ოთარ რამიშვილის მეუღლეს ქალბატონ გულნაზ რამიშვილს ინტერვიუს ჩასაწერად შინ ვესტუმრეთ. თვალცრემლიანმა გამიღო კარები, თან მომიბოდიშა, მიჭირს ოთარის გარეშე ცხოვრების გარგრძელება, ჩემთვის ყოველი დღე ცრემლით იწყება და ცრემლით მთავრდებაო. მთელი საუბრი განმავლობაში მონუსხული ვუსმენდი ქალბატონ გულნაზს, ცოტას შეუძლია ასეთი ძლიერი სიყვარული.
- რაც ოთარი აღარ არის, ქვეყნად არაფერი მახარებს. ყველას სიმღერაში ჩემს ტკივილს ვგრძნობ, განსაკუთრებით ოთარის ნამღერ სიმღერაში. მიჭირს მის გარეშე და ტკივილად ედება გულს მისი ხმა. უმუსიკოდ ვერ ვძლებდი, დღეს კი ვგრძნობ, თანდათან გადის ჩემი გულიდან მუსიკის სიყვარული. ჩემი ოცნება იყო, მომღერალი ვყოფილიყავი, ეს ოცნება ვერ ავიხდინე, სამაგიეროდ ვიყავი კარგი მსმენელი და შემფასებელი, მიზეზი კი გახლდათ ის, რომ მოვხვდი ისეთ ოჯახში, სადაც ყველა მღეროდა - ოთარი, მისი და, მშობლები. ჩემს თვალწინ დაიბადა მისი ყველა სიმღერა, იწერებოდა ჯერ ლექსად, შემდეგ ულამაზეს სიმღერად გადაიქცეოდა. ბევრჯერ მისი ჯიბეებიდან ამომიკრეფია დაკუჭული ქაღალდები, სადაც მისი ლექსი ეწერა. ვასწორებდი, ვაუთოებდი და ვინახავდი, ვცდილობდი, არც ერთი მისი ფრაზა არ დაკარგულიყო.
ოთარი ვაკეში კავსაძის ქუჩაზე დაიბადა, იქ გაიზარდა და გაატარა მთელი მისი სიყმაწვილის წლები. აქ როცა გადმოვედით, გავაკეთეთ მხოლოდ სველი წერტილი, რემონტი არ გაგვიკეთებია. ოთარს მართალია, ფული არ ჰქონდა, მაგრამ ისეთი რამ ჰქონდა ხალხისგან, რასაც უდიდესი სიყვარული ჰქვია. ოთარის დაღუპვის შემდეგ ერთი ნივთიც კი არ გადამიადგილებია, ვცდილობ, ყველაფერმა ისეთი სახე შეინარჩუნოს, როგორიც მაშინ ჰქონდა. მაგიდასთან, სადაც ხშირად იჯდა, პარკეტი გაცვდა, ვსაყვედურობდი ხოლმე. როცა აღარ ვიქნები მაშინ მოაციკლოვკეთ და გააახლეთო, მპასუხობდა. ხელიც არ მიხლია, ეს იატაკი ასე დარჩება, სანამ ცოცხალი ვარ.
- როგორი მეუღლე იყო ბატონი ოთარი?
- ხშირად მეკითხებიან და ყველას აინტერესებს, როგორი მეუღლე იყო ოთარი. ის იყო ადამიანი, რომელიც არც ერთ საუკუნეში არ განმეორდება. პირველ რიგში ის იყო არაჩვეულებრივი მოქალაქე, შვილებისთვის განუმეორებელი მამა, მთელი ცხოვრების მანძილზე მათთვის არაფერი დაიშურა, სამივე შვილი გზაზე დააყენა და ისე წავიდა ამ ქვეყნიდან. მისნაირი მეუღლე მსოფლიოში არ მეგულება. მასთან ერთად ვიცხოვრე რთული, მაგრამ საინტერესო ცხოვრებით. სირთულე იმაში მდგომარეობდა, რომ ყველას მასთან უნდოდა, მე კი სახლში ვექაჩებოდი. როცა სახლიდან გადიოდა, ჩემი გული თან მიჰყვებოდა. ისე მოგვგლიჯა ბედისწერამ ერთმანეთს, როგორც ფოთლებს იტაცებს ქარი ხეებიდან. სახსოვრად დამრჩა მხოლოდ მოგონებები და უძილო ღამეები.
- ბავშვების აღზრდაში გეხმარებოდათ?
- ოთარი ამბობდა, ბავშვებს დედა უვლის, მამას კი მოუთმენლად ელოდებიანო. ის მარტო ოჯახს არ ეკუთვნოდა. როგორც უკვე აღვნიშნე, მხოლოდ ერთი სირთულის წინაშე ვიდექით - ხშირად უწევდა სახლიდან წასვლა, მე კი მინდოდა, ყოველთვის ჩემ გვერდზე ყოფილიყო. სადაც არ უნდა წასულიყო, ღამეს სხვაგან არ გაათენებდა. რამდენჯერმე დარეკავდა სახლში, კითხულობდა, როგორ ვიყავით მე და ბავშვები. მასაც რა ექნა, ერთი კაცი იყო, ამიტომ მე უფრო მიწევდა მოთმენა. მან შვილებს სითბო და სიყვარული დაუტოვა, ისინი ამაყობენ, თავაწეულები დადიან და ღირსეულად ატარებენ ოთარ რამიშვილის შვილის სტატუსს.
- ერთმანეთი როგორ გაიცანით და როგორ შეუღლდით?