ლუდომანია (აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება) 21-ე საუკუნის ერთ-ერთი საშინელი სენია, რომლის მსხვერპლიც ჩვენს გარშემო ბევრი ადამიანი გამხდარა. რამდენი ოჯახი დაანგრია აზარტულ თამაშზე დამოკიდებულებამ, რამდენ ადამიანს უბიძგა დანაშაულისკენ, რამდენმა ჩვენმა თანამოქალაქემ ვეღარ შეძლო "თამაშის მძევლობასთან" გამკვლავება და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა - ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს, მაგრამ არაოფიციალური სტატისტიკა მართლაც კატასტროფულია - ლამის ყოველი მეორე თვითმკვლელობა, სწორედ აზარტულ თამაშზე დამოკიდებულებას უკავშირდება, დანგრეულ და მოთამაშის მიერ გაღატაკებულ ოჯახებს კი ვინ მოთვლის...
რატომ ხდება ადამიანი ლუდომანიის მსხვერპლი და როგორ შეიძლება ამ სენისაგან განკურნება - ამ საკითხზე სასაუბროდ AMBEBI.GE ფსიქოლოგ დავით ანდღულაძეს დაუკავშირდა:
- ის, რომ ადამიანს მსხვერპლად ყოფნის მზაობა აქვს, ამის მიზეზი შეიძლება იყოს არასაკმარისი მიზანსწრაფულობა, პიროვნების არარეალიზება და სხვა. მაგრამ რაღაც კონკრეტულ მომენტში, თუ მე გადავეყრები სათამაშო აპარატს ან სამორინეს, იქ უკვე გაიკვალება ბილიკი და რაც შემთხვევითობის ამბავი შეიძლება იყოს, ანუ მე ამას გავუსინჯე გემო, გაიკვალა ის ბილიკი და მერე უკვე თანდათან ვეფლობი ლუდომანიის ჭაობში.
- ლუდომანიის მსხვერპლთა უმეტესობას თავდაპირველად აქვს წარმატება ანუ იგებენ, ესეც ხომ არ განაპირობებს ამ ჭაობში ჩაძირვას?
- უმთავრესი მიმჯაჭველი ფაქტორი ისაა, რომ ადამიანს უნდა წარმატების განცდა. როდესაც დაუსრულებელ ბავშვობაზე ვლაპარაკობთ ("ბავშვობის" ცუდი გაგებით) ამ დროს ადამიანს უნდა, რომ იოლად მიაღწიოს წარმატებას. ბავშვობაში როცა ზღაპრებს გვიკითხავენ, გევუბნებიან, რომ არსებობს ჯადოსნური ჯოხი, ნატვრის თვალი, ოქროს თევზი და სხვა. გარდა ამისა, როცა ვარ ბავშვი, რაღაცას ავიჩემებ და ყველა ცდილობს ამისრულოს.
გამოდის, რომ ცხოვრება რაღაცას მჩუქნის და როცა ჩვენ ვერ გამოვდივართ ამ "ბავშვობიდან", ვერ ვისიგრძეგანებთ, რომ ჩვენით უნდა გადავდგათ ნაბიჯი წარმატებისკენაც, ჩემით, წვალებით უნდა მივაღწიო რაღაცას და სხვა, გვენატრება ბავშვობა, პერიოდი, როცა ფაქტობრივად უზრუნველად ვაღწევდით ყველაფერს და ამ დროს მიმართავენ წარმატების მიღწევის იოლ გზას, საბოლოოდ კი მიდიან ძალიან დიდ პრობლემამდე, ეფლობიან ლუდომანიის სენში და რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ხშირად თვითმკვლელობითაც ასრულებენ სიცოცხლეს.
- რამდენად სწორია, როდესაც ლუდომანიით დაავადებულ ადამიანებს ფინანსურად ეხმარებიან ახლობლები?
