თანამედროვე შეიარაღებასთან ერთად, არმიის ეფექტურობა მის სარდლობაზეა დამოკიდებული. ადამიანებზე, რომლებმაც ზუსტად იციან, რა დროს რომელი ბრძანების გაცემაა საჭირო და ისიც ესმით, თუ რამდენ სირთულესთან იქნება დაკავშირებული ამ ბრძანების შესრულება.
ბრძოლებს, ბატალიებსა და ომებს არმიები იგებენ, მაგრამ ამ არმიების უკან სწორედ ის ერთეული სარდლები დგანან, რომელთა დაგეგმარებითა და სწორედ გათვლილი ნაბიჯებით აღწევენ გამარჯვებას. ambebi.ge წარმოგიდგენთ აშშ-ის უმაღლესი სამხედრო რანგის მოქმედ მაღალჩინოსნებს, რომლებსაც თეთრმა სახლმა უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო უწყებები და სამხედრო მიმართულებები ანდო.
ფილიპ მარკ ბრედლავი - ოთხვარსკვლავიანი გენერალი, აშშ-ის შეიარაღებული ძალების ევროპული სარდლობისა და ევროპაში "ნატოს" ჯარების სარდლობის მეთაური. თანამედროვე ამერიკელი სამხედრო მაღალჩინოსნებიდან ფილიპ ბრედლავი ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი სახეა. უყვარს ჟურნალისტები და ინტერვიუებს დიდი სიამოვნებით იძლევა.
მომავალი სარდლის სამხედრო კარიერა 1977 წელს, მშენებლის განხრით ჯორჯიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ დაიწყო. სამხედრო ავიაციაში წასულმა ბრედლავმა სამხედრო თვითმფრინავის პილოტირება აითვისა. შემდგომ წლებში სხვადასხვა ავიაბაზებზე მსახურობდა, მათ შორის ესპანეთსა და დასავლეთ გერმანიაში.
1990 წელს მან არიზონას შტატში საავიაციო ტექნოლოგიების სფეროში მაგისტრის ხარისხი მიიღო. 1993 წლამდე ვიცე-პოლკოვნიკის რანგში ის გაეროს საჰაერო ოპერაციების სარდალი გახლდათ.
2011 წლის იანვარში, გენერლის წოდებამდე დაწინაურებული ბრედლავი აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების შტაბის ვიცე-მეთაურად დანიშნეს. მისი წარმატებები და კარიერული წინსვლა პენტაგონს არ გამოპარვია. 2012 წელს ბრედლავმა ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სამხედრო ავიაციის სარდლის სავარძელი მოირგო. მის ოპერატიულ დაქვემდებარებაში 105 ქვეყანა და 19 მილიონი კვარდატული კილომეტრის ფართობი გადავიდა.
ბრედლავის აღმავალი კარიერის შემდეგი საფეხური აშშ-ის შეიარაღებული ძალების ევროპული სარდლობის და ევროპაში "ნატოს" ჯარების სარდლობის მეთაურის პოსტი გახლდათ. მას რეკომენდაცია უშუალოდ პრეზიდენტმა ობამამ გაუწია. საკუთარ გამოსვლებში რუსეთის სამხედრო პოლიტიკას ის ხშირად აკრიტიკებს. რამდენიმე კვირის წინ გენერალი ბრედლავი საქართველოშიც იყო ჩამოსული.
მაიკლ როჯერსი - ადმირალი, უსაფრთხოების სფეროში აშშ-ის ყველაზე მძლავრი და მნიშნელოვანი უწყების - ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს მეთაური. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, მან საკუთარი ცხოვრება ზღვას და სამხედრო ფლოტს დაუკავშირა. როჯერს მიღებული აქვს მონაწილეობა სამხერო ოპერაციებში გრენადაში, ბიერუთში, სალვადორში. 2003 წელს ერაყში დაწყებული ომისას, სამხედრო დანაყოფების კიბერ უსაფრთხოებაზე იყო პასუხისმგებელი.
2007 წელს როჯერსი წყნარი ოკეანის სარდლობის დაზვერვის მეთაურის პოსტზე დანიშნეს. ორი წლის შემდეგ როჯერსი კიდევ ერთხელ დააწინაურეს. ამჯერად მას შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის დაზვერვის დირექტორის სავარძელი ანდეს.
ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს დირექტორად მისი დანიშნვა, პრეზიდენტმა ობამამ 2014 წელს მოითხოვა. დაქვემდებარებული თანამშრომლებისა და ფინანსური რესურსების მხრივ, ეს უწყება აშშ-ის ყველაზე მძლავრი სადაზვერო ორგანოა. როჯერსს ასევე 2006 წელს შექმნილი აშშ-ის კიბერნეტიკული სარდლობა ემორჩილება. უწყებას თავდაცვის სამინისტროსა და ქვეყნის მოკავშირეების კომპიუტერებისა და ქსელების კიბერშეტევებისგან დაცვა ევალება.
ჯეიმს ლოიდ ოსტინი - აშშ-ის არმიის გენერალი, აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის მეთაური. მისი სამხედრო კარიერა ვესტ-პოინტის აკადემიიდან დაიწყო. სასწავლებლის დასრულების შემდეგ ოსტინს ლეიტენანტის წოდება მიანიჭეს და დასავლეთ გერმანიის ქვეით დივიზიაში მიავლინეს. სამხედრო სამსახურის პარალელურად მას სწავლისთვის თავი არ დაუნებებია. განთლებისა და ბიზნესის მართვის სფეროებში ოსტინს მაგისტრის ხარისხები აქვს მიღებული. მან ასევე აშშ-ის საკომანდო კოლეჯი და არმიის სამხედრო კოლეჯი დაამთავრა.
1997 წლამდე აშშ-ის ტერიტორიაზე სხვადასხვა ქვეით დანაყოფებში მსახურობდა. 2003 წელს გენერლის წოდებამდე დაწინაურებულ მომავალ სარდალს მე-10 სამთო-მსროლელი დივიზია ჩააბარეს. ეს შენაერთი ავღანეთის ოპერაციაში აქტიურად მონაწილეობდა. 2010 წელს გენერალი ოსტინი ერაყში აშშ-ის სამხედრო კონტიგენტის მეთაური გახდა.
შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის პოსტი მას 2013 წელს ჩააბარეს. ორგანიზაციას შუა აღმოსავლეთის, ჩრდილო აფრიკისა და ცენტრალური აზიის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების შემთხვევაში, სამხედრო ოპერაციების დაგეგმარება და ამერიკული ჯარების მართვა ავალია. აღსანიშნავია, რომ ოსტინი ამ თანამდებობაზე დანიშნული პირველი ფერადკანიანი ამერიკელი გენერალია.
მოამზადა ნუკრი მგელაძემ
AMBEBI.GE