ემოციური ინტერვიუ ჟურნალისტთან, რომელმაც მამის ბერად აღკვეცაზე სიუჟეტი მოამზადა: "დედა ბედნიერია, თუ მან საკუთარი თავი იპოვა"

ემოციური ინტერვიუ ჟურნალისტთან, რომელმაც მამის ბერად აღკვეცაზე სიუჟეტი მოამზადა: "დედა ბედნიერია, თუ მან საკუთარი თავი იპოვა"

მსგავს ფაქტს ვერ ვიხსენებ და არც გამიგონია, - შვილს საკუთარი მამის ბერად აღკვეცის შესახებ სიუჟეტი მოემზადებინოს... ივანე ლორთქიფანიძემ ცოტა ხნის წინ საერო ცხოვრება დატოვა და სასულიერო ღვაწლს ჯაყისმანის უძველეს მონასტერში შეუდგა. იგი ამიერიდან ბერი ათანასე გახლავთ. მისმა შვილმა, მარიამ ლორთქიფანიძემ კი მამის ბერად აღკვეცაზე Palitratv.ge-სთვის სიუჟეტი მოამზადა... ბერი ათანასე 400 წლის შემდეგ პირველია, ვინც ჯაყისმანის მონასტერში ბერად აკურთხეს. 4 ასეული წლის შემდეგ ამ ადგილას ეს რიტუალი პირველად ჩატარდა.

თავად სიუჟეტი და ფაქტიც, გადაჭარბების გარეშე, საოცრად ემოციურია. მარიამი ამბობს, რომ მონასტერში ნანახისა და განცდილის სრულად გადმოცემა, მაინც გაუჭირდა. იგი ამ თემაზე AMBEBI.GE-ს ექსკლუზიურად ესაუბრა:

- ოჯახში ყველანი მართლმადიდებლები ვართ, გვწამს ღმერთის, მაგრამ, ახლა რომ ვიხსენებ, მამა არასდროს ყოფილა ძალიან რელიგიური, ჩვენ შორის, ყველაზე მორწმუნე მაინც ბებიაა, დედაც - შეძლებისდაგვარად. ბავშვობიდან უფროსები ღმერთის სიყვარულს მინერგავდნენ... დღეს მწამს, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ამაში ძალიან ჩაფლული ვარ. ვცდილობ, შვილი ზიარებაზე მივიყვანო, უფრო სწორად, ის ნათლიებს დაჰყავთ. ადრე ბებო ტაძარში მეც მატარებდა, მერე კი იქ სიარულს თავი დავანებე, მაგრამ როცა ვგრძნობ, რომ ეკლესიაში უნდა მივიდე, მივდივარ, აღსარებაც ჩაბარებული მაქვს და ნაზიარებიც ვარ.

14 წლის ვიყავი, როცა ჩემი მშობლები დაშორდნენ. მამა სახლიდან წასვლის შემდეგ, ცალკე ცხოვრობდა და რაღაც პერიოდის მანძილზე, მასთან კონტაქტი არ მქონია. მე და ჩემმა უმცრომა დამ, მასთან ურთიერთობა მოგვიანებით აღვადგინეთ, ცოტა ხანში კი შევიტყვეთ ამბავი, რაც არავისთვის უთქვამს - ის მონასტერში წავიდა...

- მანამდე რას საქმიანობდა?

- დიდხანს სტრუქტურაში მუშაობდა, კერძოდ, რუსთავის მეორე ზონაში, პოლიციელი იყო. ამიტომ ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ამ პროფესიიდან ასეთ გზას დაადგებოდა. დიდი გარდატეხა მოხდა...

- რამ იქონია გავლენა?

- ხომ გეუბნებით, არასდროს მინახავს მამაჩემი ეკლესიაში წირვაზე წასულიყოს, ან იქ ჩვენ წავეყვანეთ. ყოველ შემთხვევაში, რასაც მე ვხედავდი, ასე იყო, ჩემ გარეშე რას აკეთებდა, ამაზე ვერაფერს გეტყვით... უბრალოდ, მის მონასტერში წასვლას ერთი ასეთი ამბავი უძღვის: ის საკუთარი სახლის მეორე სართულიდან გადმოვარდა, მიუხედავად იმისა, რომ ორივე ფეხი ჰქონდა მოტეხილი და მთლიანად ტრავმირებული იყო, საბედნიეროდ გადარჩა და მძიმე მდგომარეობაში მყოფი, რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ტრავმატოლოგიურ განყოფილებაში დიდხანს მკურნალობდა. ბევრი წლის შემდეგ სწორედ მაშინ ვნახე პირველად, რეაბილიტაციის შემდეგ კი ჯაყისმანის მონასტერში წავიდა...

იხილეთ სიუჟეტი: ჟურნალისტი, რომელმაც საკუთარი მამის ბერად აღკვეცაზე სიუჟეტი მოამზადა: "დავკარგე მშობელი და შევიძინე სულიერი მამა"

- როგორც შენი სიუჟეტიდან შევიტყვე, ეს მონასტერი თურქეთის საზღვართან არის, სადაც ვალედან უნდა წახვიდე... კიდევ რა შეგიძლია იქაურობაზე გვიამბო?

- დიდი გზაა გასავლელი, ვალედან 14 კილომეტრია. ჩვენი საგუშაგოა ახლოს. მდინარის იქით თურქეთია, მდინარის აქეთ - საქართველო. ახლოს მესაზღვრეებიც არიან და ამ მონასტრის წევრებს ერთგვარად მესაზღვრეების ფუნქციაც აქვთ შეთავსებული, ისევე დგანან საზღვარზე, როგორც საზღვრის მცველები. ჯაყისმანის პირველი ტაძარი VII საუკუნეში აშენდა, მერე ტაძრები იმ ტერიტორიაზე თანდათან მატულობდა, მაგრამ ახლა იქაურობას მხოლოდ ძველი დიდების ნაშთი ეტყობა. ჯაყისმანის მონასტერში სასულიერო ცხოვრება 2012 წლიდან აღდგა. როგორც მეუფე ამბობს, განახლებული ძალებით იქ სასულიერო ცხოვრება იწყება, რისთვისაც დასი ნელ-ნელა იკრიბება.

მონასტერში ახლა ორი მორჩილი და ერთი ბერია - მამაჩემი, ბერი ათანასე. ზოგადად უმძიმესი პირობებია: მიზერული საცხოვრებელი პირობები, მისდევენ მეურნეობას: მოჰყავთ ბოსტნეული, რომელიც წელს დათვმა გაანადგურა, უვლიან ფუტკარს. ერთ-ერთმა მორჩილმა მითხრა, რომ იქ, იმ ტერიტორიაზე ჩვეულებრივი ამბავია მგლის, ტურისა და დათვის სეირნობა. ჰყავთ ორი ძაღლი. მართლა საოცარი ადგილია, რომელიც ადამიანმა ერთხელ მაინც უნდა მოინახულოს. სამრეკლო XII საუკუნისაა, სულ ექვსი მონასტერია, ერთმანეთზე მიყოლებით აგებული. დაინგრეოდა და ახალს აგებდნენ. ზამთარში თოვლი, საშინელი სიცივე და ყინვა იცის.

- როდესაც მამა მონასტერში წავიდა, მასთან ხშირი კონტაქტი გქონდა?

- ტელეფონით იშვიათად ვლაპარაკობდით. ძირითადად ჩაკეტილი იყო... მერე გავთხოვდი და გარკვეული პერიოდის გავლის შემდეგ, ის ჩემს ქორწილში მოვიდა და ზუსტად 5 წუთი გაჩერდა, საჩუქრად ხატი მომიტანა. იმის მერე მე და ჩემს დას მასთან ჩასვლა გვინდოდა, მაგრამ ერთ დღეს დამირეკა და მითხრა: არ ჩამოხვიდე! რომ ვკითხე, - რატომ-მეთქი? მიპასუხა: არ მინდა, რომ ჩამოხვიდე! ძალიან მეწყინა, გავბრაზდი. მეორე დღეს კი შევიტყვე, რომ ახალციხეში მიმავალი სამარშრუტო ტაქსი, რომლითაც უნდა წავსულიყავით, ამოტრიალდა და რამდენიმე ადამიანი დაიღუპა... არ ვიცი, ეს მამის ინსტინქტი იყო თუ სხვა რამ, ფაქტია, ასე მოხდა...

შემდეგ ჩემი დაც გათხოვდა, მამა ზუსტად ისევე მოიქცა როგორც ჩემს ქორწილში, - ჯვრისწერაზე ჩამოვიდა და ჩემს დასაც ხატი აჩუქა, კვლავ 5 წუთით მოგვინახულა.