- როცა ადამიანი ვალებში ვარდება, მშობელი, ძმა, მეგობარი ამბობს, ვის არ შეშლია და ეხმარებიან. როცა ასეთი ადამიანი მხარდაჭერას გრძნობს, წურბელასავით ისრუტავს სისხლს, მაგრამ როცა უკვე აღარაფერია და რეალურად ვეჯახებით პრობლემებს, უკვე ვვარდებით სასოწარკვეთილებაში და ძალიან ძნელია, რომ ასეთ დროს ახლობელმა ჩვენს ტანჯვას უყუროს და ისევ გვეხმარებიან. არადა სანამ ფულს ვაძლევთ, იგივე მანკიერებისაკენ ვუბიძგებთ. უხეშად რომ ვთქვათ, ხშირად მშობლები დათვურ სამსახურს უწევენ შვილებს.
მხოლოდ სპეციალისტს შეუძლია განსაზღვროს, როდის ჭირდება ასეთ ადამიანს დახმარება და მაშინაც საჭიროა დოზირებულად მოხდეს დახმარება. ჩვენ აუცილებლად უნდა მოვახერხოთ ლუდომანიის მსხვერპლის რეალობაში დაბრუნება, თუ ამას მცირე-მცირე დოზებით ვერ მოვახერხებთ, საჭიროა შემოლაწუნებაც, რომელიც არაა აუცილებელი ადამიანისაგან მოხდეს, შეიძლება ცხოვრებამ, გარე ფაქტორებმა მოახდინოს ადამიანზე შემოლაწუნების ეფექტი. ეს ეხება ნებისმიერ მანიას, რომელისგანაც თავის დაღწევას მაშინ ვცდილობთ, როდესაც პრობლემა გვექმნება, თორემ თუ პრობლემას არ გვიქმნის თუნდაც თამაში, ბუნებრივია მისგან თავის დაღწევას არ ვცდილობთ.
ამას პრობლემის შექმნამდე უბედურებად არ აღვიქვამთ, არადა ცალსახად უბედურებაა, უბედურება, რომელიც ჩემს თავს ტრიალებს, მაგრამ იმდენად მიჩვეული ვარ, რომ ვაგრძელებ, ვიდრე ვინმე ან რამე არ შემომილაწუნებს.
- ლუდომანებისგან გაგვიგია - ახლობლის საფლავზე დავიფიცე, რომ აღარ ვითამაშებ, ჩემს საყვარელ ადამიანს შევპირდი, რომ აღარ ვითამაშებ. თუმცა ეს ადამიანები აგრძელებენ თამაშს. რა არის ეს - უნებისყოფობა, ადამიანის სისუსტე?
- ეს ცალსახად სისუსტეა, რაც არაა არც დანაშაული და არც დამამცირებელი. უბრალოდ, ესაა რეალობა, მაგრამ თუკი მე მინდა და მირჩევნია, რომ ვიყო უფრო ძლიერი, არსებობს გაძლიერების გზები, რომელსაც სჭირდება სწორად დაგეგმვა, რათა მოხდეს ამ სისუსტეების დაძლევა. ძალიან რომ მოვინდომებ და ვიბრძვი, ჩემში ძლიერდება ბრძოლა, მაგრამ როცა ფარ-ხმალს დავყრი, აღარც დაფიცება მახსოვს და აღარც ახლობელი ადამიანი, დავბრუნდები ისევ იქ, საიდანაც ამოსვლას ვცდილობდი.
- თუ არსებობს რაიმე რეცეპტი ლუდომანიისაგან თავის დასაღწევად?
- გააჩნია ადამიანს რა პრობელემები აქვს და ამის მიხედვით უნდა მოხდეს ინდივიდთან მუშაობა და მისთვის შეირჩეს დახმარების ფორმები. იქნება ეს პიროვნული მხარდაჭერა, თუ ისეთი საქმიანობით დაკავება, რომ თამაშისათვის დრო აღარ დარჩეს. ჩვენ ვერ მოვთხოვთ ყველა ადამიანს, რომ იყოს სრულყოფილი, მაგრამ მშვიდად რომ იცხოვროს, ამისთვის შესაძლოა დაიგეგმოს სხვადსხვა სახის აქტივობები. არსებობს ფარმაკო თერაპიაც, რომელიც ცალკე არანაირ შედეგს არ გვაძლევს, მაგრამ კომბინაციაში ფსიქოთერაპიასთან აქვს საკმაოდ სერიოზული შედეგები. აქ არის საუბარი ანტიდეპრესანტების გარკვეულ წარმომადგენლებზე, თუმცა მანამდე აუცილებელია ადამიანთან გარკვეული სამუშაოების ჩატარება, რათა მისი პიროვნების გაცნობა მოხდეს.
