"იმის მაგივრად, რომ თათია სამხარაძემ ფემინისტებთან ერთად აფრიალოს ჩანაწერი, მან უნდა მიმართოს პროკურატურას, სადაც დადგინდება, როდის არის გაკეთებული ჩანაწერი, არის თუ არა მასში სექსუალური ხასიათის მუქარა, რასაც ჩემი მხრიდან, რა თქმა უნდა ადგილი არ ჰქონია. ამ ყველაფერს დაადგენს გამოძიება" - ასე პასუხობს შალვა რამიშვილი ყოფილი თანამშრომლის ბრალდებას, რომელიც მას სექსუალური ხასიათის შევიწროებაში ადანაშაულებს.
ჟურნალისტი შალვა რამიშვილი გამორიცხავს, რომ მის საქმესთან დაკავშირებით რაიმენაირ კავშირში გარეული იყოს ხელისუფლება. როგორც შალვა რამიშვილმა პროკურატურაში დაკითხვაზე შესვლამდე განაცხადა, ის მის საქმესთან ყველანაირ კავშირს გამორიცხავს ხელისუფლების მხრიდან, თუმცა აცხადებს, რომ შესაძლოა კავშირი ჰქონდეს გავლენიან პირებს. თუ ვინ შეიძლება იგულისხმებოდეს გავლენიან პირებში, შალვა რამიშვილს დაკითხვაზე შესვლამდე კომენტარი არ გაუკეთებია.
"მე ვაპირებ ჩემი უფლებების და რეპუტაციის დაცვისთვის ბრძოლას. მნიშვნელოვანია, გიორგი ბახტაძის, "იმედის" ხელმძღვანელობის განცხადება კონტრაქტის შეწყვეტაზე. ეს არის ამ საქმის გასაღები. 2 ტომი მტკიცებულებები შეკრებილია ჩემს მიერ. მთავარი არის ის, რომ გიორგი ბახტაძეს მოვთხოვოთ კონტრაქტის გაწყვეტის მიზეზი", - განაცხადა შალვა რამიშვილმა.
ამასთან, ტელეწამყვანი მოუწოდებს იმ პირებს, რომლებიც აცხადებენ, რომ შალვა რამიშვილმა მათზე იძალადა, ან ძალადობის მცდელობა ჰქონდა, პროკურატურას მიმართონ.
"მივმართავთ ყველა ქალბატონს, ან შესაძლოა ეს კაციც იყოს, ვისაც აქვს განცდა, რომ მე მასზე სექსუალურად ვიძალადე, ერთად მოგროვდნენ და მიმართონ პროკურატურას. თუ ვინმე აცხადებს, რომ მოძალადე ვარ, ეს არის ჩემი ღირსების შემლახავი განცხადება და მას მოუწევს ამის დამტკიცება", - განაცხადა შალვა რამიშვილმა.
რამიშვილი პროკურატურასთან მეუღლესა და ადვოკატთან ერთად მივიდა, თუმცა დაკითხვაზე საგამოძიებო ორგანოში ის მხოლოდ ადვოკატთან ერთად შევიდა. როგორც რამიშვილმა აღნიშნა, საქმეზე ძიება ორი დღის წინ მის მიერ შეტანილი განცხადების საფუძველზე არის დაწყებული.