მოგვიანებით მამასთან წასვლა სალომემ მოინდომა, მაგრამ ამის შესახებ მამისთვის არ უცნობებია და გაემგზავრა კიდეც. გზაში ავარიაში მოყვნენ, საბედნიეროდ, ყველანი გადარჩნენ, მაგრამ ასეთი ფაქტიც იყო... არადა, მამა სულ გვეუბნებოდა: "თქვენ ჯერ აქ მოსასვლელად მზად არ ხართ"... სულ ბოლოს კი დამირეკა და მითხრა, - 3 აპრილს ჩემი ბერად აღკვეცა უნდა მოხდეს და ჩამოდითო. ეს უკვე თავად ინება. ვკითხე, რამდენად შესაძლებლი იყო, ჯაყისმანის მონასტერში გადამღები ჯგუფით ჩავსულიყავი. ჩამოდით, მეუფისგან ნებართვას ავიღებო... მე და ჩემი და იქ Palitratv.ge-ს გადამღებ ჯგუფთან ერთად გავემგზავრეთ.

- ...და დაესწარით მისი ბერად აღკვეცის რიტუალს?

- კი, ჩვენ გარდა ჩამოსულები იყვნენ ადამიანები აბასთუმნიდან, ქუთაისიდან, რომლებსაც მე არ ვიცნობ, თუმცა მამას მათთან ოდესღაც უსაუბრია და მას მერე ემეგობრებიან და მონასტერში აკითხავენ. მტკივნეული ის იყო, რომ ჩასვლა დამიგვიანდა და იქამდე ვერ ვნახე, სანამ კურთხევა დაიწყებოდა. არადა, დიდი სურვილი მქონდა, მენახა, მაგრამ რაც იქ შემდეგ მოხდა და ვიხილე, ალბათ ჩემი მეხსიერებიდან, თვალებიდან არასდროს ამოიშლება და დამავიწყდება. 7 სასულიერო პირი, მათ შორის მეუფე თეოდორე (ახალციხე, ტაო-კლარჯეთი, ლაზეთის ეპარქიის მიტროპოლიტი. - ავტ.) როგორ კითხულობდა ლოცვას, მამა კი მათ წინაშე თავდახრილი იდგა, ისმოდა გალობა, რომელიც ასევე არასდროს დამავიწყდება, მსგავსი ჰარმონია ჯერ არ მომისმენია. ყოველი ნოტი, რომელიც ტაძარში ჟღერდა, გულს ისე ხვდებოდა, რომ ცრემლებად ვიღვრებოდი, ყველანი ვტიროდით...

მამაჩემს იმ დღიდან მამას კი დავუძახებ, მაგრამ მასთან ისეთი ურთიერთობა აღარ მექნება, როგორიც მანამდე მქონდა, რადგანაც რაღაც უფრო დიდი რამ დაიწყო...

კურთხევის წესის აღსრულების შემდეგ, ხალხი მასთან მიდიოდა, ულოცავდა, მხარზე ეამბორებოდა. მე და ჩემი და გაოგნებულები ვიყავით და ამ ყველაფერს ასე ვუყურებდით. მერე მორჩილმა მიმანიშნა, რომ თქვენც იგივე უნდა გააკეთოთო... მამას ბერად აღკვეცის შემდეგ უკვე სხვა სახე ჰქონდა, - მშვიდი და აუღელვებელი... ხომ გეუბნებით, ის ახლა სხვა ადამიანია, წესის თანახმად, სამი დღე ეკლესიაში დარჩა, გამოსვლის ნება არ ჰქონდა...

- დედა რას ამბობს?

- დედა ბედნიერია, თუ მან საკუთარი თავი იპოვა, როგორც ჩანს, მისი ადგილი იქ ყოფილა და ეს ტვირთიც ამიტომ იტვირთაო.

- შენს სიუჟეტს რომ დავუბრუნდეთ, ამბობ, "რამდენიმე წლის წინ, ვინმეს რომ ეთქვა, მნიშვნელოვან სიუჟეტს 2016 წლის 3 აპრილს გადაიღებო, დავფიქრდებოდი, რა შეიძლებოდა ყოფილიყო ეს, მაგრამ იმას ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ეს საკუთარი მამის ბერად აღკვეცა იქნებოდა"... ეს სიტყვები მაყურებელზე დიდ ზემოქმედებას ახდენს...

- რომ გადავიღე, ჯერ კიდევ კარგად არ მქონდა აღქმული, თუ რა მოხდა, დრო დამჭირდება იმისთვის, რომ ეს ფაქტი აღვიქვა და კარგად გავაანალიზო...

- როგორ ფიქრობ, ის, რაც მოხდა, რამეს თუ გავალებს?