იხილეთ ვიდეო: წარმოუდგენელი რამ, რაც ონლაინმოთამაშემ 50 ლარის სასესხებლად გააკეთა
- ბევრი ადამიანი ლუდომანიით დაავადებულთა მიმართ ე.წ. გამოკეტვის მეთოდს მიმართავს, როცა ადამიანს ამყოფებენ ისეთ გარემოში, სადაც მას არ უწევს შეხება თამაშთან. რამდენად ეფექტურია ეს მეთოდი?
- თუკი ეს მეთოდი ბოლომდე იქნება მიყვანილი, ვერ ვიტყვი რომ ესაა განწირული და უაზრო მეთოდი. ასეთ დროს უზრუნველყოფილია მიუწვდომლობა და ამ დროს ადამიანი უნდა თუ არა, რაღაც დოზით წყდება იმას, რაზეც არის დამოკიდებული. როცა ადამიანი ხვდება საპატიმროში, მას ეზღუდება წვდომა ნარკოტიკებთან. ის ვარდება ძალიან ცუდ მდგომარეობაში, მაგრამ საბოლოოდ თავისუფლდება ე.წ. "ლომკისგან", მაგრამ რჩება ფსიქოლოგიური დამოკიდებულება, რომელიც შეიძლება იყოს სიტუაციური ანუ გათავისუფლების შემდეგ, ძველ სამეგობროში ან ძველ გარემოში თუ მოხვდება და იქნება ნარკოტიკის საშუალება, შესაძლოა, ადამიანმა ძალიან ძლიერი ლტოლვა იგრძნოს და პრაქტიკულად იძულებული გახდეს ამ უბედურებას დაუბრუნდეს. მარტო გამოკეტვა სწორედ ამიტომ არ არის საკმარისი, პიროვნების ცვლილება უნდა მოხდეს, რაც შესაძლებელია სწორად წარმართული ფსიქოთერაპიის ფონზე.
- რა გავლენას ახდენს მედია, რეკლამა ლუდომანების ფსიქიკაზე?
- მედიის გავლენა არის უდიდესი, თუნდაც ელემენტარულად რომ დავუკვირდეთ, ამხელა ფულს რაც რეკლამას სჭირდება, რატომ გადაყრის ბიზნესმენი, თუ მას მოგება არ მოაქვს. მაშინ, როცა ყველამ ვიცით, რომ ეს თამაშები ცალსახად ზიანის მომტანია, მინიმუმ რაც უნდა გავაკეთოთ, ესაა რეკლამის აკრძალვა, ეს ეხება ყოველგვარ რეკლამას. ეს არაა მომსახურების ის ფორმა, რომელსაც რაიმე სარგებლის მოტანა შეუძლია ადამიანისათვის.
- მედია ჰოლდინგმა "პალიტრამ", მის მფლობელობაში არსებულ ყველა მედიასაშუალებაში უარი თქვა ონლაინ ტოტალიზატორების რეკლამაზე...
- ესაა ცალსახად მისაბაძი და სანიმუშო ფაქტი. ეს არის მოქალაქეობრივი პოზიციის უმაღლესი გამოვლინება, როდესაც ამხელა ჰოლდინგი უარს ამბობს ამ პროცესში მონაწილეობაზე და უარს ამბობს, დარწმუნებული ვარ, საკმაოდ დიდ ფინანსურ მოგებაზე, არის სამაგალითო ამბავი. იმედია სხვა მედიასაშუალებებიც მიბაძავენ "პალიტრას".
ლადო გოგოლაძე, AMBEBI.GE