თბილისში უძრავი ქონება გაიაფდა, თუმცა მყიდველი არ ჩანს

თბილისში უძრავი ქონება გაიაფდა, თუმცა მყიდველი არ ჩანს

ბოლო პერიოდში თბილისში უძრავი ქონების ბაზარზე ბინების გაყიდვები მკვეთრად შემცირებულია. არასტაბილური ვალუტის კურსი, უმუშევრობის მაღალი დონე და უცხოეთიდან შემოსული ფულადი გზავნილების კლება აღნიშნულ სექტორზე უარყოფითად აისახა. როგორც უძრავი ქონების განცხადებების საიტის saqme.ge-ს რედაქტორი ლელა არაბული AMBEBI.GE-სთან საუბარში აცხადებს, უძრავი ქონების ბაზარზე არასახარბიელო პერიოდია.

არაბულის თქმით, ბინის გაყიდვა საკმაოდ გართულებულია და ადამიანები ამ ეტაპზე უძრავი ქონების შეძენისგან თავს იკავებენ: "ეს გაურკვევლობა, ვფიქრობ ვალუტის კურსის მნიშვნელოვანმა ცვლილებებმა გამოიწვია. ხალხი მოლოდინის რეჟიმშია. სავარაუდოდ, ფასების კლებას ვარაუდობენ. მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ უძრავი ქონების ღირებულება ბოლო პერიოდში ისედაც მკვეთრად შემცირებულია. ეს განსაკუთრებით გარეუბნებშია თვალშისაცემი."

ლელა არაბულის თქმით, თუ ერთი წლის წინ ვარკეთილში ერთოთახიანი ბინის ფასი 30 ათასი დოლარი იყო, დღეს იგივე ფართის შეძენა 20-25 ათასი დოლარის ფარგლებშია შესაძლებელი. იგივე სიტუაცია ფიქსირება გლდანის მასივშიც. რაც შეეხება პრესტიჟულ უბნებს, ლელა არაბულის განმარტებით, ფასების კლება ამ ტერიტორიაზეც შეიმჩნევა, თუმცა შედარებით მცირედით. მისივე თქმით, ფასების კლება ახლადაშენებულ ბინებზეც თვალშისაცემია. "ფაქტია, რომ ბინები გაიაფდა. წელიწადნახევრის წინ ასეთი ფასები წარმოუდგენელი იყო. ეს მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის, ვისაც შემოსავალი უცხოურ ვალუტაში აქვს. ვგულისხმობ, გზავნილებს. მოგეხსენებათ, რომ დღეს უამრავი ადამიანი ქვეყნიდან სწორედ უძრავი ქონების შესაძენადაა წასული. ვფიქრობ, მათთვის საუკეთესო პერიოდია"-აღნიშნავს saqme.ge-ს რედაქტორი.

რაც შეეხება, ძვირადღირებულ და პრესტიჟულ უბნებს, ამ მხრივ კვლავ ვაკე და საბურთალო ლიდერობს. saqme.ge-ს მონაცემებზე დაყრდნობით, აღნიშნულ ტერიტორიაზე უძრავი ქონების ფასები 100-და 300 ათასი დოლარის ფარგლებში მერყეობს. "სხვადასხვა პერიოდში იყო ტენდენცია, როცა რომელიმე კონკრეტული უბანი გაყიდვების რაოდენობის ზრდით, განსაკუთრებით გამოიკვეთებოდა. მაგალითად, დიდი დიღმის მშენებლობები ერთ დროს ძალიან აქტუალური იყო. ამ ეტაპზე, მსგავს ცვლილებებს ვერ ვატყობ. პრესტიჟულ და შესაბამისად ყველაზე ძვირადღირებულ უბნებად ვაკე-საბურთალოს დავასახელებ" - აღნიშნავს saqme.ge-ს რედაქტორი. არაბულის თქმით, რამდენიმე კვირის წინ, ვალუტის კურსის გამყარებისთანავე, უძრავი ქონების ფასმა მყისიერად აიწია. Saqme.ge-ს რედაქტორის თქმით, ეს ტენდენცია გაყიდვებზე კიდევ უფრო ცუდად აისახა, რის გამოც ბინის გაყიდვის მსურველებმა, ფასები კვლავ შეამცირეს.

უძრავ ქონებაზე ფასების შემცირების ტენდენციაზე საუბრობს სამაკლერო კომპანიის ბროკერი ალექსანდრე ჩუბინიძეც. მისი თქმით, ბინების ღირებულებამ ყველა უბანში თითქმის 10%-ით მოიკლო. "ფასების დაწევას გაყიდვების მატებაზე დადებითი გავლენა, სამწუხაროდ არ მოუხდენია. ბინები ნელი ტემპით იყიდება" - აცხადებს ალექსანდრე ჩუბინიძე. მისი თქმით, პრესტიჟული უბნების ჩამონათვალში კვლავ ვაკე, საბურთალო და ძველი თბილისია. ამათგან ყველაზე მეტი ბინის გაყიდვა საბურთალოზე ფიქსირდება. ამის მიზეზად ბროკერი შუალედურ ფასებს ასახელებს.

ექსპერტების საერთო შეფასებით, ბოლო ერთი წლის მანძილზე უძრავი ქონების ბაზარი ერთ დონეზეა გაჩერებული და შარშანდელთან შედარებით, გაყიდვები მკვეთრად შემცირებულია.

ქრისტინე გამთენაძე

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია