შინაგან საქმეთა სამინისტრო თერჯოლის პოლიციასთან შეკრებილი მოსახლეობის ბრალდებებს პასუხობს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, თერჯოლის პოლიციის მხრიდან არასათანადო ქცევისა და ადგილობრივი ახალგაზრდების ცემის ფაქტების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
რაც შეეხება მერვე კლასელი ბავშვის დაკავებას და ცემას, უწყების ცნობით, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია და მოკვლევას პროკურატურა აწარმოებს.
შსს მიმართავს მოქალაქეებს, თუკი ექნება ადგილი პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებას ან სხვა რაიმე უკანონობას, რეაგირებისთვის შსს-ს გენერალურ ინსპექციას ან პროკურატურას მიმართონ.
თერჯოლის პოლიციასთან დღეს ადგილობრივმა მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები თერჯოლის პოლიციის უფროსის, ირაკლი დათუაძის და მისი მოადგილის, გიორგი ლანჩავას გადადგომას მოითხოვენ.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, თერჯოლაში პოლიცია სათანადადოდ არ იქცევა და ხშირად ადგილობრივ ახალგაზრდებს ჯალათურად და უსამართლოდ ექცევა. აქციის მონაწილეების თქმით, პოლიციელები დღისით სრულიად უსაფუძვლოდ აკავებენ ახალგაზრდებს და სასტიკად უსწორდებიან.