"პოლიტიკურად შეაფასეს ჩემი გამარჯვება... დარბაზში რუსებსაც კი საქართველოს დროშა ეჭირათ" - "იურმალას" ქართველი გამარჯვებული, რომლის შესახებაც ბევრმა არ იცის

"პოლიტიკურად შეაფასეს ჩემი გამარჯვება... დარბაზში რუსებსაც კი საქართველოს დროშა ეჭირათ" - "იურმალას" ქართველი გამარჯვებული, რომლის შესახებაც ბევრმა არ იცის

ანანო ღიბრაძეს მუსიკალურ წრეებში კარგად იცნობენ, ის საერთაშორისო კონკურსების ხუთი გრან-პრის მფლობელია. 2009 წელს საბავშვო "იურმალას" გამარჯვებულიც გახდა, მაშინ მის წარმატებაზე წერდა რუსული პრესა, თუმცა საქართველოში ამის შესახებ თითქმის ვერავინ გაიგო.

- 8 წლის ასაკიდან ვმღერი, პირველად კონკურსზე "ოქროს დისკი" პირველი ადგილი ავიღე, ასე დაიწყო ჩემი კარიერული წინსვლა. 2006 წელს გავემგზავრე ბელორუსში კონკურსზე"სლავიანსკი ბაზარი", სადაც მეორე ადგილის მფლობელი გავხდი, 2007 წელს საქართველოში ჩატარდა საბავშვო "ევროვიზიის" შესარჩევი კონკურსი, სადაც 12 გამარჯვებულ ბავშვში მეც ვიყავი. 2007 წელს ასევე ავიღე გრან-პრი ბულგარეთის ქალაქ ვარნაში ჩატარებულ კონკურსში "პესნია მაგია". 2007 წელს ასევე ავიღე უკრაინაში გრან-პრი კონკურსში "ბროლის ტოროლა ". 2008 წელს მივიღე მონაწილეობა ასევე უკრაინის კონკურსზე - "მოლოდა გალიჩინა", სადაც კიდევ ერთი გრან-პრი ავიღე.

- ანანო, მოგვიყევი შენი "იურმალაში" მონაწილეობის შესახებ...

- 2009 წელს დავიწყე "იურმალასთვის" მზადება. თავდაპირველად კიევში წავედით, რამდენიმე ქართველი კონკურსანტი, შესარჩევ ტურზე, სადაც იგორ კრუტოიმ და მისმა ჯგუფმა მოგვისმინა და მე ამირჩიეს. შემდეგ გავემგზავრეთ კონკურსზე მოსკოვში, სადაც ორი კვირის მანძილზე ალექსანდრე რევზინი გვიტარებდა მასტერკლასებს. კრუტოისთან, რევზინთან, რუმიანცევთან, კობზონთან, პრესნიაკოვთან და აგუტინთან ერთად ვმუშაობდით. მსგავს რეალობაში არასოდეს ვყოფილვარ. 2009 წელს გავიმარჯვე საბავშვო "იურმალაზე". საქართველომ მაშინ მიიღო პირველად მონაწილეობა. იყო უპრეცენდენტო შემთხვევა, როდესაც ორი საკონკურსო დღის განმავლობაში ჟიურის წევრებისგან მხოლოდ უმაღლესი 11 ქულა დავიმსახურე. გამარჯვებულს ანუ მე, წილად მხვდა 2010 წელს დიდების "იურმალაზე" სტუმრის სტატუსით გამგზავრება, ერთ-ერთი საკონკურსო დღის ბოლოს, როდესაც ყველამ სცენიდან იგორ კრუტოის დაბადების დღე მიულოცა, იგი თავად მოვიდა ჩემთან და მთხოვა, მის დაბადების დღეზე ვყოფილიყავი საპატიო სტუმარი. მახსოვს, მთელი დარბაზი ტაშს უკრავდა, მე კი დაბნეულობისაგან ვერაფერი ვთქვი. წვეულებას ცნობილი სახეები ესწრებოდნენ.