- ვინც მიცნობს, კარგად იცის, ჩემი დამოკიდებულება რიგი საკითხების მიმართ... მამაჩემისთვის მიუღებელი იყო ჩემი ტატუები, პირსინგი... მაგრამ იმ დღეს სწორედ პირსინგით ჩავედი იქ, რადგანაც ეს მე ვარ, ასეთი. ასე რომ არ მოვქცეულიყავი, ის მაშინ დიდი ტყუილი იქნებოდა. ტატუ დამეფარა და პირსინგი მომეხსნა?! არა, ისიც ღმერთის ნებაა, რომ ასეთი ვარ, როგორიც ვარ, რელიგიურობა და ღმერთის სიყვარული არ განისაზღვრება იმით, რამდენი ტატუ თუ პირსინგი გაქვს.

- შენი პირსინგის გამო სასულიერო პირებს საყვედური არ უთქვამთ?

- ადამიანებმა (მათ შორის სასულიერო პირებმაც), ერთმანეთი უნდა მივიღოთ ისეთებად, როგორებიც ვართ, რადგანაც ზუსტად ისეთივე ადამიანი ვარ, ისევე მიყვარს ღმერთი, როგორც მათ. მამამ იმ დღეს კი დააფიქსირა ჩემი პირსინგი, მიყურებდა, ვგრძნობდი, უნდოდა რაღაც ეთქვა, მაგრამ დუმილი არჩია... მეუფესთან რომ მივედი, მანაც შემომხედა, გაეღიმა და არც მან მითხრა რამე.

მამის ბერად აღკვეცის შემდეგ ჩემს მოვალეობა-ვალდებულებაზე ვსაუბრობდით და გავიმეორებ იმას, რაც ვთქვი, რაღაც დიდს მავალებს-მეთქი, მაგრამ ჯერ ვერ ვაკონკრეტებ რას. მგონია, რომ ეს პასუხისმგებლობაა, თუმცა ეს ტვირთი ნამდვილად არ არის, უფრო დიდი შინაგანი სიმსუბუქეა, რადგანაც ვიცი, რომ მამა იქ არის, სადაც უნდა იყო და აკეთებს იმას, რასაც უნდა აკეთებდეს. 400 წლის განმავლობაში იმ მონასტერში ბერად კურთხევა არ აღსრულებულა და მამა პირველია, ვინც იქ ამდენი საუკუნის შემდეგ ბერად აკურთხეს.

- ამბობ, რომ დავკარგე მშობელი და შეიძინე სულიერი მამა. ახლა ბერი ათანასეს სანახავად 250 კილომეტრის გავლის შემდეგ, რიგითი მრევლის წევრის სტატუსით მოგიწევს იქ ჩასვლა. ამიერიდან ის იქნება შენი სულიერი მამა?

- ბოლო პერიოდში ძალიან ცუდად ვიყავი, რის შესახებაც მამას ველაპარაკე კიდეც, ისეთი რაღაცები მითხრა, რომ იმის მერე დავმშვიდდი, დავწყნარდი. დიახ, იმ დღიდან ის ჩემი სულიერი მამაა... მოკლედ, ყველას თავისი ცხოვრება აქვს, მამაჩემს თავისი, მე - ჩემი. არ ვამბობ, რომ ვიღაცის ცხოვრება ცუდია, ან კარგი. მამაზე ვგიჟდები, ძალიან მიყვარს, მაგრამ ის თავისთვის იქნება, თუმცა მისგან რჩევას ყოველთვის მივიღებ და ვიქნები ის, რაც ვარ. აუცილებელი არ არის, ვიღაცას დავემსგავსო. მართალია მამა ბერია, მე მისი შილი ვარ, მაგრამ ვიღაცის დასანახად არ ვაპირებ შარვალი გავიხადო და ყოველდღე კაბით ვიარო, ყველა მარხვა დავიცვა, პირსინგი მოვიხსნა. მაშინ მე ხომ მე აღარ ვიქნები?!

- მამა პატარაობისას რას გასწავლიდა, როგორ გარიგებდა?

- თუ ვიყავი დამნაშავე, მარიგებდა, ბოდიში მომეხადა და ეს სირცხვილი ნამდვილად არ იყო. არასდროს დამეხარა თავი და თუ ვინმეს ვერ მოვერეოდი, მამისთვის მეთქვა. ეს იყო, რასაც სულ მეუბნებოდა... ახლა ჩემი გაბრიელი ისე უნდა გავზარდო, რომ თავს არაფერი მოვახვიო და ბავშვს არჩევანის უფლება თავად დავუტოვო...

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია