პრემიერის და მედიის წარმომადგენლების შეხვედრის დროს ჟურნალისტ მაკა რაზმაძის შეკითხვას გიორგი კვირიკაშვილის მცირე ხუმრობა მოჰყვა.
მაკა რაზმაძე:
ზოგი ამბობს, რომ 9 წლის განმავლობაში ვიტანჯებოდით და დღეს თავისუფლად ვსუნთქვათო, ზოგი ამბობს, რაც 9 წლის განმავლობაში აშენდა, დღეს ის სახელმწიფო ინსტიტუტები ამ ხელისუფლებამ დაშალა და დაანგრიაო. თქვენ დიდი დრო არ არის, რაც პრემიერ-მინისტრი ხართ. რა არის ის, რითაც ამ რადიკალურად განსხვავებულ საზოგადოებას თქვენ დაამახსოვრდებით?
გიორგი კვირიკაშვილი:
რაც შეეხება 9 წლის თემას, ჩემი შვილი არის 9 წლის და აღარ ვიცი, რომ მეკითხებიან მის ასაკს, ვფიქრობ ხოლმე 10 ან 8 ხომ არ ვთქვა? ეს "9 წელი" გახდა რაღაც ისეთი სიტყვა. არაერთ ჩემს საჯარო განცხადებებში მითქვამს, რომ ეს იყო წარმატებების და წარუმატებლობების წელი. იყო მიმართულება, სადაც საქართველომ წარმატებებს მიაღწია. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ იყო ამ ქვეყანაში რაღაცეები, რაც ჩვენს მოქალაქეებს მოწონდათ, მათ შორის მეც მომწონდა. მომწონდა საგადასახადო სისტემის, ასევე საბაჟო სისტემის რეფორმა. მე ეს არასოდეს არ დამიმალავს. ჩვენი ძალა სწორედ ამ სიმართლის თქმაში უნდა იყოს.