ვადასტურებ, რომ მოწმეები არიან როგორც ყოფილი, ასევე მოქმედი თანამშრომლები, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პროკურორმა ლაშა კოტრიკაძემ ე.წ. ფარული მოსმენების საქმეზე დაკავებული კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესის დაწყების წინ განუცხადა.
ლაშა კოტრიკაძის თქმით, მას არ შეუძლია მოახდინოს მოწმეთა იდენტიფიცირება, თუმცა საქმეში არსებობს პირდაპირი ჩვენებები და ნივთმტკიცებები, რაც ქმნის საფუძველს აღკვეთის ღონისძიების გამოსაყენებლად.
"მოწმეების იდენტიფიცირება ჩემს მიერ ვერ მოხდება, არის მოწმეების პირდაპირი ჩვენებები და არის ნივთმტკიცებები, რაც ერთობლივად ქმნის დასაბუთებული ვარაუდის საფუძველს, რაც საჭიროა როგორც ბრალის წარსადგენად, ასევე აღკვეთის ღონისძიების გამოსაყენებლად. ვადასტურებ, რომ არიან როგორც მოქმედი, ასევე ყოფილი თანამშრომლები," - განაცხადა ლაშა კოტრიკაძემ.
ე.წ. ფარული ჩანაწერების საქმეზე პროკურატურამ კუდ-ის 6 ყოფილი მაღალჩინოსანი გუშინ დააკავა.
პროკურატურის მიერ დაკავებულნი არიან შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე ვასილ ლელუაშვილი; ამავე დეპარტამენტის ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი რევაზ შიუკაშვილი; ამავე დეპარტამენტის ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს მე-3 სამმართველოს ყოფილი უფროსი რომან ზაალიშვილი; შს სამინისტროს ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს ყოფილი უფროსი ირაკლი ყიფშიძე; შს სამინისტროს ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მე-7 განყოფილების ყოფილი უფროსი ზურაბ პავლიაშვილი;
შს სამინისტროს ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მე-7 განყოფილების უფროსის ყოფილი მოადგილე გიგლა შიოშვილი კი მიემალა გამოძიებას, თუმცა მოგვიანებით ის სამართალდამცველებს საკუთარი ნებით ჩაბარდა. ხოლო კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის მე-6 სამმართველოს ყოფილ უფროსს გივი კაციტაძეს დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება, ვინაიდან მას დატოვებული აქვს საქართველოს საზღვრები და თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას.