"ყაზტრანსგაზმა" წინასწარი გაფრთხილების გარეშე გაზის ძველი მრიცხველი შეგვიცვალა, მოგვიანებით კი, გაზის ქვითარზე დამატებითი გადასახადი მოგვივიდა, როგორც გავარკვიეთ, ეს ახალი მრიცხველის თანხაა" - მოქალაქე ვალერი მერკვილაძე AMBEBI.GE-ს რედაქციას საჩივრით დაუკავშირდა, რომელიც გაზის გამანაწილებელი კომპანიის თვითნებურ საქციელს უკავშირდება. მოქალაქის თქმით, თბილისში, ვერაზე მისი მსგავსი პრობლემა ათეულობით მეზობელს შეექმნა.
"ვცხოვრობ ვერაზე, დაახლოებით ერთი თვეა ეს თვითნებობა ხდება. სახლებიდან მრიცხველები გააქვთ გარეთ, სადარბაზოში. ამ გაყვანის დროს ცვლიან ძველებს ახლით, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, ისე მოდიან და ცვლიან, არაფერს გეკითხებიან. დააყენეს ახალი მრიცხველი და ძველი წაიღეს, შევამოწმებთო, მოგვიანებით კი ასეთი პასუხი გაგვცეს: "ჭანჭიკია გადაადგილებული და ძველი აღარ ვარგაო". ამის შემდეგ, მოდის გაზის ქვითარი, რომელზეც ბუნებრივი აირის გადასახადს დამატებული აქვს 155 ლარი. დავრეკე, ვიკითხე ეს რა თანხაა-მეთქი და მითხრეს, რაღაც დადგენილების მიხედვით, მრიცხველისთვის გადასახდელი თანხააო".
ვალერი მერკვილაძის თქმით, კომპანიის თანამშრომლები მრიცხველის შეცვლის მიზეზად ყველა აბონენტს ერთსა და იმავე მიზეზს უსახელებენ: "ჩემს მეზობლებსაც გამოუცვალეს ასე უნებართვოდ და ყველაზე ამბობენ, მრიცხველს ჭანჭიკი ჰქონდა ოდნავ დაცილებულიო. ყველა ასე ერთნაირად როგორ გაფუჭდა? თან ძველი მრიცხველი თავად მიაქვთ, იმაში ხომ ფული გადავიხადე, რაღატომ მიაქვთ უკან? წინასწარ ხომ უნდა უთხრა მომხმარებელს, რომ გიყენებ ახალს, ღირს ესა და ეს თანხა და გინდა თუ არა? ესენი კიდევ მოდიან, უნებართვოდ გიცვლიან გაზის მრიცხველს და ამის მერე გახდევინებენ თანხას", - ამბობს ვალერი მერკვილაძე.
ვითარების გასარკვევად AMBEBI.GE კომპანია "ყაზტრანსგაზს" დაუკავშირდა. როგორც ოპერატორმა გვითხრა, ჩვენს შეკითხვებზე პასუხს კომპეტენტური პირი ტელეფონით ვერ გაგვცემდა. ოპერატორის თქმით, თუ დაინტერესებულ ადამიანს ინფორმაციის მიღება სურს, წერილობით უნდა მიმართოს კომპანიას, სათავო ოფისში დატოვოს წერილი, თუმცა უპასუხებენ თუ არა კითხვებზე, წინასწარ ვერ დაპირდებიან. აღსანიშნავია, რომ კომპანია პირველად არ იქცევა ასე და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხოდ ტოვებს.
თეა ბეჟიტაშვილი
AMBEBI.GE
შეესწარით რაიმე შემთხვევას? ფლობთ საინტერესო ინფორმაციას? გაქვთ საინტერესო ფოტო/ვიდეომასალა? დაგვიკავშირდით ნიუსრუმის ცხელ ხაზზე 5 77 11 11 30