საქართველოში ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხული მამაკაცების 49.4%-ს და ქალების 16%-ს მეუღლისთვის ერთხელ მაინც უღალატია. ასეთი შედეგები აჩვენა
ღალატის სტატისტიკასთან დაკავშირებით ჩატარებულმა ანონიმურმა ინტერნეტ-გამოკითხვამ, რომელშიც მონაწილეობა 300-მა ადამიანმა მიიღო.
კერძო დეტექტივი ქალების სააგენტოს (Female Private Investigators) კვლევა რამდენიმე კვირის განმავლობაში, სხვადასხვა სოციალურ ქსელში მიმდინარეობდა. მასში მონაწილეობა 22-დან 35 წლამდე ასაკის, საშუალო და მაღალი შემოსავლის მქონე 162 ქალმა და 138 მამაკაცმა მიიღო.
კვლევის შედეგებით ირკვევა, რომ დაოჯახებული მამაკაცების 49.4%-ს და ქალების 16%-ს მეუღლისთვის ერთხელ მაინც უღალატია. შეკითხვას თავი აარიდა გამოკითხულთა 31%-მა. გამოკითხული მამაკაცების 78% და ქალების 21% ფლირტს ღალატად არ მიიჩნევს.
ღალატის გამოვლენის საუკეთესო ხერხად გამოკითხული ქალების 69% კერძო დეტექტივს მიიჩნევს, 16% ნათელმხილველს, 15%-ს კი ურჩევნია, სამეგობრო წრის დახმარებით გაარკვიოს სიმართლე.
როგორც სააგენტოს ერთ-ერთი ხელმძღვანელი ნინო გაბადაძე AMBEBI.GE-სთან საუბარში აცხადებს, ორგანიზაცია 2014 წელს დაფუძნდა და ძირითადად
ქალები მიმართავენ კონსულტაციისთვის. გაბადაძის ინფორმაციით, თვეში დაახლოებით ათი ადამიანი მიმართავთ სავარაუდო ღალატთან დაკავშირებით კერძო გამოძიების ჩატარების სურვილით.