31 მაისს ნიუ იორკის ყველაზე პრესტიჟულ გალერი დისტრიქტში-ჩელსიში ქართველი მხატვრების პირველი ჯგუფური გამოფენა გაიმართება. ჩელსიში ათასზე მეტი გალერეაა თავმოყრილი და ეს ადგილი თანამედროვე ხელოვნების ცენტრად ითვლება. გამოფენაში თექვსმეტი მხატვარი მონაწილეობს. მისი ორგანიზატორი კი ამერიკული არტპრომოუშენ კომპანიის Madatart-ის დამფუძნებელი მარიტა დამენიაა. კომპანია ამერიკაში ქართული ხელოვნების პოპულარიზაციით აქტიურად არის დაკავებული და სამომავლოდ დიდი გეგმები აქვს. "ამბები ჯი" მარიტა დამენიას დაუკავშირდა. ჩვენი საუბარი მისი ამერიკული ცხოვრებით დავიწყეთ.
მარიტა დამენია: - სამი წელია ნიუ იორკში ვიმყოფები, საქართველოში არაერთი მასშტაბური პროექტი მაქვს განხორციელებული. რაც შეეხება ნიუ იორკს, აქ ვმუშაობდი ნიუ არტ ფესტივალზე და ამერიკელი არტისტის მარკო სტოატის გაყიდვების მენეჯრად. საფუძვლიანად შევისწავლე აქაური ბაზარი, ძალიან კარგად ვიცნობ ქალაქის ყველა გალერეას, ვფლობ მონაცემთა სრულ ბაზას.
(ვანო აბულაძის ნამუშევარი)
ამ გამოცდილებამ კიდევ ერთხელ თვალნათლივ დამანახა, როგორი ნიჭიერები არიან ქართველი ხელოვანები და პრაქტიკულად არ არიან ცნობილები თანამედროვე ბაზრისთვის, ერთეულებს თუ არ ჩავთვლით. პირველ ეტაპზე ჩემი მიზანი ქართველი მხატვრების პოპულარიზაციაა, ამისთვის საჭიროა წელიწადში რამდენიმე გამოფენის გამართვა... პირველ ეტაპზე აუცილებელია რამდენიმე მსგავსი გამოფენის მოწყობა, ამერიკული ბაზარი ძალიან თავისებური და ფართოა. ისინი დიდ ყურადღებას აქცევენ არამხოლოდ მხატვრის ნიჭიერებას, არამედ მის ბიორგაფიასაც, ამიტომ საჭიროა, რომ ქართველმა მხატვრებმა მეტად იაქტიურონ, მეტი გამოფენები გამართონ, რომ საჭირო ადამიანების, მუზეუმებისა და აუქციონების ყურადღება მიიპყრონ.
(სოსო კუმსიაშვილის ნამუშევარი)
- რა კრიტერიუმებით არჩევთ არტისტებსა და მის ნამუშევრებს?
- შერჩევისას ერთადერთი კრიტერიუმი გვაქვს, არტისტი ნიჭიერი და გახსნილი უნდა იყოს ახალი გამოწვევებისთვის. გამოფენაში, რომელიც 31 მაისს გაიმართება, მონაწილეობენ არაჩვეულებრივი მხატვრები; ვანო აბულაძე, ნოდარ გიუნაშვილი, დეიკო ალუღიშვილი, თორნიკე აბულაძე, ბადრი ფილიშვილი, სოფო ბარნოვი, თეოდორა კოხოძე, ირაკლი ჩიქოვანი, ლევან აბრამიშვილი, ბექა სვირავა, სოსო კუმსიაშვილი, გურამ ხეცურიანი, მიშა არბოლიშვილი, ანა ქურციკიძე და Van zakk (ვანო ზაქაიძე). (მიშა არბოლიშვილის ნამუშევარი)
- სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?
- კომპანია ამ გამოფენაზე არ აპირებს შეჩერებას და ქართველი არტისტების შოუებს ნიუ იორკის გარდა მაიამიში და ლოსანჯელესში გამართავს. ასევე ქართველი მხატვრების ჯგუფით მონაწილოებას მივიღებთ, რამდენიმე წამყვან არტფესტივალშიც. შემდეგი გამოფენები იგეგმება ივლისში და სექტემბერში ნიუ იორკში. ასევე ამ ზამთარს ვფიქრობ წარვდგეთ მაიამიში, ლოსანჯელესში და ევროპის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის ჟენევასა და ციურიხში.
თორნიკე ყაჯრიშვილი
AMBEBI.GE