ცნობილი რუსი მსახიობი და ამავდროულად მაიორი დიმიტრი გუმენეცკი მომდევნო რვა წელიწადს ციხეში გაატარებს. მსახიობი, რომელიც ცნობილი გახდა ბანდიტურ საგა "ბრიგადაში" შესრულებული შმიდტის როლით (მთავარი გმირის, საშა ბელოვის დაცვის უფროსი) და ასევე პოპულარულ რუსულ კრიმინალურ დრამა "ბუმერში" მონაწილეობით, 8-წლიან სასჯელს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოიხდის.
43 წლის მსახიობს ბრალი ნარკოვაჭრობაში ედება. მას განაჩენი სამხედრო სასამართლომ გამოუტანა. "ბრიგადას" ვარსკვლავის ცხოვრებაში არასასიამოვნო ეტაპი იქიდან დაიწყო, როდესაც სოლნეჩნოგორსკის საწყობში ოპერატიულმა თანამშრომლებმა გაიგეს, რომ ე.წ. სპაისებისთვის კონცენტრატები პარტიებად გაჰქონდათ მეზობელ რეგიონებში. მალევე გამომძიებლები მიხვდნენ, რომ ამ ყველაფრის უკან მათივე კოლეგა იდგა.
მსახიობის და მაიორის მანქანასა და ავტოფარეხში 300 კილო "სპაისი" აღმოაჩინეს. როგორც ექსპერტებმა დათვალეს, ეს რაოდენობა ეყოფოდა 7 ტონა ნარკოტიკული საშუალების დამზადებას. "გამოძიება და სასამართლო ხუთ თვეში დასრულდა, რადგან გუმენეცკის არ უარუყვია ჩადენილი და თანამშრომლობდა გამოძიებასთან", - განაცხადა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელმა. მსახიობმა განაჩენის გასაჩივრებაც არ ისურვა.
მომზადებულია ghhauto.ru-ს მიხედვით