ოპერაციები, ტრანსპლანტაცია, გულის ოპერაციათა ნაწილი - ტექნიკურად რთულად შესასრულებელ იმ ოპერაციათა ჩამონათვალს მიეკუთვნებიან, რომელთა ხანგრძლივობა 8-12 საათამდე შესაძლოა გაგრძელდეს.

"ოპერაციები, რომელთა მიმდინარეობისას მიკროქირურგიის გამოყენებაა საჭირო, დიდ დროს მოითხოვს. ხერხემალზე მუშაობამ ნეიროქირურგიული ჩარევით შესაძლოა, 11 საათზე მეტხანს გასტანოს" - აღნიშნავს AMBEBI.GE-სთან საუბარში რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი მაკა ბულეიშვილი. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ოპერაცია შესაძლოა, ასეთი ხანგრძლივი აღმოჩნდეს, მთელ რიგ შემთხვევებში ის საკმაოდ წარმატებულად სრულდება.

"მაგალითად, რამდენიმე დღის წინ მოვიდა განწირული პაციენტი, ჩაზრდილი კუჭის სიმსივნე ჰქონდა, მუცლის ღრუს საკმაოდ დიდ ნაწილზე მოდებული. ზუსტად 8 საათი გრძელდებოდა ოპერაცია, მაგრამ მან ათი დღის შემდეგ თვითონვე დატოვა კლინიკა. წარმატებული შემთხვევები არა ერთი, არამედ ძალიან ბევრია. რა თქმა უნდა, ოპერაციის ხანგრძლივობაზე არ არის დამოკიდებული მისი შედეგი. ხანგრძლივობა გამომდინარეობს დაავადების მიმდინარეობიდან" - აღნიშნავს მაკა ბულეიშვილი.

როგორც AMBEBI.GE-ს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელ კარდიოლოგიურ ცენტრში განუმარტეს, კარდიოქირურგიული ოპერაციების საშუალო ხანგრძლივობა 4-5 საათია. მაგრამ ეს იმ შემთხვევაში, როცა საქმეა გაურთულებელ და მსუბუქ-საშუალო სიმძიმის შემთხვევებთან.

"ყველაზე ხანგრძლივი ოპერაცია შეიძლება მიმდინარეობდეს მანამ, სანამ პაციენტი ცოცხალია. გვქონია შემთხვევები, როდესაც 12 საათს გაგრძელებულა ოპერაცია და მისი შედეგი ყოფილა წარმატებული. თუმცაღა, ცხადია, რაც დრო მატულობს მით უფრო კლებულობს პაციენტის გადარჩენის შანსი", - აღნიშნავს ჩაფიძის ცენტრის კარდიოქირურგიული განყოფილების ექიმი.

მისი თქმით, ასეთი მძიმე და ხანგრძლივი ძირითადად არის ოპერაციები აღმავალ აორტაზე. დაავადებას აღმავალი აორტის დისექცია, ხოლო ოპერაციას აღმავალი აორტის პროტეზირება-გამოცვლა ჰქვია. ოპერაციის ხანგრძლივობა ხშირად განპირობებულია არსებული სისხლდენებით. ქირურგის განმარტებით, ასეთი ხანგრძლივობის ოპერაციები იშვიათია, რადგან მსგავსი პაციენტების 80% კლინიკამდე ვერ აღწევს.

ქრისტინე გამთენაძე

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია