პრეზიდენტს სარეზერვო ფონდის ფული საკუთარი ჯიბის ნუ ჰგონია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომელიც არჩევნების დანიშვნის საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიდგომას "არასერიოზულს" უწოდებს.
დეპუტატის აზრით, წინასაარჩევნო პერიოდის სამ თვეზე მეტი ვადით წარმართვა, ქვეყნისთვის შემაფერხებელია - სამი თვე კი, მისი შეფასებით, სრულებით საკმარისი დროა.
"საკითხს გონივრულად და რაციონალურად უნდა მივუდგეთ. გონივრული და რაციონალურია ის, რომ წინასაარჩევნო პერიოდი, რა დროსაც მთელი რიგი შეზღუდვები წესდება, ხოლო მეორეს მხრივ, პოლიტიკურ ძალებს გარკვეული ადმინისტრაციული შესაძლებელები უფართოვდება, უნდა იყოს გონივრული. ამ მხრივ აბსოლუტურად გონივრულია სამი თვე. რაციონალური მიდგომა მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ რესურსი ადეკვატურად უნდა გამოვიყენოთ. როცა პრეზიდენტი ამბობს, რომ მზად არის საარჩევნო ფინანსებს შეეხიდოს, ეს ცოტა არასერიოზული განცხადებაა. პრეზიდენტს სარეზერვო ფონდის ფული საკუთარი ჯიბის ნუ ჰგონია! სარეზერვო ფონდი, რომელიც პრეზიდენტს გააჩნია, შექმნილია იმისთვის, რომ თანხები განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში იყოს გამოყენებული, რაც ძირითადად სტიქიურ უბედურებებს უკავშირდება. ის დღეს გამოვიყენოთ და ღმერთმა დაიფაროს, რაღაც მოხდეს, მერე პრეზიდენტმა უნდა გვჲთხრას, რომ ფული არ აქვს, რადგან არჩევნები ხუთი თვით ადრე დანიშნა და საარჩევნოდ დახარჯა?! ასეთ მიდგომაში არასერიოზულ და ცოტა უპასუხისმგებლო მიდგომასაც ვხედავ. სამი თვე არის ნორმალური, ჯანსაღი და სრულიად საკმარისი იმისთვის, რომ პარტიებმა ამომრჩეველს საკუთარი გზავნილი მიუტანონ და კანონით მინიჭებული საშუალებები გამოიყენონ", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ირაკლი სესიაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა არჩევნების თარიღთან დაკავშირებულ განკარგულება პრეზიდენტს მოტივირებული შენიშვნებით უკან გაუგზავნა და როგორც დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, წინასაარჩევნო პერიოდად აღებული უნდა იყოს 3 თვე. პრემიერის აზრით, უმჯობესი იქნება, თუკი პრეზიდენტი არჩევნებთან დაკავშირებულ განკარგულებას 8 ივლისს გამოაქვეყნებს.
თავის მხრივ პრეზიდენტმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არჩევნების თარიღთან დაკავშირებით ახალ განკარგულებას მაისის დასაწყისში გამოსცემს.