31 მარტს ნანა მჭედლიძე ხონში დაკრძალეს. ეს რეჟისორის, მსახიობისა და სცენარისტის ანდერძის თანახმად მოხდა. ათზე მეტი ფილმის ავტორი იყო ერთადერთი სპექტაკლის რეჟისორი, რომელიც მან დრამატურგ რეზო კლდიაშვილის მონოსპექტაკლის - "მარტოობის ბინადარი" - მიხედვით, ერთი მსახიობის თეატრში დადგა.
მომავალი მსახიობი და რეჟისორი ხონში დაიბადა. ეზოში ორ ნაძვს შორის გაბმულ ბაწარზე, ტილოს გადაფენდა და საღამოობით წარმოდგენებს მართავდა მეზობლებისთვის. სოფლის კლუბში ფილმების სანახავად დადიოდა და იმავე ასაკიდან ფიქრობდა, რომ მომავალში თავს ამ სფეროში დაიმკვიდრებდა. ჯერ თბილისის შოთა რუსთაველის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტზე სწავლობდა, რომლის დამთავრების შემდეგ იმავე ინსტიტუტში რეჟისურის ხელოვნებას დაეუფლა. მისი პირველი ნამუშევარი გახლდათ კინო-ნოველა სახელწოდებით - "ჩქარი მატარებელი", რომელიც ოტია იოსელიანის ნაწარმოების მიხედვით გადაიღო. რეზო კლდიაშვილის ფოტოები წარსულის იმ მონაკვეთს აცოცხლებს, როცა სპექტაკლის რეპეტიციები მიმდინარეობდა. ბატონ რეზოს შინ ვეწვიე, რომ ნანა მჭედლიძესთან შეხვედრა და შემოქმედებითი ურთიერთობა გაეხსენებინა.
რეზო კლდიაშვილი:
- ნანა მჭედლიძე - ეს სახელი და გვარი ყოველთვის განსაკუთრებულ ემოციას იწვევდა ჩემში. როცა გარდაიცვალა, სანამ მის ანდერძს წავიკითხავდი, მაშინვე დე გოლი გამახსენდა. ამ ჭკვიანმა კაცმა დატოვა ანდერძი, სადაც თავის სოფელში დაკრძალვას ითხოვდა. მახსოვს სიუჟეტი, კადრებზე ჩანდა, როგორ ჩაასვენეს პარიზიდან სოფელში დე გოლი და თუ როგორ მიაცილებდა მას სოფლის მოსახლეობა უკანასკნელ გზაზე. ახლა ამაზე ლაპარაკი შეიძლება დაუჯერებლად ჟღერდეს, მაგრამ მაშინვე ვიფიქრე, რომ ნანა აუცილებლად დატოვებდა ანდერძს, სადაც მის მშობლიურ კუთხეში დაკრძალვას მოითხოვდა. მართალი აღმოვჩნდი. როცა მისმა შვილმა მაგდამ ანდერძი წასაკითხად გადმომცა, მიუხედავად იმისა, რომ სხვანაირ ნანას არც ველოდი, მაინც გაოცებული დავრჩი. ანდერძი იყო ნანას პიროვნების სრული სურათი, ცოტა იუმორითა და დიდი სისადავით. 1937 წელს მამამისი რეპრესიებს შეეწირა და დახვრიტეს, დედა გადაასახლეს. ქალი წლების შემდეგ კი დაბრუნდა, მაგრამ რამდენიმე თვეში გარდაიცვალა. ნანა გამზრდელის გვერდით დაკრძალვას ითხოვდა. წერდა, ქვა არ დამადოთ, მოიპარავენ (გამზრდელის საფლავის ქვა მოუპარავთ), თუნუქიც მეყოფაო. იქვე იყო რელიგიური შინაარსის ამონარიდი, რომელიც სურდა, რომ მის საფლავზე დაეტანათ.
ნანას გარდაცვალება რომ შევიტყვე, მე და ზაზა აბაშიძე პირველივე დღეს გავცვივდით მის სახლში. დაუბარებია, რომ არ უნდოდა სამძიმარზე მისულებს სასახლის გარშემო წრე დაერტყათ, ამიტომ სასახლე კედელთან იყო მიდგმული. მიცვალებულებთან მიახლოება მიჭირს, მაგრამ ნანას მოვეფერე. თავი დავხარე და უკანა სვლით დავბრუნდი უკან. ამ რიტუალში იყო სილამაზე, თუ შეიძლება ამაზე ასე ითქვას.
ნანამ სიკვდილის შემდეგაც ჩაგვიტარა გაკვეთილი და შეეცადა, დაენახვებინა ჩვენთვის, რომ არ არის საჭირო ზედმეტი მოძრაობები. "ფეისბუკზე" მანანა დუმბაძის გვერდზე წავიკითხე ფრაზა - "ქართული კინოს ყველაზე თავმდაბალი ვარსკვლავი". არ ვიცი, მანანას სიტყვებია თუ სხვისი, მაგრამ ეს ზუსტი განმარტებაა.
ბევრს შრომობდა, შექმნა უნიკალური ფილმები, მარტო "პირველი მერცხალის" ფინალი რად ღირს, ანდა "იმერული ესკიზები", სადაც მისი გმირი ყველას ბებიაა. ნოდარ დუმბაძემ და შემდეგ უკვე თენგიზ აბულაძემ "მე, ბებია,
ილიკო და ილარიონის" გენიალური სესილია თაყაიშვილის ოლღა ბებია გვისახსოვრეს, ხოლო ნანამ ის იმერელი ბებია გვაჩუქა, რომელიც ყველას ძალიან გვიყვარს. განაგრძეთ კითხვა