იხილეთ ვიდეო

- რატომ არ გაშუქდა საქართველოში შენი წარმატების შესახებ?

- არ მინდა პოლიტიკური განცხადების გაკეთება. უბრალოდ, ხელოვნებისა და პოლიტიკის ერთმანეთში არევა ძალიან ცუდ ტონად მიმაჩნია. მუსიკას და ხელოვნებას ზოგადად ჩემთვის საზღვრები არ აქვს. მაშინ პოლიტიკურად შეაფასეს ჩემი გამარჯვება... არადა, დარბაზში ჩემი სიმღერის დროს რუსებსაც კი საქართველოს დროშა ეჭირათ. იქ ყველა წარმატებული ჟურნალი ჩემზე წერდა. საქართველოში კი მხოლოდ რამდენიმე ჟურნალმა დაწერა სტატია. დღეს როცა ესმით, რომ მე მოვიგე "იურმალა", ყველა გაოცებული მიყურებს და ხშირად მიწევს ახსნა, რომ ეს იყო 2009 წელს.

გამიმართლა და იმ კონცერტზე მოვხვდი, სადაც ლარა ფაბიანი მღეროდა, ერთად ვიმღერეთ "ჰეი მისტერ პრეზიდენტს". ლარა ფაბიანმა მითხრა, იმედია დიდ სცენაზე შევხვდებითო. იყო შემოთავაზებები იქ დარჩენასთან დაკავშირებით, კრუტოიმ მოსკოვში დარჩენა შემომთავაზა, მაგრამ რთული იყო 15 წლის ასაკში ყველაფრის დატოვება და მოსკოვში გადასვლა. არ ვიყავი მზად ყველაფრის თავიდან დასაწყებად. მინდოდა მესწავლა და სხვანაირად მეთქვა ჩემი სიტყვა. პირველ რიგში, მინდა ჩემი ხალხი მიცნობდეს და ჩემი ქვეყანა ამაყობდეს ჩემით.

- ცნობილია, რომ რამდენიმე თვის წინ პატრიარქს შეხვდი, რომელიც შენი სიმღერით მოიხიბლა და რჩევებიც მოგცა...

- ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი ზეიმი იყო პატრიარქთან შეხვედრა. 20 წუთი მესაუბრა, მივიღე მისი უწმინდესობისგან ბევრი რჩევა-დარიგება, სიტყვებით არ შემიძლია იმ დიდი და უსაზღვრო ემოციის გამოხატვა, რასაც იმ წუთებში ვგრძნობდი. პირველი შეხვედრა საპატრიარქოში ძველით ახალ წელს შედგა, სტუმრები ჰყავდა, მათ შორის მომღერლები, რომლებმაც უწმინდესს უმღერეს. მინდოდა მეც მემღერა პატრიარქისთვის, მაგრამ იმ დღეს არ მოხერხდა. მეორე დღეს მისმა მდივანმა დამიბარა, იქ იმყოფებოდნენ არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი, მეუფე დანიელი, დედაოები და სხვა სტუმრები. პატრიარქი მის საშობაო ეპისტოლეს განიხილავდა. ყველა სიტყვას დეტალურად მიყვებოდა. როცა დაასრულა ეპისტოლეს განხილვა, არქიმანდრიტმა იოანემ, რომელიც ჩემი სულიერი მამაა, უთხრა, ანანო გიმღერებთო და მეც მერაია ქერის Hero ვიმღერე. როცა მომისმინა, ტაში დამიკრა და ბევრი თბილი სიტყვა მითხრა. ასევე მითხრა, დიდი გზა გელოდებაო და ერთი მნიშვნელოვანი რჩევა მივიღე მისგან, რომელსაც საიდუმლოდ დავტოვებ, ვნახოთ რა იქნება...

- ახლა რას აკეთებ?

- ახლა "ბრავო რეკორდსთან" ვთანამშრომლობ, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი ზაზა შენგელიას, ის რომ არ ყოფილიყო, აქტიურად ვერ დავბრუნდებოდი სიმღერაში.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